“საკუთარ თავთან ბრძოლა, შექმნილ რეალობასთან დაპირისპირება და ამ ყველაფრიდან მშვიდობიანად გამოსვლაა არქიტექტურის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება,” – გვიამბობს არქიტექტორი თორნიკე დადიანი, რომლისთვისაც ეს სფერო ყველაზე მრავალფეროვანი და ამოუწურავია. მისი ბავშვობისეული მისწრაფებები და ხელოვნებისადმი სიყვარული ზრდასრულობაში პროფესიად იქცა. დღეს ის უკვე არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის ავტორია. თორნიკე დადიანი საკუთარ თავსა და არქიტექტურაზე გვესაუბრება:
– პირველ რიგში, გვიამბეთ თქვენს ბავშვობაზე. როგორც წესი, ადრეული განვითარების წლები ხშირად განსაზღვრავს ჩვენი ზრდასრულობის ინტერესებს. აქვს თუ არა რაიმე კავშირი თქვენს ბავშვობას არქიტექტურასთან?
ბავშვობიდან მაინტერესებდა ხელოვნების სხვადასხვა დარგი. ადრეული წლებიდან ხელოვნების თითქმის ყველა სფეროსთან მქონდა კავშირი. ძალიან მაინტერესებდა მუსიკა, ქორეოგრაფია და მხატვრობა.
ყველა ეს გამოცდილება და მისწრაფება ერთგვარად დაილექა გონებაში და საბოლოოდ გაერთიანდა არქიტექტურაში. ჩემთვის ეს არის შესაძლებლობა, ვიყო ზემოაღნიშნულ ყველა სფეროსთან მჭიდრო კავშირში.
სკოლაში სწავლის პერიოდში თითქმის არ მქონდა წიგნი, რომელიც საკუთარი ილუსტრაციებით არ გამეფორმებინოს. ზოგი მათგანი შენახულიც მაქვს. განსაკუთრებით დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჰაგიოგრაფიული ჟანრის საეკლესიო ლიტერატურამ, სახარებისეულმა იგავებმა და ვეფხისტყაოსანმა, რომელზეც გაკეთებული მაქვს უამრავი ილუსტრაცია.
– გვესაუბრეთ განათლებაზე – ვინ ხართ პროფესიით, სად მიიღეთ განათლება და როგორ გახსენდებათ განათლების მიღების პროცესი?
დავამთავრე თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. ვარ არქიტექტურის მაგისტრი და ამჟამად ვმუშაობ სადოქტორო ნაშრომზე „დიზაინ აზროვნება“, რომელიც ძალიან ღრმა და მრავალპროფილიანი თემაა. იმედი მაქვს, შედეგიანი ნაშრომი გამოვა.
გარდა ამისა, სხვადასხვა დროს ვმონაწილეობდი მსოფლიოს მასშტაბით გამართულ არაერთ არქიტექტურულ ფესტივალსა და ფორუმში. მიღებული პროფესიული გამოცდილება და შთაბეჭდილებები ამ სფეროში უფრო მეტის კეთების სტიმულს მაძლევდა.
– გადავიდეთ სამუშაო გამოცდილებაზე – რა იყო თქვენი პირველი სამუშაო გამოცდილება და როგორ განვითარდით შემდგომ? გვიამბეთ თქვენი კარიერის ქრონოლოგია..
საქმიანობის პირველივე დღიდან ვმუშაობდი დამოუკიდებლად. არც ერთ საპროექტო ორგანიზაციაში არ მიმუშავია, რაც, ვფიქრობ, ძალიან დამეხმარა საკუთარი ხედვებისა და დამოკიდებულებების ჩამოყალიბებაში.
თუმცა, პერიოდულად იყო კოლაბორაციები სხვადასხვა არქიტექტორებთან და არტისტებთან, რაც დღემდე გრძელდება. ასეთი სახის თანამშრომლობები ჩემთვის ძალიან საინტერესო და, რაც მთავარია, ახალი გამოცდილების მომცემია.
– როგორი იყო განვითარების/ზრდის პროცესი? ალბათ დასაწყისში არქიტექტორი ბევრნაირ სირთულეს აწყდება – თქვენ როგორ ფიქრობთ, რა იყო ეს სირთულეები და გამოცდილებები, რომლებიც არქიტექტორს ზრდაში ეხმარება?
