გიორგი მაისურაძის მრავალმხრივ გატაცებებს შორისაა თანამედროვე ხელოვნება, მოდა, არქიტექტურა და პროდუქტის დიზაინი. აქედან გამომდინარე, მისი ამჟამინდელი საქმიანობაც სწორედ ამ სფეროებს უკავშირდება: გიორგი ჟურნალ Hammock Magazine-ის დამფუძნებელი, დილის შოუს თანაწამყვანი და აგრეთვე საიმიჯო და კომერციული ვიდეოების რეჟისორია. როგორც ის გვიამბობს, მას არქიტექტურა ბავშვობიდან იტაცებდა, ხოლო პროდუქტის დიზაინით მოგვიანებით დაინტერესდა, მაგრამ, ამ დარგებთან შეხება მხოლოდ “დამკვირვებლის” როლში ან პროფესიულ ჭრილში ჰქონდა (სხვადასხვა სტატიებისა და გადაღებების სახით). თუმცა, როდესაც გიორგის ცხოვრებაში საკუთარი სახლის მოწყობის ეტაპი დადგა, მას უფრო სიღრმისეულად მოუწია აღნიშნულ სფეროში ჩახედვა.
შესაფერის ბინას ძალიან დიდი ხნის მანძილზე ეძებდა, ვინაიდან მისთვის ბევრ დეტალსა და ფაქტორს ჰქონდა მნიშვნელობა. საბოლოოდ კი არჩევანი ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ე.წ. “სტალინური” ტიპის სახლზე შეაჩერა.
“ზოგადად, ამ სტილის შენობები ყოველთვის მხიბლავდა. მასიური სქელი კედლები, მაღალი ჭერი, იმ პერიოდისთვის დამახასიათებელ დეკორი – ეს ყველაფერი ერთიანობაში მონუმენტურ და შთამბეჭდავ ვიზუალს ქმნის. გარდა ამისა, სახლი ფეხით სულ რამდენიმე წუთის სავალზეა თბილისის ერთ-ერთ ყველაზე გამწვანებულ რეკრეაციულ ზონასთან და ჩემი ბავშვობის საყვარელ ადგილთან – ვაკის პარკთან. ჩემთვის ასევე მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტორიც, რომ გამწვანებულია შენობის წინა მხარეც. თავდაპირველად, როდესაც ბინაში შევედი, ჩემი ყურადღება დიდმა ნაძვისა და ჭადრის ხეებმა მიიქცია, რომლებიც ფანჯრებიდან მოჩანდა. როდესაც აქ სავარძელში ხარ მოკალათებული და აივანზე გამავალ ფანჯარაში იყურები, ფაქტობრივად, მხოლოდ სიმწვანეს ხედავ და გავიწყდება, რომ დედაქალაქის ერთ-ერთ მთავარ გამზირზე ხარ. ალბათ ეს იყო ის მომენტი, რამაც საბოლოოდ გადამაწყვეტინა ამ ბინის შეძენა – თითქოს მოწყვეტილი ხარ გარე სამყაროს, თუმცა, სინამდვილეში, ქალაქის ცენტრში იმყოფები. ამას გარდა, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ისეთი დეტალებიც, როგორიცაა აივნების ავთენტურად შემონახული მოაჯირები და ამ მოაჯირების დეკორატიული ელემენტები, შენობის ნეიტრალური ფერი და ფასადის გაფორმებები.”
ახლად შეძებილ ბინას გიორგისთვის იდეალური გეგმარება ჰქონდა, სწორედ ამიტომ, მას ამ მხრივ არაფერი შეუცვლია. თუმცა, რაც შეეხება ინტერიერს, ყოფილი მეპატრონის გემოვნება საკმაოდ განსხვავებული აღმოჩნდა მისი სტილისგან. შესაბამისად, ახალმა მფლობელმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ინტერიერი სრულად განეახლებინა.
