in

Lenvix – Stipfold-ის პროექტი King David-ის კომპლექსში

Banner M2
Banner M2

Lenvix – ასე ჰქვია Stipfold-ის ახალ პროექტს, რომელიც King David-ის საცხოვრებელ სახლში სულ მალე განხორციელდება. დახვეწილი, მინიმალისტური, თანამედროვე – ასე შეგვიძლია დავახასიათოთ პროექტი, რომლის ინტერიერიც განსაკუთრებულად ერწყმის საცხოვრებელი კომპლექსის ექსტერიერს.

როგორც ბექა ფხაკაძე გვიამბობს, დამკვეთი Stipfold-ით უკვე განხორციელებული პროექტით – RAXYSE დაინტერესდა, რომელსაც homeis.ge-ის მკითხველიც იცნობს.

“მან გაგვიმხილა, რომ ბინა ჰქონდა შეძენილი თბილისის ერთ-ერთ პრესტიჟულ კომპლექსში და მოხარული იქნებოდა, თუ ანალოგიურ სტილში გავუკეთებდით დიზაინს. ჩვენი კომპანიის პოლიტიკის მიხედვით, მომხარებელს ვთავაზობთ უნიკალურ, მხოლოდ მასზე მორგებულ დიზაინს, რომელსაც მომავალში არ ვიმეორებთ. ამიტომ ახალ დამკვეთს შევთავაზეთ დავალების მიხედვით მსგავსი, მაგრამ ასევე უნიკალური კონცეფციის შექმნა,” – იხსენებს Stipfold-ის დამფუძნებელი, ბექა ფხაკაძე

პროცესი

სტუდია Stipfold-ის მუშაობის ქრონოლოგია ამგვარია: პირველი ეტაპი ყოველთვის წინასაპროექტო კვლევაა, რა დროსაც კომპანია ეცნობა მოცემულობას დეტალურად. სამუშაო გუნდი სტუმრობს ფართს, სწავლობს ბინის თავისებურებებს და ტექნიკურ მახასიათებლებს. ისინი ბევრს საუბრობენ დამკვეთთან პროექტის მიზნებზე და მასთან ერთად აყალიბებენ დავალებას.

დავალების მიხედვით, დამკვეთებს სურდათ სამი ძირითადი სივრცე – საერთო ოთახი სამზარეულოთი და ორი საძინებელი საკუთარი სველი წერტილებით. სამივე სივრცე უნდა ყოფილიყო განათებული. Stipfold-ი თავიდანვე მუშაობს სქემაზე – სივრცეების განაწილების სხვადასხვა ვარიანტს განიხილავენ, რათა გამოავლინონ ვერსიების დადებითი და უარყოფითი მხარეები. ამ შემთხვევაში ბინის უარყოფითი მხარე და მთავარი გამოწვევა მდგომარეობდა იმაში, რომ შემოსასვლელი საკმაოდ მოშორებული იყო ბინის განათებულ მხარეს.

მოცემულობისა და დავალების შესახებ სრული ინფორმაციის მიღების შემდეგ იწყება მუშაობა დიზიანის კონცეფციაზე. ამ შემთხვევაში მთავარი ამოცანაა, რომ კრეატიული მიდგომები და დიზაინის ენა გახდეს დასმული დავალების პასუხი და გადაწყვეტა.

“საკმაოდ ფრთხილები ვიყავით პრეზენტაციის დროს, ყოველ სიტყვას ვარჩევდით, რადგან ძალიან მოგვწონდა შექმნილი კონცეფცია და არ გვინდოდა, რაიმე არასწორ ფრაზას წინასწარი წარმოდგენა გაეფუჭებინა. როცა დამკვეთის მხრიდან დადებითი ემოციები დავინახეთ, ბოლომდე თამამად ვაჩვენეთ ყველა იდეა, ისეთებიც კი, რომელთა პრეზენტაციაში ჩადება ვერ გავბედეთ,” – ბექა ფხაკაძე. 

კონცეფცია

თანამედროვე ოვალურფორმებიანი შენობის ექსტერიერმა დიდი გავლენა იქონია ბინის დიზაინის კონცეფციაზე. სახლი ქალაქს გადაჰყურებს მომრგვალებული შუშის ვიტრაჟებიდან, საიდანაც დღის შუქი ინტენსიურად იჭრება სივრცეში და მის მომრგვალებულ ფორმებზე თამაშობს. შემოსასვლელი ჰოლი შუაში ვიწროვდება და მისაღები ოთახისკენ იშლება, ამგვარად ვხვდებით ბინის შედარებით ბნელი ნაწილიდან ბუნებრივად განათებულ მოზრდილ სივრცეში.

