“ნებისმიერი შენობა არქიტექტურის ნაწილია, თუკი ის სწორადაა აგებული.”
არნე იაკობსენი
არნე იაკობსენი ბევრნაირად შეიძლება დავახასიათოთ – ის არის არქიტექტორიც და ავეჯის დიზაინერიც, თუმცა, ყველაზე უფრო პოპულარული ეს ადამიანი თავისმა მარტივი დიზაინის სკამებმა გახადა.
არნე იაკობსენი დაიბადა და გაიზარდა კოპენჰაგენში. მისი მამა იოჰანი იყო საბითუმო მოვაჭრე, დედა – პაულინი კი ბანკში მუშაობდა. არნეს ბავშვობიდან სურდა, მხატვარი გამოსულიყო, თუმცა, დედამ მას არქიტექტურისკენ უბიძგა. 1924 წელს ის ჩაირიცხა კოპენჰაგენში, დანიის სამხატვრო აკადემიაში არქიტექტურის ფაკულტეტზე. ჯერ კიდევ სტუდენტი, 1925 წელს იაკობსენი მონაწილეობდა პარიზის დიზაინის გამოფენაში, სადაც მან ვერცხლის მედალი მოიპოვა სკამის დიზაინისთვის. აკადემიის დატოვებამდე იაკობსენი ასევე გაემგზავრა გერმანიაში, სადაც გაეცნო ვან დერ როესა და ვალტერ გროპიუსის რაციონალისტურ არქიტექტურას. მათმა ნამუშევრებმა გავლენა მოახდინა მის ადრეულ დიზაინზე, მათ შორის, მის დამამთავრებელ პროექტზე, რომელმაც მას ოქროს მედალი მოუტანა. არქიტექტურის სკოლის დამთავრების შემდეგ, იგი პირველად მუშაობდა ქალაქის არქიტექტორ პულ ჰოლსეს არქიტექტურულ სტუდიაში.
1929 წელს, ფლემინგ ლასენთან თანამშრომლობით, მან გაიმარჯვა დანიის არქიტექტორთა ასოციაციის კონკურსში პროექტით “მომავლის სახლი”, რომელიც შემდგომ აშენდა. ეს იყო მინისა და ბეტონისგან შექმნილი სპირალური ფორმის, ბრტყელ სახურავიანი სახლი, რომელშიც შედიოდა კერძო ავტოფარეხი. იაკობსენი მაშინვე აღიარებულ იქნა, როგორც ულტრათანამედროვე არქიტექტორი.
მისი პირველი შენობები თარიღდება 1930 წლით, მაგრამ მისი პირველი მთავარი ნაშრომი იყო ბელავისტას საცხოვრებელი კომპლექსი (1933) კლამპენბორგში, კოპენჰაგენის მახლობლად, საიდანაც ზღვის ხედი იშლება.
იაკობსენის მნიშვნელოვანი ნამუშევრები 1950-იან წლებში მოიცავს სახლების ჯგუფს Søholm- ში (1950–55), Jesperson Building (1955) კოპენჰაგენში, Rødovre Town Hall (1954–56) და SAS Building (1959) – კოპენჰაგენის პირველი ცათამბჯენი, რომლის არქიტექტურაც და ინტერიერიც არნეს ეკუთვნის.
მიუხედავად იმისა, რომ არქიტექტურა იყო იაკობსენის მთავარი საქმე, ის ასევე მუშაობდა განათებაზე, ტექსტილზე, ავეჯსა და სამრეწველო დიზაინზე იგივე პერფექციონიზმით, როგორც არქიტექტურულ პროექტებზე. ის მუდმივად შთაგონებული იყო ორგანული, ბუნებრივი ფორმებით, მისი სიყვარული ყვავილებისა და ლანდშაფტისადმი მკაფიოდ ჩანს მისსავე ავეჯსა და ქსოვილებში.
მის ყველაზე ცნობილ არქიტექტურულ პროექტებს შორისაა ეროვნული ბანკი კოპენჰაგენში (1971) და წმინდა ეკატერინეს კოლეჯი ოქსფორდში, დიდ ბრიტანეთში (1963). ამბობენ, რომ მისი არქიტექტურული საქმიანობა ამერიკაში ფრენის შიშმა შეაფერხა .
როგორც არქიტექტორი, არნე იაკობსენს ჰქონდა გადაწყვეტილების მიღების ძალიან ძლიერი უნარი, რამაც მას ხელი შეუწყო, დეტალებამდე დაკვირვებით ემუშავა თავის პროექტებში. მისი სკამებიდან ყველაზე ცნობილი დიზაინებია “Egg Chair” და “Swan Chair”.
არნე იაკობსენის სიცოცხლის განმავლობაში მან მიიღო რამდენიმე პრესტიჟული ჯილდო. ის გახდა დანიის სამეფო აკადემიის პროფესორი 11 წლის განმავლობაში და შედეგად, მან გამოზარდა დანიელი არქიტექტორების მთელი თაობა. თითოეულმა მათგანმა საბოლოოდ განავითარა თავისი არქიტექტურული ენა, რომელიც დაფუძნებულია არქიტექტურისადმი იმავე რაციონალისტურ და მინიმალისტურ მიდგომაზე, რაც იაკობსენს ჰქონდა.
მას მიენიჭა ოქსფორდის უნივერსიტეტისა და გლაზგოს სტრატკლიდის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის ხარისხი და იყო მრავალი ევროპული აკადემიის საბჭოს წევრი. მან მიიღო მრავალი დანიური და საერთაშორისო ჯილდო, მათ შორის RIBA ბრინჯაოს მედალი 1963 წელს და ოქროს მედალი საფრანგეთის არქიტექტურის აკადემიიდან 1971 წელს.
საბოლოოდ კი, არნე იაკობსენის ფილოსოფია რამდენიმე სიტყვით ამგვარად შეგვიძლია, შევაჯამოთ: “ეკონომიკას დამატებული ფუნქცია, უდრის სტილს”.