in

როგორი უნდა იყოს ხარისხიანი დიზაინ პროექტი – “ნამაი სტანდარტი” გირჩევთ

აი, თქვენ ნანატრ, ახალ ბინაში შეაბიჯეთ და უკვე მის საყვარელ, თბილ კერად გადაქცევაზე ფიქრობთ. ამ დროს უამრავი ფიქრი, რჩევა და ვარიანტი ირევა თავში და გამოუცდელი ადამიანისთვის  საუკეთესოს არჩევა ძალიან რთულია. სწორედ ამ მომენტში უნდა ჩართოთ დიზაინერები, რომლებიც ზუსტად ისეთ ვარიანტს შემოგთავაზებენ, რომელიც სწორედ თქვენს გემოვნებასა და საჭიროებებზე იქნება მორგებული.

ქართულ ბაზარზე კომპეტენტური ბიუროს ან დიზაინერის მოძებნა საკმაოდ რთულია. მიუხედავად იმისა, რომ ამ მხრივ საკმაოდ დიდი არჩევანი არსებობს, ხშირად ვაწყდებით პროფესიონალიზმის დაბალ დონეს და სამწუხარო რეალობის მომსწრეები ვხდებით. სწორედ ამიტომ, დღეს წარმოგიდგენთ დეტალურ გზამკვლევს, რომლის მეშვეობით თქვენ ზუსტად გეცოდინებათ, თუ რა უნდა შემოგთავაზონ პროფესიონალმა დიზაინერებმა და შესაბამისად, რა მოლოდინი უნდა გქონდეთ მათი სამუშაოს მიმართ, როგორი უნდა იყოს მათ მიერ მომზადებული დიზაინ პროექტი, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი ახალშენაძენის საოცნებო ბინად გადაქცევის სრული პროცესი.

დარგის პროფესიონალების თანახმად, დიზაინ პროექტის დამზადების დრო პროექტის ფართსა და სირთულეზეა დამოკიდებული, თუმცა საშუალოდ, ამ პროცესს 3 თვე სჭირდება.

ტექნიკური დავალება

ნებისმიერი დიზაინ პროექტი ტექნიკური დავალებით იწყება. ეს არის რამდენიმე გვერდიანი კითხვარი, სადაც დამკვეთის სურვილები, გემოვნება, ჩვევები და პრიორიტეტები ფიქსირდება. აქ შესაძლებელია ისეთი კითხვებიც შეგხვდეთ, რაზეც არც კი დაფიქრებულხართ. ეს კითხვარი არამარტო დიზაინერს, არამედ თქვენც დაგეხმარებათ საკუთარი თავის შესწავლაში და საბოლოოდ სწორი მოლოდინები ჩამოგიყალიბდებათ.

ტექნიკურ დავალებაში ყველაფერს ითვალისწინებენ: ოჯახის შემადგენლობას, ასაკს, ჩვევებს, ცხოვრების წესს, ოჯახის წევრების ჰობის და ა.შ. საბოლოოდ, დიზაინ-პროექტი ინდივიდუალურ მოთხოვნებზე, სწორედ მაცხოვრებლებზე მორგებული გამოდის.

ტექ-დავალების შევსების პარალელურად ობიექტზე დეტალური აზომვითი სამუშაოები ტარდება. ყოველი კუთხე, ყოველი სიმაღლე, ყოველი კონსტრუქცია, თითოეული ნიუანსი იზომება და დგება დეტალური გეგმა. თუ ეს მომსახურება დისტანციურად ხორციელდება, დიზაინერული სტუდიის მიერ სპეციალური სქემა იგზავნება, რის საფუძველზეც დამკვეთი აზომვებს ინდივიდუალურად აკეთებს. ეს სამუშაო უმჯობესია, პროფესიონალებმა შეასრულონ.

დიზაინ-პროექტის შედგენის ერთიანი უნიფიცირებული წესები არ არსებობს, თითოეული სტუდია თუ დიზაინერი ამ საკითხს თავისებურად წყვეტს. თუმცა, არსებობს ძირითადი პოსტულატები, რომლებიც ყველამ უნდა დაიცვას.

დიზაინ-პროექტი 3 თავისგან შედგება: სივრცის გეგმარება, სტილისტური გადაწყვეტილებები და 3D ვიზუალიზაცია, სამუშაო დოკუმენტაციის შედგენა.

1. სივრცის გეგმარება

სივრცის გეგმარება ხდება ტექნიკური-დავალების საფუძველზე. აქ გათვალისწინებულია ავეჯის რეალური ზომები, ერგონომიკის წესები, სამშენებლო ნორმები, ოთახების განლაგება, ზომები, მათი ფუნქციური დატვირთვა. ეს არის პირველადი საბაზისო ნახაზები და მომავალი დიზაინ-პროექტის ერთგვარი ჩონჩხი. ამის შემდეგ ხდება სტილისტური გადაწყვეტილებების მიღება. მაგალითისთვის: თუ თქვენ კლასიკური ინტერიერის მიმდევარი ხართ, მაშინ გეგმარება უფრო დაბალანსებული, გაწონასწორებული, სწორღერძოვანი იქნება. თუ თანამედროვე სტილი მოგწონთ, მაშინ გეგმარება უფრო ასიმეტრიული უნდა იყოს.

გახსოვდეთ, რომ გეგმარება თქვენი ტექნიკური დავალების საფუძველზე იქმნება. შესაბამისად, დიზაინერმა შესაძლებელია მხოლოდ 2-3 ვარიანტი შემოგთავაზოთ, რომელიც უკვე თქვენს მოთხოვნებზეა მორგებული. თუ თქვენ ხუთ, ათ ან მეტ ვარიანტს გთავაზობენ ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ უბრალოდ შაბლონებს გათვალიერებინებენ, რაც მომავალი დიზაინ-პროექტის ხარისხის მიმართ ბევრ კითხვას აჩენს.

