სახლი, რომლის შესახებაც ახლა უნდა გიამბოთ, ქობულეთის ქუჩაზე მდებარეობს. იგი მისმა ამჟამინდელმა მფლობელმა ძალიან დიდი ხნის ძიების შემდეგ, 4 წლის წინ შეიძინა.
“სრულიად შემთხვევით, სოციალურ ქსელში წავიკითხე განცხადება, რომ იყიდებოდა 90 კვ.მ. ბინა, ქობულეთის ქუჩაზე, ახლადაშენებულ სახლში. ყოველთვის ძალიან მომწონდა ეს ადგილი, ჩვენი მეგობრებიც ამ ქუჩაზე ცხოვრობენ და ხშირად ვსტუმრობდით მათ. აქედან გამომდინარე, ვიცოდი, რომ აქ მშვიდი და სუფთა გარემო იყო. სახლიც ნანახი მქონდა, სხვა ახლადაშენებული სახლებისგან განსხვავებული და მოწესრიგებული იერი ჰქონდა.”
თუმცა, როგორც ჩვენი რესპონდენტი იხსენებს, ბინის პირველად ნახვისას ყველაფერი ასეთი იდეალური არ აღმოჩნდა. იმ დროისთვის ეს იყო ერთი მთლიანი სივრცე, რომელიც მუშების სათავსოდ იყო გადაქცეული. სწორედ ამიტომ, ახალი მეპატრონისთვის საკმაოდ შრომატვადი და სირთულეებით სავსე გამოდგა ამ სივრცის საცხოვრებელ ბინად გარდაქმნა. ამას ემატებოდა ისიც, რომ დრო შეზღუდული იყო. თუმცა, ამ გამოწვევების მიუხედავად, მეპატრონეები დიდი ინტერესით შეუდგნენ პროექტზე მუშაობას.
“მიუხედავად იმისა, რომ სულ სხვა სფეროში ვსაქმიანობ, დიდ სიამოვნებას მანიჭებს ხატვა, ძალიან მიტაცებს ინტერიერის დიზაინი და არქიტექტურა. სწორედ ამიტომ, პროფესიონალი დიზაინერის მომსახურებით არ მისარგებლია და ეს ჩემი არჩევანი იყო. ამ გზით მსურდა, საკუთარი თავი გამომეცადა დიზაინის შექმნის ძალიან სასიამოვნო და საინტრესო პროცესში.”
პირვანდელი გეგმარების მიხედვით, სახლში სამი ოთახი იყო გათვასლისწინებული, მაგრამ გარკვეული ცვლილებების შეტანის შედეგად გაფართოვდა შემოსასვლელი და მისაღები ოთახი.
“ბინის გარდაქმნის საბოლოო მიზანი იყო სასიამოვნო, მყუდრო გარემოს შექმნა და მგონია, რომ გარკვეულწილად მიზანს მივაღწიეთ, თუმცა ალბათ შეიძლებოდა პატარა დეტალების უფრო სხვანაირად გაკეთებაც. მაშინ ვერ წარმოვიდგენდი, რომ პანდემია დაიწყებოდა და სახლში ბევრად მეტ დროს გავატარებდი.”
თავდაპირველად სახლის მფლობელს აივანი დიდი ეჩვენებოდა, თუმცა, შემდეგ მასში მცენარეებისა და ხეების შეტანა დაიწყო. როგორც თავად გვიამბობს, ნელ-ნელა გაიტაცა ამ პროცესმა და ახლა მისთვის უკვე ისეთი სასიამოვნოა აივანზე ყოფნა, რომ სახლში შესვლა საკმაოდ უჭირს.
“ინტერიერი თანამედროვე და მყუდრო გამოვიდა. ამაში დიდი როლი ითამაშა წიგნების თაროებმა, რომლებიც თითქმის ყველა ოთახში გვაქვს. ვფიქრობ, რომ წიგნები და მცენარეები განსაკუთრებულად მყუდრო გარემოს ქმნის.”
ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე