NS STUDIO არქიტექტურისა და დიზაინის სტუდიაა, რომელიც 2013 წელს ნინი ჭანტურიამ და ლუკა ჩაგანავამ დააარსეს. მათი ნამუშევრები დიდი ხანია გაცდა საქართველოს საზღვრებს და დღეს ისინი მსოფლიო ყურადღების ცენტრში არიან მოქცეულნი. სულ ცოტა ხნის წინ NS Studio-ს პროექტებით ესპანური გამომცემლობა “Booq publishing” დაინტერესდა.
“მას შემდეგ, რაც ჩვენი ნამუშევრები (“ვინერია” და “სახლი ართანაში“) განთავსდა Archdaily-ზე, დაგვიკავშირდნენ ესპანური გამომცემლობიდან. მათ გაგვაცნეს მიმდინარე პროექტი, რომლისთვისაც შერჩეული ჰქონდათ “ვინერიისა” და “ართანის პროექტები”, რომელთან ერთადაც ასევე დაიბეჭდა რესტორანი “ადრე”.
ზოგადად, ჩვენთვის ძალიან სასიხარულო იყო ის ფაქტი, რომ აღნიშნულმა პროექტებმა ხალხის დიდი მოწონება დაიმსახურა. თუმცა, ჩვენი პროექტებისადმი ინტერესი მსგავსი დონის გამომცემლობის მხრიდან, მაინც საკმაოდ მოულოდნელი აღმოჩნდა,” – გვიამბობს ნინი ჭანტურია.
“booq publishing“-ის მიერ გამოცემული წიგნი “Wineries Architecture” აერთიანებს ღვინის თემასთან დაკავშირებულ არქიტექტურულ და დიზაინ პროექტებს მსოფლიოს მასშტაბით. მასში წარმოდგენილი NS Studio-ს სამი ნამუშევარი კი ამაყად წარმოაჩენს მეღვინეობის კულტურასა და არქიტექტურას საქართველოდან.
აღნიშნული წიგნი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გაიყიდება, ხოლო საქართველოში “Wineries Architecture”-ის შეძენა შესაძლებელი იქნება მაღაზია “Books from past“-ის თბილისისა და ბათუმის ფილიალებში.