საბოლოო განხილვის დროს გარკვეული დეტალების დაზუსტება, კორექტირება და გეგმარების საბოლოო ვერსიის დამტკიცება ხდება. შემდეგი ეტაპი კი 3D ვიზუალიზაციაა.

2. სტილისტური გადაწყვეტილებები და 3D ვიზუალიზაცია

დამტკიცებული გეგმარების ნახაზზე ხორციელდება კონკრეტული ფერების, ფორმების, ტექსტურების, ფაქტურებისა და კონკრეტული ავეჯის (რომელიც კონკრეტულ მაღაზიაში იყიდება) წარმოდგენა. ამ დროს კარგად ჩნდება გამოყენებული მასალების, ნივთების, კუთხეების, შეერთების ადგილების, ყოველი შემაღლების, სანათების მდებარეობის და სხვა დეტალების ერთმანეთთან ურთიერთქმედება. 3D ვიზუალიზაცია მშენებლებსაც და დამკვეთებსაც ყველა კითხვაზე უპასუხებს და აჩვენებს, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს სივრცე რემონტის შემდგომ.

სტილისტიკის არჩევის დროს დიზაინერი დამკვეთის მოთხოვნებს ეყრდნობა. ფართის მეპატრონეს სხვადასხვა ავეჯს, ფერებს, ტექსტურას, ფაქტურას ათვალიერებინებენ და მის თითოეულ პრეფერენციას ინიშნავენ. ამ სურვილების სისტემიზაციის საფუძველზე კი სტილისტური გადაწყვეტილებები იგეგმება. საბოლოო კორექტირების შემდეგ სამუშაო დოკუმენტაცია იქმნება.

3. სამუშაო დოკუმენტაციის შემადგენლობაში შედის:

  • ტიხრების დემონტაჟისა და მონტაჟის გეგმა, რომელიც გეგმარებითი გადაწყვეტილების საფუძველზე დგება და ასახავს თუ სად რა უნდა მოინგრეს და აშენდეს;
  • სანტექნიკის განთავსების გეგმა, რომელიც ფურნიტურის ადგილსა და კომუნიკაციებს განსაზღვრავს;
  • კარის ღიობების გეგმა, რომელიც კარის დაყენების ადგილს, გაღების მხარეს და გაბარიტებს ასახავს;
  • თბილი იატაკის გეგმა, რომელიც მის საზღვრებსა და მასზე მისასვლელ კომუნიკაციებს წარმოაჩენს;
  • იატაკების გეგმა, მისი ტიპების, დაგების ფორმისა და ზომების მითითებით;
  • ჭერების გეგმა, რომელიც ასახავს სად რომელი ჭერია მოწყობილი, მათი დადაბლების ადგილისა და სანათების განთავსების ადგილის მითითებით. ასევე ყველა ტექნიკურ ნიუანსს (მაგალითად, კონდიციონერისა და სავენტილაციო სისტემის განთავსების პირობებს);
  • ჩამრთველების, დენის წყაროებისა და სანათების გეგმა. მათი კავშირი და განათების გეგმა. აქ აღნიშნულია ყველა USB, ტვ და სხვა ჩამრთველები, მათი კავშირები. ამ გეგმებზე ასევე დეტალური საინსტალაციო ზომებია მითითებული.
  • კონსტრუქციებისა და მასალების გეგმა, სადაც მითითებულია ყოველი გამოსაყენებელი მასალის რაოდენობა, ტიპი, შეძენის ადგილი და კონსტრუქციაში მისი გამოყენების წესი. მაგალითად, რომელი მოლდინგი და როგორ გავაკრათ კონკრეტულ კედელზე. რომელ საღებავს და რა რაოდენობით გამოვიყენებთ შესაბამის კედელზე და ა.შ.
  • მოსაპირკეთებელი მასალებისა და ყველა გამოსაყენებელი ნივთის სპეციფიკაცია (მათი შეძენის ადგილის მითითებით).

ყველაფერი ეს ერთ პაკეტად იკვრება და დიზაინ პროექტს შეადგენს.

ამის შემდეგ პროექტის რეალიზაცია ანუ მშენებლობა იწყება. ამ დროს შეგიძლიათ დიზაინერს საავტორო ზედამხედველობის მომსახურება დაუკვეთოთ, რაც მშენებლობის მსვლელობის დიზაინ-პროექტთან შესაბამისობის კონტროლს გულისხმობს. მშენებლობის პროცესს კონკრეტული სამშენებლო ჯგუფი უზრუნველყოფს, რომელიც პროექტის ტექნიკურ შესრულებაზეა პასუხისმგებელი.

ამგვარად, სწორად და სწორ გუნდთან ერთად დაწყებული პროცესი თქვენი საცხოვრებლის მოწყობის პროცესს მნიშვნელოვნად გაამარტივებს და თქვენთვის კიდევ ერთი სასიამოვნო თავგადასავალი იქნება.

რუბრიკის წარმდგენია “ნამაი ვაკეს” პრემიუმ კლასის აპარტამენტები თბილისში. 

“ნინიას ბაღი” – ძველი ტრადიციების მატარებელი ახალი სივრცე ძველ თბილისში

როგორ გავაფორმოთ თანამედროვე სახლი – რამდენიმე მარტივი და პრაქტიკული რეკომენდაცია