ვფიქრობ, არქიტექტურა ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი და ამოუწურავი სფეროა, მათ შორის, წინააღმდეგობებითა და მოულოდნელობებით სავსე. იგი ბოლომდე აგებულია ადამიანისა და ტექნოლოგიების შესაძლებლობებზე. საათობრივად ვითარდება და წინ მიდის, როგორც ადამიანის ინტელექტუალური შესაძლებლობები, ისე – სამშენებლო ტექნოლოგიები და მიღწევები.
საკუთარ თავთან ბრძოლა, შექმნილ რეალობასთან დაპირისპირება და ამ ყველაფრიდან მშვიდობიანად გამოსვლაა არქიტექტურის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება. ერთია დამკვეთის მიერ შემოთავაზებული დავალება, რომელსაც უამრავი ამოხსნის გზა და ხერხი აქვს, ხოლო მეორეა ამ მოცემულობის საუკეთესოდ გადაწყვეტის ძიებით მიღებული სიამოვნება. ვფიქრობ, სწორედ ამიტომაა არქიტექტურა საინტერესო და, ამავდროულად, აზარტული პროფესია.
– გვიამბეთ თქვენი პირველი სერიოზული პროექტის შესახებ
პირველი მასშტაბური პროექტი, რომელზეც კოლაბორაციულად ვიმუშავე სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნილ არქიტექტორების ჯგუფთან ერთად, მდებარეობს თბილისის ზღვაზე. საკმაოდ დიდი მიწის ნაკვეთის გენგეგმაზე ვიმუშავეთ ერთობლივად. ამ ტერიტორიაზე დღემდე მიმდინარეობს საინტერესო ობიექტების პროექტირება და მშენებლობა.
ასევე გამოვარჩევდი სკოლა-პანსიონი „აიბი მთიების“ ახალ შენობას, რომელმაც არაერთი წარმატება მოუტანა ჩვენს გუნდს. სულ ბოლოს, ივლისის თვეში, ამ ობიექტმა „საერთაშორისო არქიტექტურული პრემია 2021“-ის კონკურსში, “საუკეთესო განხორციელებული საზოგადოებრივი შენობების” ნომინაციაში გაიმარჯვა. პროექტი გამორჩეულია მისი რთული ადგილმდებარეობის გამო. იგი განთავსებულია ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე „ველურად“ განვითარებულ უბანში, კერძოდ ქუთაისის ქუჩისა და ელიავას ბაზრობის მიმდებარედ, პარაზიტულად განაშენიანებულ კორპუსებს შორის. შენობის მაქსიმალურად მოწესრიგებული, წმინდა გეომეტრიული ფორმები და სილუეტი ერთგვარ კონფლიქტში შედის არსებულ “მტრულ გარემოსთან” და უპირისპირდება მის გარშემო განვითარებულ მოუწესრიგებელ ურბანულ ქსოვილს.
– გვიამბეთ სამუშაო პროცესზე – რას გულისხმობს პროექტზე მუშაობა და კონკრეტულად რა ეტაპებისგან შედგება ის თქვენთვის?
უპირველესად, დამკვეთისგან ვისმენთ პროექტთან დაკავშირებულ სურვილებსა და მოთხოვნებს. ვცდილობთ, გამოვიცნოთ მისი გამჟღავნებული, თუ დაფარული სურვილები და მოლოდინები.
საუკეთესო შემთხვევაში, დამკვეთის გავლენა მინიმალურია ჩვენს სამუშაო პროცესსა და პროექტირების მიმდინარეობაზე, რაც, რა თქმა უნდა, დადებითად აისახება ხოლმე პროექტზე და მიღებულ შედეგზე. ჩემი დაკვირვებით, დამკვეთის ფსიქოტიპი ნელ-ნელა იცვლება არქიტექტურული გუნდის მიმართ ნდობის საკითხში, რაც პროექტირების პროცესში მეტ თავისუფალ სივრცეს გულისხმობს.
– დღეს უკვე უძღვებით არქიტექტურულ კომპანია Dadiani Architects-ს – როდის დააფუძნეთ ის და რა პროექტები განახორციელეთ ამ კომპანიის სახელით?
