ძველ თბილისში მდებარე ეს ბინა შოთა ანდრიაძეს ეკუთვნის. სახლი 1950-იან წლებში მის ბებია-ბაბუას ეკუთვნოდა, მას შემდეგ შენობამ მრავალჯერ განიცადა რენოვაცია, ხოლო ბოლო ეტაპის სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები თავად შოთას იდეებით განხორციელდა. მან სივრცე სამ ნაწილად დაყო და თითოეულ მათგანში იზოლირებული საცხოვრებელი მოაწყო, რომლებიც შემდგომ airbnb-ს პლატფორმაზე გამოიტანა გასაქირავებლად.
დღეს შოთას რიგით მეორე პროექტის შესახებ გიამბობთ. ეს არის სტუდიოს ტიპის აპარტამენტი ლურჯი კარითა და სახასიათო დიზაინით. როგორც ბინის მეპატრონე გვიამბობს, სივრცის სახელის შერჩევაზე მას დიდხანს არ უფიქრია. ერთ საღამოს შოთა ბინაში იმყოფებოდა და ჯორჯ გერშვინის გენიალურ შესრულებას, “Rhapsody in Blue”-ს კომპოზიციას უსმენდა. სწორედ ამ დროს მას თვალი აპარტამენტის ლურჯი კარისკენ გაექცა. ასე დაიბადა პროექტის სახელწოდებაც – “Blue Door Rhapsody”.
რენოვაციის საწყის ეტაპზე შოთამ ინტერიერისთვის ხმელთაშუა ზღვის სტილი შეარჩია. თუმცა, სამუშაო პროცესში სივრცეს მაროკოული დეტალები შესძინა და როგორც ის მიიჩნევს, საბოლოო ჯამში, აპარტამენტი “ხმელთაშუაზღვისეულ-მაროკოული ფიუჟენის” სტილში გამოვიდა.
ინტერიერში ყურადღებას იქცევს ხელნაკეთი დეკორის ელემენტები. შოთას თავიდანვე სურდა აპარტამენტის გაფორმება მის მიერ შექმნილი დეტალებით. ამ მიზნის განსახორციელებლად მან დეკორატიული ხატვის 2 თვიანი ინტენსიური კურსი გაიარა. შედეგად კი საკუთარი სივრცისთვის რამდენიმე ნივთი მოხატა. ასე აღმოჩნდა მის ბინაში ორიგინალური დიზაინის გიტარა, ნარდი, რამდენიმე თეფში და ჩარჩო.
აღნიშნული ბინის დაქირავებასთან დაკავშირებული დეტალების ხილვა შესაძლებელია Airbnb ბმულის მეშვეობით.
რუბრიკა #სადვიცხოვროს წარმდგენია უძრავი ქონების პლატფორმა Area.ge