ბუხარი დეკორის უბრალო კომპონენტი როდია, ის სიმყუდროვისა და სითბოს წყაროცაა, ხოლო შემოდგომის ცივი საღამოების დროს, პირველადი საჭიროების ნივთიც კია. დღეს ბუხრის ინტერიერში გამოყენების ხერხებზე და იმაზე გვინდა გესაუბროთ, თუ როგორ არის შესაძლებელი მისი საშუალებით კარგი ხასიათისა და ტკბილი მოგონებების მომგვრელი გარემოს შექმნა.
ყველაზე კარგი, რა თქმა უნდა, ნამდვილი ბუხარია – ცოცხალი ცეცხლითა და შეშის სასიამოვნო ტკაცა-ტკუცით. თუმცა, ქალაქის ბინაში მისი რეალიზება ყოველთვის არ არის შესაძლებელი. ამ შემთხვევაში შესაძლებელია სხვა ვარიანტები გამოვიყენოთ. მაგალითად, დეკორატიული ბუხარი, რომელშიც ცეცხლის კერის მაგივრად სანთლებია განთავსებული.
ასევე შესაძლებელია ბიო საწვავზე მომუშავე ბუხრის მონტაჟი. მასში ცეცხლი სპეციალური ბიო საწვავის მეშვეობით ინთება. ასეთი ბუხრის სისუსტე საწვავის სიძვირე და სახლში აალებადი ნივთიერებების შენახვის აუცილებლობაა.
სტანდარტული ბუხრის პროექტირებასა და მოწყობაში რამდენიმე მნიშვნელოვანი ნიუანსია:
- პირველ რიგში, აუცილებელია უშუალოდ ბუხრისთვის ჰაერის მოდინების სისტემის მოწყობა, რათა მან შენობაში არსებული ჟანგბადი არ დაწვას.
- ბუხრის სწორი ზომები მასთან ერთად სივრცეში ყოფნას კომფორტულს გახდის და თავისუფლად სუნთქვის საშუალებაც იქნება.
- აუცილებელია უსაფრთხოების ნორმების დაცვა. ბუხრის მიმდებარე ზონა ცეცხლმედეგი მასალებისგან უნდა მოპირკეთდეს. ასევე აუცილებელია დამცავი ფარის დაყენება. სწორი პროექტირებისას ბუხარი მფლობელს უამრავ დადებით ემოციას აჩუქებს.
რა თქმა უნდა, ბუხარის მოწყობისთანავე ის სახლში ინტერიერის უპირობო დომინანტი ნაწილი და მიზიდულობის ცენტრი ხდება. ბუხრის ზედაპირი შესაძლებელია როგორც ანტიკვარული, ასევე თანამედროვე იყოს. მასზე ლამაზი სარკის, შანდლების, კედლის სანათების, ნახატების, გობელენების ან სხვა ხელოვნების ნიმუშების დამაგრება შეიძლება. ყველაფერი თქვენს ფანტაზიასა და გემოვნებაზეა დამოკიდებული.
ბუხრის მახლობლად კარგია რბილი ზონის მოწყობა როგორც დივნების, ასევე სავარძლების სახით. შეგიძლიათ შეზლონგის დადგმაც, სადაც წიგნს წაიკითხავთ ან უბრალოდ დაისვენებთ.
რუბრიკა “მყუდრო სახლის” წარმდგენია კომპანია ელიტ ელექტრონიქსი