ამ მომრგვალებული ფორმების ინსპირაციად დიდი რაოდენობით დღის შუქი იქცა, რადგან Stipfold-ს სურდა, ბუნებრივ განათებას რბილად, უხეში გადასვლების გარეშე ეთამაშა ინტერიერში. ამ კონცეფციას აგრძელებს მასალების მინიმალური გამოყენება: იატაკი, კედლები და ჭერი ერთ ფერში, ერთი ფაქტურით არის შესრულებული. ასეთი რადიკალური მინიმალიზმი სტუდიისთვის სიმშვიდესთან და ჰარმონიასთან ასოცირდება.

უჟანგავი მეტალის სამზარეულო კედლის ფერის კარადის უკან იმალება და, სურვილის შემთხვევაში, საერთო ოთახის ნაწილი ხდება. თანამედროვე ბინებში, სადაც სამზარეულო გამოყოფილი არ არის, დიზაინერები ცდილობენ, რომ არასტანდარტული გადაწყვეტები მიიღონ, რათა სამზარეულოს ფუნქციური დანიშნულება არ შეუზღუდონ და, ამავე დროს, ის ჩაეწეროს საერთო დიზაინის ესთეტიკაში. ამ შემთხვევაშიც კუნძული ჭერის ფორმას იმეორებს, მასზე მხოლოდ ნიჟარაა გამოტანილი და ის ბარის ფუნქციასაც ასრულებს.

ჭერი და იატაკის ხის ზონები ოთხ ძირითად სილუეტს მიუყვება. ეს ფორმები ხელით შექმნილ ჩანახატებზეა აგებული, რაც ინდივიდუალურ ხასიათს ამკვიდრებს ფუტურისტულ გარემოში. მონოქრომულ ინტერერიერში იატაკის ხის მონაკვეთები და ჭერის თეთრი ფორმები სიმყუდროვის შეგრძნების გასაძლიერებლად არის შექმნილი. იატაკზე გამოყენებულია Listone Giordano-ის პარკეტი, რომელიც სპეციალურად აარჩია გუნდმა, რადგან მას აქვს არასტანდარტული ჭრა – არც ერთი მართი ან პარალალური გვერდი, ისევე, როგორც საპროექტო სივრცეს.

ანალოგიურ ესთეტიკას იმეორებს საერთო ოთახის Amura-ს მოდულური დივანიც. აღსანიშნავია ასევე განათების დიზაინი, რომელიც ექვსკუთხა პატერნის გამეორებით თითოეული სილუეტისთვის ინდივიდუალურად არის შექმნილი.

საძინებლებში დიზაინის იგივე ესთეტიკა მეორდება, აქ აქცენტად გამოყენებულია Rimadesio-ს ცალკე მდგომი გამჭვირვალე გარდერობები, რომლებიც სივრცეს ფუნქციურად ყოფენ. დიდი მნიშნველობა მიენიჭა სააბაზანო სივრცის ფურნიტურას, ისინი თეთრი გლუვი ზედაპირისაა და მათი დიზაინი და ფორმები თითქოს აგრძელებს ბინის მთავარ კონცეფციას. საძინებლებში ასევე მნიშვნელოვანი ელემენტია Fiam-ის შუშის ჰაეროვანი, მომრგვალებული ფორმის სავარძლები.

ბინაში ცალკეა ასევე სტუმრის სველი წერტილი, სადაც გუნდმა გადავწყვიტა მცირე თავგადასავალი შეექმნა. ოთახის ორი მხარე უჟანგავი მეტალის ამრეკლავი ზედაპირითაა მოპირკეთებული, დამალულია ფერადი ლედ განათება, რომელიც სივრცეში სხვადასხვა შთამბეჭდავ ხასიათს ქმნის.

ბინა სრულად “ჭკვიანი სახლის” პრინციპითაა მოწყობილი, რაც გულისხმობს გათბობა-გაგრილების, განათების, ფარდების დისტანციურ მართვას. გათბობა-გაგრილების ცხაურების სისტემაც დიზაინის კონცეფციაზეა ადაპტირებული.

აღსანიშნავია ისიც, რომ ეს პროექტი უკვე მოხვდა საერთაშორისო ყურადღების ცენტრში – Lenvix დიზაინის ცნობილმა პლატფორმამ Designboom-მა გააშუქა.

CREDITS

Project Team: Beka Pkhakadze / George Bendelava / Giorgi zakashvili / Ketevan Gogodze / Niko Malazonia / Levan Gogava

Copywriter: Mika Motskobili

Location: Tbilisi / Georgia

Type: Residential Interior

Area: 150 m2

Year: 2021

Status: Under Construction

როგორ ხდება უძრავი ქონების შეფასება Area-ს დახმარებით?

10 ოქროს რჩევა რემონტისთვის