გიორგი პარკაია 35 წლის PR-ის სპეციალისტია, 13 წელია ცხოვრობს ნიუ იორკში, სადაც თავისი მცირე ბიზნესიც აქვს – ცხოველების მოვლის კომპანია. ბავშვობიდან უნდოდა ეცხოვრა ნიუ-იორკში, როგორც თავისი საყვარელი ფილმის გმირს – კევინ მაკკალისტერს. მომავალში გეგმავს ფიტნეს ტრენერობას და სპორტდარბაზის გახსნას ნიუ იორკში. პანდემიის გამო რამდენიმე თვეა თბილისშია და აქტიურად მოგზაურობს საქართველოს ირგვლივ.
რატომ დაინტერესდით დიზაინით და არქიტექტურით?
ალბათ ეს ყველაფერი დაიწყო 90-იანებში, როცა არაფერი არ კეთდებოდა და არ იშოვებოდა. ზოგადად ვიზუალურ მხარეს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ყოველთვის და ყველაფერში. ბავშვობაში ჩემი რვეულები რომ გენახათ, სავსე იყო ბინის პროექტების ნახაზებითა და ჩანახატებით. მამაჩემი არქიტექტორი იყო და მასაც ჰქონდა გავლენა ჩემზე ასევე, ბებიაჩემს ძალიან უყვარდა მცენარეებისა და ეზოს მოვლა და მთელი ბავშვობა ამას ვუყურებდი. შესაბამისად ეს ყველაფერი დაილექა ჩემში. ალბათ ჩემი ამერიკაში წასვლაც იყო გამოწვეული იმ მოტივაციით, რომ აქ ჩამოვიდოდი, ბევრს ვიმუშავებდი და შემდეგ ლამაზი სახლები მექნებოდა. თბილისში ავიხდინე ეს სურვილი და ახლა უკვე ამერიკაში ვაპირებ ვიყიდო ბინა, რომელსაც ასევე საინტერესო დიზაინით მოვაწყობ.
მოგვიყევით თქვენს სახლზე თბილისში, როგორ შეარჩიეთ ადგილი, სტილი, ნივთები?
ამ ადგილას დამხვდა თეთრი სახლის კარკასი, დანარჩენი მთლიანად ჩემით მოვაწყვე. მინდოდა შემექმნა ისეთი აურა, რომ სტუმრებს ვერც წარმოედგინათ რომ ეს სახლი თბილისში, ლისის ტბასთან მდებარეობს. მცენარეებიდან დაწყებული სათითაოდ ყველა ნივთი სხვადახვა ქვეყნებიდან ჩამომაქ და ვაგროვებ ინტერიერისთვის. მინდოდა რომ შემექნა ნიუ იორკისა და მექსიკის ნაზავი. ძალიან მიყვარს მექსიკა და ალბათ ჩემი მთავარი ინსპირაცია ამ სახლისთვის მექსიკური სტილია. ყველაზე ლამაზი ინტერიერები და არქიტექტურაც მექსიკაში მაქვს ნანახი. მინდოდა, რომ ეს ყველაფერი რაც მომწონს, მოგზაურობა, ფოტოები, დიზაინი რაღაცნაირად გაერთიანებულიყო ამ სახლში.
როგორც ცნობილია ფოტოგრაფიითაც ხართ გატაცებული ?
ფოტოების გადაღების ჰობიც მაქვს და რა ფოტოებიც არის ინტერიერში მათგან ბევრი ფოტო ჩემი გადაღებულია. ფოტოების გადაღებამდეც ალბათ იმან მიმიყვანა, რომ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ვიზუალს, ჩემი დანახული სიტუაციების გადაღება მომწონს და თან შემდგომ, როდესაც ფოტოს ვუყურებ მახსენებს კონკრეტულ გამოცდილებებს და ადგილებს.
ინტერიერში ვხედავთ დევიდ ჰოქნის პოსტერს, გაქვთ ბასკიას ტატუ, როგორც ვხედავთ, მოგწონთ ხელოვნებაც
კი, დევიდ ჰოქნი ჩემი საყვარელი მხატვარია, მიყვარს კიდევ ფრიდა კალო, რაც ასევე მექსიკასთანაა კავშირში. მიყვარს ბასკია, როგორც აღნიშნეთ. ასევე მომწონს ფოტოგრაფები: მენ რეი, ჰელმუტ ნიუტონი, სტივენ კლაინი, მეთ ენდ მარკუსის ზოგი ნამუშევარიც მომწონს და სახლშიც მაქვს.
თუ იცნობთ და გაქვთ შეხება პროფესიონალ არქიტექტორებსა და ინტერიერების დიზაინერებთან?
