in

Lampino – სანათებით გაცოცხლებული ბავშვობის თამაში

ძველი თბილისის არქიტექტურა მართლაც გამორჩეული რამაა – მას სულ სხვაგვარი სიმყუდროვე, სითბო და ფერები აქვს. ორნამენტები და აივნები, რომლებიც ძველ თბილისში გვხვდება, არაერთი შემოქმედის შთაგონების წყარო გამხდარა. ასე მოხდა ქეთი ნოზაძის შემთხვევაშიც, რომელმაც სწორედ ამ ფორმის სანათების შექმნა დაიწყო. როგორც თავად გვიყვება, ბავშვობაში ერთგვარ მაკეტებს ქმნიდა და ეს მისთვის გამორჩეული თამაში იყო. გავიდა დრო და ეს თამაში საქმიანობად აქცია. სწორედ ასე შეიქმნა Lampino – შენობების ფორმის სანათები.

– პირველ რიგში, ვინ არის ქეთი ნოზაძე ?

განათლებით ხელოვნებათმცოდნე ვარ, მაგრამ ამ სტატუსით არ ვმოღვაწეობ. შესაბამისად, არ ვფიქრობ, რომ ეს ჩემი პროფესიაა. ამ ეტაპზე ჩემი საქმიანობა უფრო შემოქმედებითია, ჰობისა და პროფესიას შორის, ეს ეხება როგორც Lampino-ს, ასევე გრაფიკულ დიზაინს, რა მიმართულებითაც პარალელურად გავნაგრძობ ცოდნის გაღრმავებას.

– შემოქმედებითი ადამიანი ხართ – ამის ფესვები ბავშვობაში ხომ არ უნდა ვეძებოთ? რისი კეთება გიყვარდათ პატარაობისას?

ჩემი აზრით, შემოქმედებითობა აუცილებლად ადამიანის ბავშვობიდან მოდის… იმ დროიდან, როდესაც ადამიანის გონება თავისუფალია, ფანტაზია კი – შეუზღუდავი. დროის გასვლასთან ერთად, თითქოს საზოგადოება გართმევს ამ უნარებს და მთავარი ბრძოლა, რომელიც მთელი შენი ცხოვრება მიმდინარეობს, სწორედ ამ თავისუფლების დაბრუნებაა, რომელსაც სრულად ჰქონდა მოცული შენი ბავშვური გონება. მე, ისევე როგორც ყველა ბავშვს, მიყვარდა თამაში, გამორჩეულად – ხატვა, განსაკუთრებით კი პროცესი, როდესაც ვქმნიდი ერთგვარ მაკეტებს. ეს შეიძლება ყოფილიყო ოთახის რომელიმე კუთხე, აივანი, ფანჯარა სარეცხის თოკებით და გაფენილი სარეცხით.. მიტაცებდა სამგანზომილებიან სივრცეზე მუშაობა, რაც დღესაც ძალიან მომწონს.

 

– როგორ მოხვდით ლამპინოს საქმიანობაში – საიდან წამოვიდა იდეა, შეგექმნათ თქვენი სტარტაპი, რომელიც სანათებს გააკეთებდა?

ლამპინოს იდეა არსაიდან ნამდვილად არ მოსულა. პირველი შეხება ქართულ სტარტაპთან fredo handmade-ში მქონდა, სადაც ვმუშაობდი როგორც მხატვარი. ეს იყო გამოცდილება, რომელმაც მიმახვედრა, რომ ჰობი შემეძლო საქმიანობად მექცია და ასეც მოვიქეცი. ჩემს ცხოვრებაში აღვადგინე თამაში, რომელიც ბავშვობაში ძალიან მიყვარდა.  ვფიქრობ, საზოგადოება ხშირ შემთხვევაში თამაშის პროცესს არასერიოზულად აღიქვამს, რეალურად კი თამაში არა საქმისადმი ზერელედ მიდგომას, არამედ იმას ნიშნავს, რომ საქმეში გულითა და გონებით ერთდროულად ხარ ჩართული, ხარჯავ არსებულ და არარსებულ ენერგიას და ამ ყველაფერს აკეთებ უდიდესი ენთუზიაზმით, რადგან ამის გარეშე უბრალოდ არ შეგიძლია.

– თქვენს სანათებს შენობების ფორმები აქვს – საიდან გაჩნდა ეს იდეა?

Lampino-ს პროდუქცია საკმაოდ მრავალფეროვანია, თქვენთვის საინტერესო არქიტექტურული მოდელები კი ჩემთვის განსაკუთრებულად ძვირფასია. იდეის დაბადებაზე საუბარი გამიჭირდება, რადგან ეს იდეა თითქოს სულ არსებობდა ჩემს გონებაში. ყოველთვის განსაკუთრებული დამოკიდებულება მქონდა ძველი თბილისის არქიტექტურისადმი. სტუდენტობის პერიოდში კი უკვე პროფესიულ დონეზე ვსწავლობდი ამ ყველაფერს, რასაც დაემატა გრაფიკული პროგრამების ცოდნა და თანამედორვე ტექნოლოგიური მიღწევები ლაზერის სახით, რამაც საშუალება მომცა, სამ განზომილებიან სივრცეში სანათის ფუნქციით გამეცოცხლებინა თბილისური არქიტექტურა. სიმყუდროვე, რომელსაც ვიჭერ ამ არქიტექტურაში, ვფიქრობ, იდენტურად გადმომაქვს სანათებშიც. ეს არის ის, რაც გამორჩეულს ხდის ლამპინოს და რასაც სიყვარულით ვაკეთებ, გარდა ტექნიკური მხარისა, რა თქმა უნდა.

– გვიამბეთ, როგორი პროცესია ერთი სანათის დამზადება..

სანათის დამზადების პროცესი საკმაოდ ხანგრძლივი და შრომატევადია. როგოც ზემოთ აღვნიშნე, იდეაზე მუშაობა პროგრამაში იწყება, სადაც ვაგებ ნახაზს, რომლის მიხედვითაც ლაზერი ამზადებს სანათის სტრუქტურას; შემდგომ კი იწყება მასალაზე ხელით მუშაობა, იქნება ეს მოხატვა, დეკორატიულად გაფორმება, გრავირება, გაყვანილობის გამართვა თუ სხვა უამრავი დეტალი, რის შემდეგაც პროცესი გალაკვით სრულდება. საბოლოოდ კი იფუთება სანათი და მიდის მომხამრებელთან, რომლისგანაც ყოველთვის დადებითი ემოციები მიბრუნდება.

– როგორია მოთხოვნა და რა ეტაპზეა ამჟამად ლამპინო?

სანათებზე მოთხოვნა, ჩემი შეფასებით, საკმაოდ მაღალია, რაც მაძლევს მოტივაციას, რომ განვავითარო და გავაფართოო წარმოება. იმის გათვალისწინებით, რომ ორი მცირეწლოვანი შვილი მყავს და დროის უდიდეს ნაწილს მათთან ვატარებ, მიჭირს სრულად კონცენტრირებული ვიყო საქმეზე, მაგრამ Lampino-ს უმნიშვნელოვანესი როლი აქვს ჩემს ცხოვრებაში და, რა თქმა უნდა, აუცილებლად ვიზრუნებ მისი, როგორც ბრენდის წინსვლაზე.

ნეიტრალური ფერებით გაწყობილი სახლი ჩეხეთში – Atelier 111 Architekti-ს ნამუშევარი

ხის ფაქტურით დაბალანსებული ნათელი ინტერიერი ბაგებში – ელენე ბერაძის ნამუშევარი