რემონტის პროცესი საკმაოდ ბევრი სირთულით დატვირთული აღმოჩნდა. პირველი და მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი ახლად დაწყებული პანდემია და მისგან გამოწვეული “ლოქდაუნი” იყო. ამას გარდა, სირთულეს წარმოადგენდა ის ფაქტიც, რომ გიორგის დატვირთული სამუშაო გრაფიკის პარალელურად უწევდა ბევრი საპასუხისმგებლო გადაწყვეტილების მიღება, პროცესების მართვა და მიმდინარე სამუშაოების გაკონტროლება. თუმცა, როგორც ჩვენი რესპონდენტი გვიამბობს, ის ამ გამოწვევამ არ შეაშინა, ვინაიდან ეს ყველაფერი მისთვის საკმაოდ საინტერესო და ახალი იყო. სწორედ ამიტომ, მას შემდეგ, რაც სამშენებლო მასალების მაღაზიები საბოლოოდ გაიხსნა, პროცესი დაჩქარდა და სულ რაღაც ერთ თვეში რემონტიც დასრულდა.
რაც შეეხება ინტერიერის დიზაინს, გიორგის ამ მხრივ პროფესიონალის დახმარებით არ უსარგებლია და მომავალი საცხოვრებელი საკუთარი ხედვებისა და იდეების გათვალისწინებით მოაწყო.
“ზოგადად, მიმაჩნია, რომ ყველა საქმე დარგის პროფესიონალმა უნდა შეასრულოს. თუმცა, ვფიქრობ, საკუთარი ბინის დიზაინის შექმნა და მოწყობა სპეციფიკური საკითხია და შესაბამისად, შეიძლება გაგიჩნდეს სურვილი, რომ ეს ყველაფერი თავად გააკეთო. მე ეს გზა ავირჩიე. ამ მხრივ თავი გამოვცადე და არ ვნანობ, რადგან საინტერესო და სასიამოვნო გამოცდილება მივიღე. თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ შემდეგში შესაძლოა, სხვა გზა ავირჩიო, რადგან დარწმუნებული ვარ, დიზაინერთან თანამშრომლობაც ძალიან საინტერესო და სასიამოვნო პროცესი იქნება.”
გიორგის მთავარი სურვილი იყო, რომ ბინას ჰქონოდა ისეთი ინტერიერი, რომელიც მას მალე არ მობეზრდებოდა. ამას გარდა, ბინის ფართობის სიმცირიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი იყო ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც სივრცეს მაქსიმალურად გაზრდიდა. სწორედ აქედან გამომდინარე შეირჩა კედლებისთვის თეთრი ფერი.
“მინდოდა, ჩემი ბინა ყოფილიყო თეთრი ფურცელი, რომელიც არ გბეზრდება და რომელსაც განწყობის მიხედვით, პერიოდულად ცვლი. ინსპირაცია სკანდინავიური დიზაინიდან ავიღე, რადგან ამ სურვილს ჩემთვის ყველაზე მეტად სწორედ სკანდინავიური დიზაინი პასუხობდა.”
ინტერიერში გამოყენებული ავეჯი ძირითადად ხისგან არის დამზადებული. ბინაში უმეტესად გვხვდება თეთრი, ხისფერი და ნაცრისფერი ტონები, თუმცა, ამ გამის ფონზე აქცენტის სახით შემოდის ისეთი ელემენტები, როგორიცაა ცისფერი მაცივარი და თითქმის ამავე ტონალობის მქონე ტორშერი, რომლებსაც ბინაში 50-იანი წლების რეტრო დიზაინის ხასიათი შემოაქვთ. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მაცივარი სპეციალური შეკვეთით იქნა დამზადებული იტალიაში, ვინაიდან იმ პერიოდში ამ კონკრეტული ფერისა და ზომის მოდელი კომპანიას გაყიდვაში არ ჰქონდა.
სივრცეს ერთგვარად აცოცხლებს ტროპიკული ოთახის მცენარეები, რომლებიც სპეციალურად დამზადებულ ღია თიხის ქოთნებშია მოთავსებული. თეთრის, ხისფერისა და თიხის კომბინაცია კი სივრცეს განსაკუთრებულ სიმყუდროვეს სძენს.
გიორგის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი სურვილი იყო მისი საყვარელი ქართველი თანამედროვე ხელოვანებისა და პროდუქტის დიზაინერების ნამუშევრების ინკორპორირება საკუთარ ინტერიერში. ამ მხრივ აქ ძალიან ბევრი საინტერესო ნამუშევარი გვხვდება, რომელთა ნაწილი ბინის მეპატრონემ შეიძინა, ნაწილი კი თავად არტისტებმა გადასცეს მას საჩუქრად.
“პირველი ნამუშევარი ჩემმა მეგობარმა, მხატვარმა მაია აბაშიძემ მაჩუქა. ეს გახლავთ ტილოზე შესრულებული ნამუშევარი – აუზში მყოფი ჟღალთმიანი გოგონა ჰორიზონტს გასცქერის, შორს კი პარაშუტი მოჩანს, რომელიც მიწაზე ეშვება. ეს ნამუშევარი განსაკუთრებულ სიმშვიდეს მგვრის, სწორედ ამიტომ, ის საძინებელში დავკიდე.
მთავარ ოთახში წარმოდგენილია ასევე ჩემი მეგობრისა და საყვარელი მხატვრის – მაია სუმბაძის მიერ ჩემი გადაცემებისთვის შექმნილი ნამუშევრები. რამდენიმე წლის წინ “არტარეაზე” ორ პროექტს ვაკეთებდი. პირველი გახლდათ ექსპერიმენტული ვიდეოების ციკლი სახელწოდებით “U.F.O”, თანამედროვე ქართველ ხელოვანების შესახებ. მეორე – “ინდექსი”, რომელსაც ჩემს მეგობართან ერთად ვაკეთებდი, საბჭოთა მოდერნისტული არქიტექტურის შესახებ გახლდათ. ამ გადაცემების სატელევიზიო ქუდებისთვის არაჩვეულებრივი ნამუშევრები სწორედ მაია სუმბაძემ შექმნა. მაგალითად, რეტრო დიზაინის მინი კუპერი, რომელსაც ფანტომასის სიტროენის მსგავსად ფრთები აქვს და მიფრინავს. ეს ნამუშევარი მისაღები ოთახის ცენტრალურ ადგილს იკავებს.
აქვეა კერამიკოს ირინე ჯიბუტის თიხისგან დამზადებული ბარელიეფები, რომლებზეც სხვადასხვა სცენები და ციური ობიექტებია გამოსახული. ერთ-ერთ სცენაში ადამიანი თითქოს მზეს ჩუქნის ირემს, ხოლო მეორე ბარელიეფის სცენაში ის ირემს ეხვევა. აქვეა ვარსკვლავის გადაფრენისა და მთვარის ბარელიეფი. ეს ნამუშევრები ჩემთვის განსაკუთრებულია, რადგან მათში დიდ სიყვარულს ვგრძნობ. მომავალში ვაპირებ კიდევ დავამატო ჯიბუს შექმნილი რამდენიმე ბარელიეფი, რადგან ისინი ნამდვილად ჯადოსნურია.
ბამბუკის კარადებზე წარმოდგენილია ირინე ჯიბუტისა და ტასო გომელაურის Ceramic Studio 1300-ის არაერთი ჭურჭელი და ობიექტი, ასევე ანანო აბდუშელიშვილის Mind The Shop-ის სარკე, რომელიც ე.წ. ანდროპოვის ყურების დიზაინის მიხედვითაა შექმნილი. აქვეა სოლოლაკის ერთ-ერთი გამორჩეული ბუხრის დიზაინით შექმნილი სანთელი, მხატვრების იოანა წულაიას და თეკლა კიღურაძის ნამუშევრები, დიზაინერ ნინო ჩუბინიშვილის დიზაინით შექმნილი სამაჯური, ბებიაჩემის ნაჩუქარი მე-18 საუკუნის ვერცხლის რამდენიმე ჭიქა და ლანგარი, კერამიკული დოქი და ლარნაკი, რომლებიც საბჭოთა დროს გაკეთდა ძველ ქართულ არქეოლოგიურ გათხრებში ნაპოვნი კერამიკის მიხედვით და კიდევ ბევრი სხვა პატარა ნივთი, რომლებიც ჩემთვის ძალიან ძვირფასია,”- გიორგი მაისურაძე
ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე