in

როგორ შევარჩიოთ აქცენტ ფერი ინტერიერისთვის?

ოთახის კედლის ფერის განსაზღვრა საკმაოდ რთული საქმეა. ასეთ დროს ბევრი დეტალის გათვალისწინებაა საჭირო – თუნდაც, როგორ მოუხდება ფერი ბუნებრივ განათებას ან შეეწყობა თუ არა ის თქვენთვის სასურველ დეკორს. ამიტომაც, სანამ ინტერიერის მთავარ ფერს აირჩევთ, აუცილებლად წინასწარ უნდა განსაზღვროთ რამდენიმე საკვანძო საკითხი. საამისოდ კი სკუთარ თავს შემდეგი 4 კითხვა უნდა დაუსვათ:

აქცენტ ფერი აუცილებლად ოთახის იმ კედელზე უნდა იყოს, რომელიც სხვა კედლებისგან განსხვავდება?

პოპულარული რწმენის საწინააღმდეგოდ, აქცენტ ფერების ადგილი არ არის აუცილებლად ოთახის განსხვავებულ კედელზე. განსხვავებულ კედლად შეიძლება ჩავთვალოთ კედელი, რომელიც ხელოვნების საყვარელი ნიმუშის, ავეჯის გამოსაყოფად ან ოთახის ზონირებისთვისაა განკუთვნილი.

ამასთანავე, კარგად დაფიქრდით თქვენი ოთახის ზომასა და ფორმაზე – არის თუ არა საერთოდ იმის საშუალება, რომ განსხვავებული კედელი გამოყოთ? თუ ვიწრო და გრძელია ოთახი, ან თუ ის პატარა მასშტაბისაა, შეიძლება ამ დეტალმა უფრო გადატვირთოს სივრცე. ასეთ შემთხვევაში, ჯობია ოთხივე კედელი ერთ ტონალობაში შეღებოთ.

რა გსურთ, რომ გამოკვეთოთ?

თუკი უკვე მიხვედით იმ გადაწყვეტილებამდე, რომ ნამდვილად გჭირდებათ აქცენტ ფერი, გილოცავთ! თუმცა, აქვე ისმის ახალი კითხვაც: როგორ გამოიყენებთ ამ ფერს თქვენი სივრცის ხაზგასასმელად?

თუ გსურთ, ხაზი გაუსვათ ოთახის მაღალ ჭერს, უნდა დაამატოთ გრძელი, ფერადი ფარდები; ასევე, ერთ-ერთი ვარიანტია, ჭერი შეღებოთ მსუბუქი, თვალშისაცემი ტონით; გსურთ, თქვენი ბინის დეკორატიულ ბუხარს გაესვას ხაზი? საამისოდ შეგიძლიათ, ბუხრის გარე სივრცე მკვეთრი ტონალობით გამოკვეთოთ.

როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს ფერი მთელი დღის განმავლობაში?

ახლა, როდესაც თქვენ იცით, თუ სად გსურთ აქცენტის ფერის განთავსება, მნიშვნელოვანია იფიქროთ იმაზე, თუ როგორ გამოიყურება იგი დღის ყველა მონაკვეთში. რეალურად, ეს ყველაფერი დამოკიდებულია განათებაზე, რომელიც ოთახში შემოდის. მაგალითად, ერთი ფერი შეიძლება სრულიად სხვადასხვაგვარად გამოიყურებოდეს სამხრეთისა და ჩრდილოეთის ოთახებში.

დაათვალიერეთ თქვენი ოთახი, თუ გსურთ, რომ რამდენიმე ძირითადი აქცენტ ფერი შეიტანოთ. თქვენ შეგიძლიათ შთაგონება მიიღოთ ტექსტილისგან, ნამუშევრებისგან, ავეჯისგან, ან თუნდაც საგნებისა და აქსესუარისგან, რომლებიც თქვენს თაროზე ან მაგიდაზეა განთავსებული.

შეიძლება თუ არა აქცენტ ფერის გამეორება ოთახში?

არაა სავალდებულო, აქცენტ ფერი იყოს ერთჯერადი საოცრება. თქვენი სრულყოფილი პიგმენტი შეიძლება განმეორდეს მთელ თქვენს ოთახში – და თუ გსურთ, მთელ სახლშიც!

ეს ფერი არ უნდა იყოს მხოლოდ კედელზე. იფიქრეთ მოპირკეთებებზე, ჭერზე ან ავეჯზე, როგორც ალტერნატივაზე. თუ გსურთ, შეურიოთ მასალები, ასევე გამოიყენეთ ეს ფერები წვრილ დეტალებში – თუნდაც ბალიშების, წიგნების, მცენარეებისა და სხვა დეკორის სახით.

ნამდვილად მოგწონთ ეს ფერი?

ტენდენციები შეიძლება მოვიდეს და წავიდეს, მაგრამ თქვენი სახლი ის ადგილია, სადაც დიდი ხნის განმავლობაში უნდა იცხოვროთ. ამიტომ, მნიშვნელოვანია ისეთი აქცენტ ფერის შერჩევა, რომელიც რეალურად მოგწონთ. არ შეარჩიოთ ფერი მხოლოდ იმიტომ, რომ ის დიზაინერების მიერ სასურველ ტონად მიიჩნევა. ყველაზე დიდი შეცდომა, რომელიც შეიძლება დაუშვათ, არის ისეთი ტონის შერჩევა, რომელიც მიმდინარე ტენდენციაა; ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი პირადი პალიტრა, რომელიც ჩვენი ცხოვრებისეული გამოცდილებებთან ერთად მთელი ცხოვრების განმავლობაში იცვლება. ამიტომ, აუცილებლად მიეცით საშუალება იმ ფერებს, რომლებიც თქვენს პიროვნებაში სახლობს, იყვნენ თქვენი ინტერიერის ნაწილიც.

რუბრიკა “ფერების” წარმდგენია კაპაროლი

როგორი იქნებოდა სახლი, რომელშიც სიამოვნებით იცხოვრებდით?

ავსტრალიელი არქიტექტორის სახლი ძველი სასახლის თანამედროვე შენობაში