ცნობილი არქიტექტორებიდან ძალიან მომწონს მექსიკელი არქიტექტორი ლუის ბარაგანი. ენდრიუ თროთერი , ასევე ვინსენტ ვონ დაისენი, რომელიც არის ცნობილი ბელგიელი არქიტექტორი და დიზაინერი და რომელთანაც ვმეგობრობ, ქართველებიდან ძალიან მომწონს ნინო ჟღენტი, ნინო ნოზაძე, ის ინტერიერის არაჩვეულებრივი დიზაინერია, ასევე ქეთუნა ყრუაშვილის მიერ დაპროექტებული სახლები.
რომელია თქვენი საყვარელი ადგილი, სადაც გიმოგზაურიათ?
მექსიკა, რომელიც ბევრჯერ ვახსენე. ასევე მიყვარს ბალი, ინდონეზია. ძალიან მომწონს მადრიდი და ბარსელონა. პარიზი არ მიყვარდა, სანამ არ ჩავედი მესამეჯერ, შემდეგ ისიც ძალიან შემიყვარდა. ასევე რეიკიავიკი ისლანდიაში, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და სურეალისტური ქალაქია, რომელიც მინახავს. ძალიან მიყვარს რიო და პერუც. საქართველოში ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ჩემზე მოახდინა პალიასტომის ტბამ, გომის მთაც ძალიან შთამბეჭდავია და მგონია რომ ინფრასტრუქტურა აუცილებლად უნდა დაიხვეწოს, რომ მეტმა ადამიანმა დაისვენოს იქ. სვანეთი მიყვარს ძალიან, დედაჩემი სვანია და ადრე იქ დიდ დროს ვატარებდი.
თბილისის არქიტექტურის რა ნაწილს მიიჩნევთ საინტერესოდ?
ძალიან მომწონდა ანდროპოვის ყურები და გული მწყდება რომ აღარ არის, მომწონს საბჭოთა შენობები, გამოვყოფდი საქართველოს ბანკის სათაო ოფისს, დიღმის შემოსასვლელში არის კიდევ შენობა, რომელიც ადრე არქეოლოგიის მუზეუმი იყო და ძალიან განსხვავებული და საინტერესო არქიტექტურა აქვს. ძალიან ბევრი ლამაზი და ძველი სახლია ვერაზე, მაგრამ უკვე ძალიან მოუვლელი. ასევე ძველი შენობებიდან მომწონს სამხატვრო აკადემია, ოპერის შენობა. ახალი პროექტებიდან მომწონს რაც ზურა შევარდნაძის გარდენია. გამოვყოფდი აეროპორტის გზაზე მეამას ყავის ქარხნის შენობას და მის მოპირდაპირედ ნაციონალების ოფისს.
რას ნიშნავს თქვენთვის სახლი და რა რჩევას მისცემდი მათ, ვინც ახლა აკეთებს თავის სახლს?
სახლი ჩემთვის ნიშნავს სიმშვიდეს და კომფორტს, ადგილს, რომელიც არასოდეს არ უნდა მოგბეზრდეს და სივრცე, რომელზეც სულ უნდა იმუშაო, ბავშვივით უნდა გაზარდო. ჩემი რჩევა იქნება ის, რომ არ შეეშინდეთ მკვეთრი, მყვირალა ფერების გამოყენების და შეავსონ სახლი ისეთი ნივთებით, რომელიც რაღაც დროს ან ქალაქს ან სხვადასხვა ადამიანს ახსენებთ. ასევე უფრო დიდი ყურადღება მიაქციონ შიდა ინტერიერში მცენარეების გამოყენებას, ვიდრე ავეჯის, განსაკუთრებით ახლანდელ დროში, როცა გამწვანებული ქუჩების და სკვერების დეფიციტია.
რითი განასხვავებდით ნიუ იორკში და თბილისში ცხოვრებას?
ძალიან განსხვავდება, იქ რეჟიმი უფრო აქტიურია. დილით დგებიან ძალიან ადრე, ვდგებოდი, დაახლოებით 6-ის ნახევარზე, როცა 12 საათზე ვიძინებდი. ასევე განსხვავდება ადამიანების დამოკიდებულებები სხვადასხვა საკითხების მიმართ, იქ უფრო უვლიან საერთო, საზოგადოებივ სივრცეებს ვიდრე თბილისში. ასევე საქართველოში მგონია, რომ ადამიანებსაც უფრო დიდი ამბიცია და წარმოდგენა აქვთ თავიანთ თავზე, იქ უფრო უბრალო ხალხი ცხოვრობს, ცნობილი ადამიანებიც კი არ არიან ასეთი ამბიციურები.