როგორც ცნობილია, თანამედროვე ადამიანი კომპიუტერთან დღეში არანაკლებ 7-8 საათს ატარებს. შესაბამისად, ამ პირობებში ძალიან მნიშვნელოვანია სამუშაო სავარძლის ანატომიური ფორმა. და მაინც, როგორი უნდა იყოს საოფისე სამუშო სავარძელი? ამ კითხვით ჩვენ კომპანია archtrade-ის კომერციულ დირექტორს, ნატა ხოტელაშვილს მივმართეთ და მის რეკომენდაციებს უცვლელად გთავაზობთ:
“არსებობს საოფისე სავარძლის/სკამის რამდენი ტიპი. ეს შეიძლება იყოს როგორც ხელმძღვანელის ან ოფისის პერსონალის სკამი, ასევე სტუმრისთვის ან საკონფერენციო დანიშნულებით გამოსაყენებელი სავარძელი.
სამუშაო სკამის სწორად შესარჩევად, პირველ რიგში, აუცილებელია ზუსტად განვსაზღვროთ, თუ რა ტიპის სამუშაოს ვასრულებთ. ამასთანავე, გათვალისწინებული უნდა იყოს სამუშაოს ხანგრძლივობაც.
ქვემოთ მოცემულ მარტივ ცხრილში ნათლად ჩანს, თუ რა ტიპის სკამზე რამდენი საათი შეიძლება მუშაობა:
რა უნდა გავითვალისწინოთ ერგონომიული სამუშაო ადგილის შექმნისას?
- სამუშაო სავარძელმა უნდა უზრუნველყოს ადამიანის ხერხემლის სწორი დაჭერა სხვადასხვა პოზიციებში – სწორად ჯდომისას, ასევე წინ ან უკან გადახრისას.
- ადამიანის ტანსა და ბარძაყს შორის უნდა იყოს არანაკლებ 90⁰, ხოლო მუხლი უნდა ქმნიდეს სწორ კუთხეს.
- მაგიდის ქვეშ აუცილებელია თავისუფალი სივრცე, რათა ფეხებით არ ვეხებოდეთ მაგიდის ქვედა მხარეს.
- ტერფები უნდა იყოს განლაგებული იატაკზე სწორ მდგომარეობაში.
- მუშაობისას იდაყვები უნდა გვეჭიროს 70-120⁰-იანი კუთხით, ხოლო მაჯები – სწორ მდგომარეობაში
- იდეალური ერგონომიული სამუშაო ადგილი ითვალისწინებს სიმაღლეში რეგულირებად მაგიდას
ერგონომიულ სამუშაო სავარძელს აუცილებლად უნდა ჰქონდეს შემდეგი ფუნქციები:
- სიმაღლეში რეგულირება
- საზურგეს დაჭიმულობის (გადახრის ძალის) კონტროლი
- საზურგეს ფიქსაცია სხვადასხვა მდგომარეობაში
- 4D (4 სივრცეში) რეგულირებადი სახელურები – ზემოთ-ქვემოთ, მარჯვნივ-მარცხნივ, წინ-უკან, კუთხის შეცვლა
- ხელის დამჭერის რეგულირება
- დასაჯდომის სიღრმის რეგულირება
- დასაჯდომის კუთხის რეგულირება
- გორგოლაჭის ტიპი იატაკის საფარიდან გამომდინარე
- წელის დაჭერის ასიმეტრიული რეგულირება
- ადამიანის უკან გვერდულად გადახრისას, საზურგეს გვერდზე გადახრის ფუნქცია
ერგონომიკის პრინციპების უგულებელყოფა სამუშაო სივრცეში საკმაოდ სარისკოა, ვინაიდან შეუსაბამო გარემოში მუშაობა შესაძლოა გახდეს ისეთი დაავადებების გამომწვევი მიზეზი, როგორებიცაა: მაჯის არხის სინდრომი, ტენდინიტი (მყესის ქსოვილის დისტროფია), იდაყვის სახსრის კაფსულის ანთება, ხერხემლის გამრუდება (სქოლიოზი), მხედველობის დაქვეითება, თავის ტკივილები და საბოლოოდ, ქრონიკული დაავადებების გართულებები. ეს ყოველივე კი თავის მხრივ, იწვევს შრომის უნარის დაქვეითებას.
რომ შევაჯამოთ, ერგონომიული სამუშაო გარემო არ წარმოადგენს ფუფუნების საგანს, არამედ ეს არის სრულიად აუცილებელი მოთხოვნა ადამიანის ჯანმრთელობისა და გამართული ფუნქციონირებისთვის.”