in ,

ხის ფაქტურით დაბალანსებული ნათელი ინტერიერი ბაგებში – ელენე ბერაძის ნამუშევარი

Banner M2
Banner M2

ბინა, რომელიც ბაგებში მდებარეობს, მისმა მეპატრონემ 3 წლის წინ შეიძინა – მაშინ, როცა მან გააცნობიერა, რომ ქალაქის ცენტრში ცხოვრება მისთვის აღარ იყო კომფორტული. შესაბამისად, უპირატესობა სიმწვანეს, სუფთა გარემოსა და ცენტრიდან ოდნავ მოშორებით ცხოვრებას მიანიჭა.

ბინის მეპატრონე პროფესიით მარკეტერია და მიუხედავად იმისა, რომ მას ინტერიერის დიზაინის კუთხით პროფესიული განათლება ან გამოცდილება არ მიუღია, საკუთარი საცხოვრებლის მოწყობაში აქტიურად ჩაერთო. როგორც ჩვენი რესპონდენტი მიიჩნევს, მას საკმაოდ გაუმართლა, რადგან ისეთ დინამიკურ სფეროში მოღვაწეობს, სადაც ბევრ საინტერესო ადამიანს ხვდება ყოველდღიურად და შესაბამისად, ინსპირაციას სხვადასხვა წყაროდან იღებს.

ჩემთვის ინტერიერის დიზაინი სწორედ იმ ემოციების მარაგია, სადაც ჩემს პირად კომფორტ ზონას ვქმნი და შესაბამისად, გადმომაქვს ყოველდღიურობაში. ეს არის ის სფერო, სადაც ჩემს ალტერ ეგოს ვახარებ. ვფიქრობ, სივრცე, სადაც ცხოვრობ ყველაზე კარგად გადმოსცემს შენს შინაგან გარემოს, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა შენ თვითონ ხარ ჩართული ამ სივრცის მოწყობის პროცესში.

როგორც ჩვენი რესპონდენტი გვიამბობს, მან ბინა “თეთრი კარკასის” მდგომარეობაში შეიძინა და საკმაოდ დიდი ენერგია ჩადო იმისთვის, რომ სასურველი შედეგი მიეღო.

საკმაოდ რთული პროცესია იმ შედეგამდე მისვლა, რა მოლოდინიც გაქვს დასაწყისში. სამწუხაროდ, ის მასალა ან დეტალი, რაც გინდა ინტერიერში გამოიყენო, ხშირად თბილისში არ იშოვება. შესაბამისად, ბევრი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება გიწევს პროცესში. შეიძლება ითქვას, რომ პირადად მე, მენეჯერული უნარები დამეხმარა ამ პროცესის სისრულეში მოსაყვანად.

ინტერიერის დიზაინის შექმნის პროცესში ჩართული იყო პროფესიონალი არქიტექტორ-დიზაინერი ელენე ბერაძე, რომელსაც დამკვეთმა საკუთარი იდეები და ხედვები გაუზიარა, შემდგომ კი ერთად ცდილობდნენ დიზაინის მიმართულების დახვეწას.

პროფესიონალი დიზაინერის ჩართულობა იმდენად სასიამოვნოს ხდის პროცესს, რომ ამის გარეშე ალბათ, საკმაოდ რთული იქნებოდა. ელენეს ხედვა არამარტო დიზაინის სწორად გადაწყვეტაში დამეხმარა, არამედ სივრცის მაქსიმალურად ათვისებაში და მთელი სარემონტო პროცესის გამარტივებაში.”

როგორც ელენე ბერაძე გვიამბობს, დამკვეთს სურდა, მიეღო გაშლილი სივრცე, მაგრამ ამასთანავე ფართი სრულფასოვნად უნდა ათვისებულიყო. ბინის მთავარ ფერად შეირჩა თეთრი, რომელიც დაბალანსებულია ხის ფაქტურით. შესაბამისად, ინტერიერი საკმაოდ ბუნებრივ და მყუდრო ხასიათს ატარებს.

დიზაინერი: ელენე ბერაძე

არქიტექტურული სტუდია: Maison Architecture

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე

Lampino – სანათებით გაცოცხლებული ბავშვობის თამაში

არასტანდარტული დიზაინერული გადაწყვეტილებები ერთოთახიანი ბინებისთვის