სახლი ჯუნგლებში (Casa na Mata) არის მარსიო კოგანის და მისი არქიტექტურული ოფისის Studio MK27-ის გასაოცარი ნამუშევარი ბრაზილიაში, პაულისტას სანაპიროსთან. სახლის მშენებლობა 2015 წელს დასრულდა და დღესდღეობით ერთ-ერთი გამორჩეული კერძო სახლია.
ისეთ ლანდშაფტში, როგორიც ტროპიკულ ტყეს ახასიათებს, მსგავსი გეომეტრიის დანერგვა ოპტიმალურს ხდის ბუნებასა და არქიტექტურას შორის კავშირს. ადგილი ისე შეირჩა, რომ არსებულ ტყეში სიტუაციის ცვლილება ფაქტიურად არ მომხდარა და პროექტი მოერგო კონკრეტულ რელიეფსა და გამწვანებას. სუფთა კონტურები, ბეტონი და ხე არის ის ელემენტები, რომელიც გამოიყენა არქიტექტორმა ამ სახლზე მუშაობისას.
ბრაზილიაში მარსიო კოგანი და მისი არქიტექტურული ოფისი გამოირჩევა უმეტესად მცირე მასშტაბის, საინტერესო პროექტებით. სტუდია 20 ადამიანისგან შედგება, მარსიო კოგანი კი პროექტირების ყველა ეტაპზე მაქსიმალურად ჩართულია, რაც ალბათ კიდევ უფრო დამახასიათებელს ქმნის მის ხელწერას. არქიტექტორი ადრე კინემატოგრაფიითაც იყო დაკავებული, რომლის გავლენაც, როგორც თავად არქიტექტორი აღნიშნავს, მძაფრად იგრძნობა მის პროექტებში.
შენობა სვეტებით არის მიწიდან აწეული და ისეთ შთაბეჭდილებას გვიქმნის თითქოს სახლი მთაშია შეჭრილი. მთის ფერდობებსა და კონსტრუქციას შორის დამაკავშირებელი ელემენტები ისე არის მოწყობილი, რომ ქმნის ბუნებრივ და არქიტექტურულ კომპონენტებს შორის ორგანულ ურთიერთქმედებას.
სახლი სამი დონისგან შედგება, ბოლო სართულზე მოწყობილია საერთო სივრცე – მისაღები, სამზარეულო და ვერანდა აუზით, საიდანაც ოკეანის ხედი იშლება. მეორე სართულზე განთავსებულია 6 საძინებელი. ყველა საძინებელს თავისი მყუდრო გადახურული ვერანდა აქვს ჰამაკით. ხოლო პირველ, მიწისპირა სართულზე არის ღია საერთო სივრცე, რომელიც ბავშვებისთვის მოწყობილ ოთახს უკავშირდება. ამ განლაგებით არქიტექტორმა ტრადიციულისგან განსხვავებული, ახალი ტიპის დაგეგმარება შესთავაზა დამკვეთს.
სახლში ვხვდებით არტისტის, ოლაფურ ელიასონის შთამბეჭდავ ნამუშევრებს.
სათითაოდ ყველა პროდუქტი ისე არის შერჩეული, რომ შეიქმნას მყუდრო, ტროპიკული ატმოსფერო.
ფოტოები: Fernando Guerra