in

ინტერვიუ მაკა თათეშვილთან – შოურუმი MOTIF-ის მფლობელი

მოგვიყევით თქვენი კომპანიის შექმნის შესახებ. საიდან გაგიჩნდათ იდეა?

90-იან წლებში, საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ უმძიმეს პერიოდში, მთელი ოჯახი წავედით ემიგრაციაში, საიდანაც 1995 წელს დავბრუნდით დიდი სურვილით, რომ სამშობლოში გაგვეგრძელებინა საქმიანობა. ჩვენს მშობლებს მიუხედევად მათი განსხვავებული პროფესიებისა, ყოველთვის აერთიანებდათ ხელოვნებისა და ესთეტიკის განსაკუთრებული სიყვარული. უყვარდათ შენება, გარემოსა და საცხოვრებელი სივრცის განსხვავებულად დაგეგმარება.

მათი ამ განწყობიდან გამომდინარე, ერთ დღეს ოჯახი აღმოვჩნდით დიზაინისა და არქიტექტურის საერთაშორისო გამოფენაზე. წარმოუდგენელ მრავალფეროვნებაში მალევე ამოარჩია დედამ ერთი მოკრძალებული სტენდი, საოცარი, სიზმრისეული ესთეტიკითა და ჰაეროვანი, სრულყოფილი სტილით, რომელმაც ძალიან მოგვხიბლა. როგორც აღმოჩნდა, ეს იყო “B&B Italia”, თანამედროვე დიზაინის კანონმდებელი, იტალიური ბრენდი, რომლის დილერობაზეც აღმოსავლეთ ევროპაში ბევრი ოცნებობდა და რომელიც არცერთ განვითარებად ქვეყანაში არ იყო წარმოდგენილი. მენეჯერმა შენიშნა ჩვენი განსაკუთრებული ინტერესი და გაცნობიდან რამოდენიმე დღეში ჩვენ “B&B Italia”-ს პარტნიორები და ექსკლუზიური წარმომადგენლები გავხდით საქართველოში.

ასე აღმოვჩნდით სამრეწველო დიზაინის ელიტურ წრეში. ეს ფაქტი კი გახდა ჩვენი სავიზიტო ბარათი და მოგვცა სხვა წამყვან ბრენდებთან თანამშრომლობის შესაძლებლობა. იმ დროისთვის საქართველოში სტანდარტული საბჭოთა ტენდენცია ბატონობდა და დიზაინის სფეროც სრულად განუვითარებელი იყო, ამიტომ ეს ბიზნესი, რასაკვირველია, დიდ რისკებს მოიცავდა, თუმცა გვჯეროდა რა ჩვენი საზოგადოების მაღალესთეტურობის, გავბედეთ შეგვეთავაზებინა მათთვის სრულიად ახალი, ინოვაციური მიმდინარეობები არქიტექტურასა და დიზაინში.

მოლოდინმა გაამართლა და ქართველი მომხმარებელი მალე დარწმუნდა ჩვენ მიერ შეთავაზებული პროდუქციის უპირატესობებში. ამასთან, საქართველოში დიზაინი, როგორც პროფესიაც ძალიან განვითარდა და მრავალი ნიჭიერი ახალგაზრდა ჩაერთო ამ სფეროში. წამყვანი ევროპული ბრენდების და თანამედროვე დიზაინერული პროდუქციის ხელმისაწვდომობამ კი მათი ნებისმიერი იდეის ხორცშესხმა გახადა შესაძლებელი. ამიტომ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენს ქვეყანაში ცხოვრების მაღალი კულტურის დანერგვასა და განვითარებაში კომპანია „MOTIF”-ს დიდი წვლილი მიუძღვის, რაც ძალიან გვახარებს.

როგორც ბრენდს, გაქვთ თუ არა კონკრეტული მიზანი, რომლის მიღწევაც გსურთ?

რა თქმა უნდა, მიზნის გარეშე არ არსებობს განვითარება და ჩვენი დაარსების პირველი დღიდან ჩვენი მიზანი იყო ამ სფეროს განვითარება და პოპულარიზაცია ჩვენს ქვეყანაში. ჩვენი მიზნების ძირითადი პრინციპი ყოველთვის იგივე რჩება. ამისათვის გამუდმებით მივიწევთ წინ და ვვითარდებით.

რა კრიტერიუმებით არჩევთ ბრენდებს, რომლებსაც წარადგენთ?

კომპანიების ძირითადი ნაწილი 90-იან წლებში ჩამოყალიბდა. მადლობა ჩვენს მშობლებს სწორი მიმართულებისთვის, რადგან დღემდე უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს ამ ბრენდებს ინდუსტრიული დიზაინის სფეროში. ჩვენი კრიტერიუმები დაფუძნებულია ბრენდების ისტორიაზე, მათ ხარისხზე და მიმართულებებზე.

რა ტრენდებია 2020 წლის ავეჯის დიზაინში?

2020 წელი რთული წელი იყო ჩვენი სფეროსთვის, ისევე როგორც მთელი მსოფლიოსთვის. ძირითადად წამყვანმა ბრენდებმა ამოწიეს კლასიკური მოდელები და გააუმჯობესეს მათი ხარისხი და ტექნიკური მონაცემები. ზოგადად MOTIF-ი ნაკლებად მიყვება ტრენდებს და ყოველთვის უპირატესობას ანიჭებს ეგრეთ წოდებულ “TIMELESS” პროდუქტს. ზოგადად ტენდენციებს, რომელსაც ჩვენი კომპანია წარადგენს სწორედ ისინი ხდება ჩვენს ბაზარზე ტრენდული.

თქვენს შოურუმში  არსებული რომელი ბრენდის პროდუქციას გამოარჩევდით?

ჩვენ ყოველთვის განსაკუთრებული დამოუკიდებლობა გვაქვს არა კონკრეტული ბრენდების, არამედ ჩვენი ფავორიტი კლასიკად აღიარებული საკულტო ნივთების მიმართ.

რა რჩევას მისცემდით ადამიანებს, რომლებსაც სურთ საკუთარი სახლებისთვის სწორი ავეჯის შეძენა?

თუ განვიხილავთ კონკრეტულად ავეჯს, მნიშვნელოვანია ვიზუალის გარდა პროდუქტი იყოს ერგონომიული, კომფორტული, ეკოლოგიურად სუფთა და კომფორტული, რათა ვიზუალის გარდა მათ მოგანიჭოთ კომფორტი და სიამოვნება. რაც შეეხება ვიზუალს იგი მთლიანობაში ჰარმონიაში უნდა მოდიოდეს გარემოსთან.

რომელ ბრენდებს ანიჭებენ უპირატესობას ქართველი მომხმარებლები?

კონკრეტულად ძალზედ რთულია  ბრენდების ჩამოთვლა. იქიდან გამომდინარე, რომ MOTIF-ს აქვს ძალიან ბევრი ბრენდი, მომხმარებლის არჩევანი შესაბამისად მრავალფეროვანია.

რომელ ქართველ დიზაინერებთან თანამშრომლობთ?

კომპანია მოტიფი გახსნილია თანამშრომლობისთვის, როგორც ამ სფეროში წარმატებულ პროფესიონალებთან  ასევე ახალ თაობასთან და განსაკუთრებით მათ ვუცხადებთ მაქსიმალურ თანადგომას.

რა არის თქვენი სამომავლო გეგმები?

გეგმები საინტერესოა, მაგრამ, თქვენის ნებართვით, საიდუმლოდ დავტოვებთ.

ნეონის განათების გამოყენება არქიტექტურაში

Dezeen-ის 2020 წლის არქიტექტურის დაჯილდოება