შეიძლება ითქვას რომ, Dadiani Architects-ს, როგორც არქიტექტურული საპროექტო, დიდი ხანია არსებობს. თუმცა, უკვე ხუთი წელი სრულდება კომპანიის იმ სახით ჩამოყალიბებიდან, რაც მას დღეს აქვს. ამ წლების განმავლობაში საპროექტო ბევრი საინტერესო დასრულებული და მიმდინარე პროექტის ავტორია. გამოვარჩევდი უკანასკნელ პერიოდში შექმნილ ობიექტებს, როგორებიცაა ქართული სასურსათო პროდუქციის კონცეპტუალური მაღაზია „წერტის“ ინტერიერის დიზაინ პროექტი, ასევე, პეტრიაშვილის ისტორიული ღვინის ქარხნის ტერიტორიაზე ახლად გახსნილი კოქტეილ ბარი და მაღაზია „ალკო ჰოლის“ პროექტი, კერძო სკოლა-პანსიონის ახალი შენობა ქუთაისის ქუჩაზე და საზაფხულო ვილები თბილისთან ახლოს, საგურამოსა და წავკისში.
ასევე აღსანიშნავია ერთ-ერთი პირველი პროექტი თბილისის ზღვის ფერდზე, სასტუმროს ტიპის ვილა #4.
– საიდან იღებთ შთაგონებას პროექტის შექმნამდე და როგორ ფიქრობთ, როგორია თქვენი ხელწერა?
ზოგადად, ჩვენს გარშემო არსებული ნებისმიერი საგანი, მოვლენა ან ობიექტი შეიძლება იქცეს შთაგონების წყაროდ. ჩვენ შემთხვევაშიც პროექტის შინაარსიდან და მიზნიდან გამომდინარე, პირველ რიგში, კეთდება კონტექსტის შესაბამისი მცირე კვლევა. ძიების პროცესში იკვეთება ძირითადი პრიორიტეტები და მოსალოდნელი შედეგები, რის შედეგადაც საპროექტო ობიექტი იხვეწება და ნელ-ნელა იღებს სრულყოფილ სახეს. ზემოხსენებულ პროცესში, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია დამკვეთის როლი. რამდენად დიდია მისი შენდამი ნდობის ხარისხი და შენ, პროექტირების პროცესში, რამდენად ამოიცნობ მის დაფარულ, ხშირ შემთხვევაში “ვერ გამოხატულ” სურვილებსა და მოლოდინებს. მეტნაკლებად დამაკმაყოფილებელი შედეგის მიღების შემდეგ იწყება პროექტის დეტალებზე აქცენტირება და დამუშავება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დგება ობიექტის დაბადების ეტაპი, ანუ მისი განხორციელების პროცესი… მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ყოველი ჩვენი პროექტი იყოს გამორჩეული და თვითმყოფადი იმ გარემოში, რომელშიც ჩაფიქრებულია მისი განთავსება.
პროექტზე მუშაობის პროცესში, ვცდილობთ, არ შევუშინდეთ რისკზე წასვლას, რაც ჩვენს სფეროში ალბათ ყველაზე დიდი აზარტია. სირთულეები, რომელიც თითქმის ყველა პროექტს თან სდევს და რომელსაც არსებული, ხშირ შემთხვევაში მოუწესრიგებელი გარემო გამოწვევების სახით გვთავაზობს, ვცდილობთ, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ჩვენსავე სასიკეთოდ.
ყოველ პროექტზე მუშაობის პროცესში, ჩვენს მთავარ მიზანს წარმოადგენს ესთეტიკურად დახვეწილი, ფუნქციურად გამართული და შესრულების მხრივ, შეძლებისდაგვარად გამორჩეული ობიექტის შექმნა, რომელსაც შეუძლია პირველადი ჩანაფიქრის მაქსიმალურად გადმოცემა.
– როგორ ფიქრობთ, როდის ჰქვია არქიტექტორს წარმატებული და რა არის ზოგადად წარმატება არქიტექტურაში?
ჩემი აზრით, არქიტექტორის წარმატება არ შეიძლება განისაზღვროს შესრულებული ობიექტების რაოდენობით. არქიტექტორს შეიძლება ჰქონდეს ძალიან მცირე რაოდენობის განხორციელებული პროექტი, მაგრამ ბევრად აღემატებოდეს იმ ძალიან დიდი საპროექტოების მიერ შესრულებულ ობიექტებს, რომლებსაც საზოგადოებაში “წარმატებული საპროექტოების” სახელით იცნობენ.
ვფიქრობ, თანამედროვე მსოფლიოში და, მათ შორის, საქართველოში, ძალიან ბევრი ახალგაზრდა ინდივიდი გამოჩნდა, რომლებსაც არსებული გამარტივებული ტექნოლოგიური შესაძლებლობებით საშუალება ეძლევათ, მარტივად და რაც მთავარია, დამოუკიდებლად იმუშაონ სხვადასხვა სირთულის პროექტზე და გააცნონ საკუთარი თავი ფართო საზოგადოებას. ამის თქმის საშუალებას მაძლევს ახალგაზრდა თაობებთან მუშაობის თითქმის ათწლიანი გამოცდილება. არქიტექტურული საქმიანობის გარდა, ვარ კერძო სკოლა-პანსიონ „აიბი-მთიების“ ხელოვნების კათედრის ხელმძღვანელი და, ამავდროულად, თანამედროვე ხელოვნების ისტორიისა და არქიტექტურის საგნის პედაგოგი. 14-15 წლის სკოლის მოსწავლეების აზროვნება, შესაძლებლობები და, რაც მთავარია, მათი დაინტერესება არქიტექტურისა და დიზაინის კუთხით იმდენად მაღალია, რომ ხშირად გაოცებული ვრჩები იმ უამრავი იდეისა და ჩანახატის ხილვისას, რომლებსაც ისინი სავარჯიშოების სახით ასრულებენ. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ის ახალი თაობა, რომელიც ახლა მოდის ასპარეზზე, ბევრად პროდუქტიული, თავისუფალი და წარმატებული იქნება, როგორც არქიტექტურის, ისე – დიზაინის მიმართულებით.
– როგორ შეაფასებთ თბილისის არქიტექტურულ იერსახეს დღეს? როგორ ფიქრობთ, რა პრობლემების და სირთულეების წინაშე დგას ის და როგორია გამოსწორების გზა?
სამწუხაროდ, თბილისი, მრავალი ათეული წლის განმავლობაში, გაუაზრებელი და დაუგეგმავი ქმედებებით, საკუთარი ხელით მიგვყავდა ამ მდგომარეობამდე. საბოლოოდ, მივიღეთ „ჩვენი ქალაქი“, რომელიც საცხოვრებლად თითქმის გამოუსადეგარია.
დამკვეთების უმრავლესობის გადაწყვეტილებაც ამაზე მეტყველებს. მათ სურთ ახალი, გაუმჯობესებული საცხოვრებელი ადგილი და პირობები, მაგრამ არა – თბილისში. უმრავლესობა ცდილობს გაერიდოს ამ მტრულ გარემოს და საცხოვრებლად ქალაქიდან მოშორებით გადავიდეს – მეტად ჯანსაღ და მეგობრულ ტერიტორიებზე.
სამწუხაროდ, ჩვენ მიერ წლების განმავლობაში ვერ მოხდა ქალაქის ერთიან, ცოცხალ ორგანიზმად აღქმა. გარემოს სწორედ ამგვარმა ფორმირებამ და განვითარების არასწორმა სტრატეგიამ მიგვიყვანა ამ თითქმის გამოუვალ მდგომარეობამდე. ანალოგიური პრობლემების წინაშე დგას საქართველოს სხვა დიდი ქალაქებიც, მათ შორის ბათუმი. სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ ზემოთაღნიშნული განვითარების არასწორი და მანკიერი პრაქტიკა შეუქცევად პროცესადაა ქცეული. ვფიქრობ, შექმნილი ვითარებიდან ერთ-ერთი გამოსავალი შეიძლება იყოს დღევანდელი ქალაქის გადააზრება. უნდა განისაზღვროს თუ რა გვინდა მივიღოთ ამ ქალაქისგან ახლო მომავალში და როგორი გვინდა იყოს ის შორეულ პერსპექტივაში.
– რას საქმიანობთ ამჟამად და როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
ამჟამად ჩვენი გუნდი მუშაობს რამდენიმე კერძო და საზოგადოებრივი შენობის პროექტზე, როგორც თბილისის მასშტაბით, ისე – თბილისთან ახლოს. დასკვნით ეტაპზეა რამდენიმე საინტერესო სივრცის ინტერიერი, რომლის შეფასების საშუალებაც საზოგადოებას სულ მცირე ხანში ექნება.
ჩვენი სურვილი და მიზანია, მაქსიმალურად შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ ის ხარისხი და სამუშაო სპეციფიკა, რომელიც ახლა გვაქვს. ასევე ვისურვებდი უკეთესობისკენ შეცვლილიყოს ის გარემო პირობები, რომელზეც პირდაპირ დამოკიდებულია ჩვენი საქმიანობის სფერო და, რაც მთავარია, ობიექტების ხარისხი.
გარეკანის ფოტოს ავტორი: ანი წითლანაძე