რემონტი საკმაოდ შრომატევადი საქმეა და რაოდენ დასანანია, როდესაც არასწორი თანმიმდევრობის გამო, ზოგიერთი სამუშაოს განმეორებით ჩატარება, ან სულაც გაკეთებულის მორღვევაა აუცილებელი. დღეს ყველა იმ სამუშაოზე და მის რიგითობაზე გიამბობთ, რომლებიც ბინის კომპლექსური რემონტის დროს ტარდება. ჩამოთვლილი 16 ეტაპი დეტალური გზამკვლევია, რომელიც ზედმეტი დროის, ნერვებისა და ფულის დახარჯვას აგარიდებთ.
1. პირველი ეტაპი – პროექტი
ნებისმიერი სარემონტო სამუშაო უნდა დაიწყოს კარგი პროექტით. მომავალმა შემსრულებელმა ფერი თუ არა, მომავალი იატაკის საფარის ტიპი მაინც უნდა იცოდეს (იქნება ეს ლამინატი, პარკეტი, ფილა თუ რამე სხვა). ასევე წინასწარ უნდა იყოს განსაზღვრული კედლებისა და ჭერის მოსაპირკეთებელი მასალების ტიპი. პროექტის შემსრულებელთან შეთანხმების შემდეგ კი მომდევნო ეტაპები იწყება.
2. მეორე ეტაპი – სამუშაო ჯგუფის პირობები
აუცილებელია მომავალი სარემონტო ჯგუფისთვის ფართში სამუშაო და საცხოვრებელი პირობების ორგანიზება. ამაში შედის: დროებითი ელექტრო მომარაგება, დროებითი საკანალიზაციო და წყლის მიწოდება, ობიექტზე დროებითი სამზარეულოს, სამრეცხაოსა და საძინებელი ადგილების მოწყობა. ასევე ცვეთადი ინსტრუმენტების მომარაგება (რომლებიც რემონტის შემდეგ უვარგისია). ამას გარდა, ხდება გადასაფარებელი ცელოფნის, ნაგვის ტომრებისა და დალაგების საბაზისო ნივთების შეძენა (ცოცხი, აქანდაზი და ა.შ).
3. მესამე ეტაპი
სამონტაჟო სამუშაოები იწყება. ხდება ყველა სისტემური ტიხრის დემონტაჟი, ხორციელდება კარის ღიობების დამტკიცებული ზომების მიხედვით ფორმირება, აივნებისა და ლოჯიების შემინვისთვის მომზადება.
4. მეოთხე ეტაპი
ამ ეტაპზე ხდება კარ-ფანჯრის ამზომველების მოწვევა. ფანჯრების აზომვასთან ერთად, შემოსასვლელი კარის ზომებსაც იღებენ. ამავე ეტაპზე საკანალიზაციო დგარების, ცხელი და ცივი წყლის გათიშვა-ჩართვის ვადები თანხმდება. თუ ბინაში თბილი იატაკი იქნება, მისი პლასტმასის მილების მონტაჟი უშუალოდ სადემონტაჟო სამუშაოების შემდგომ ხდება.
5. მეხუთე ეტაპი
ელექტობისა (სხვა საკომუნიკაციო ქსელების) და სანტექნიკის, ასევე კონდინციონერის საკომუნიკაციო ტიხრების გაყვანა.
6. მეექვსე ეტაპი
შემდეგი ეტაპი ჭერის გასუფთავება-დაგრუნტვაა. იმავდროულად დამკვეთის მიერ ყველა მოსაპირკეთებელი მასალის (შპალერი, ფილა, პარკეტი, საღებავი, კარი და ა.შ) საბოლოო შერჩევა ხდება. ამ ეტაპზევე სამუშაო ჯგუფის მიერ ტიხრების ამოყვანა, კედლების ზედაპირების დამუშავება და საბოლოო მოპირკეთებისთვის მომზადება ხორციელდება. ასევე ვენტილაცია-კონდიცირების კონკრეტული მოდელებისა და მისი სამონტაჟო კომპანიის შერჩევა. სველი წერტილებისა და საჭიროების შემთხვევაში, სხვა ოთახების იატაკების ჰიდროიზოლაცია, იატაკის ბეტონ კონტაქტით დამუშავება და მოჭიმული იატაკის დასხმისთვის მომზადება.
7. მეშვიდე ეტაპი
მოჭიმული იატაკის დასხმამდე ხორციელდება: შემოსასვლელი კარისა და ყველა ფანჯრის მონტაჟი, ლოჯიებისა და აივნების შემინვა. ამავე ეტაპზე კონდიცირების სისტემის სამონტაჟო კომპანიას იწვევენ, რომელიც კედელზე კომუნიკაციების გზებს დაიტანს. საჭირობის შემთხვევაში, იწვევენ დაცვის, ვიდეო თვალთვალის, ტელევიზიისა და ინტერნეტის სპეციალისტებს. მათგან ტექნიკური რეკომენდაციების მიღების შემდგომ, ობიექტზე მოწვეული ელექტრიკოსები მონტაჟს განახორციელებენ (ეს მნიშვნელოვნად დაზოგავს თანხებს).
8. მერვე ეტაპი
ამ ეტაპზე ხდება მოჭიმული იატაკის არმირება, გასწორება და დასხმა. უნდა გვახსოვდეს, რომ იატაკი აბაზანასა და ტუალეტში 5 სმ-ით დაბალი უნდა იყოს, ვიდრე დანარჩენ სივრცეებში.
9. მეცხრე ეტაპი
მოჭიმული იატაკის გაშრობის შემდეგ ძველი გათბობის გაყვანილობის დემონტაჟი და ახლის დაყენება ხდება. ამავე ეტაპზეა მიზანშეწონილი სამზარეულოს ავეჯის კომპანიის პირველი ვიზიტი და მათგან კონკრეტული ელექტრო, ცხელი და ცივი წერტილების ტექნიკური რეკომენდაციების მიღება.
10. მეათე ეტაპი
ობიექტზე ეგრეთწოდებული ფალშ-კედლების აღმართვა, ყველა კომუნიკაციის შეფუთვა და საბოლოო ზედაპირის მომზადება.
11. მეთერთმეტე ეტაპი
სველი წერტილების ფილით მოპირკეთება.
12. მეთორმეტე ეტაპი
მას შემდეგ, რაც ყველა მტვრიანი სამუშაო დასრულებულია, ხორციელდება სამღებრო სამუშაოები (შპალერი ან საღებავი). ამის შემდგომ ჭერისა და იატაკის მოპირკეთება ხდება.
13. მეცამეტე ეტაპი
შიდა კარების მონტაჟი, თაღების კორექტირება, ჩარჩოების დაყენება, სამზარეულოს საბოლოო აწყობა და ავეჯის შეტანა.
14. მეთოთხმეტე ეტაპი
პლინტუსების, როზეტებისა და ჩამრთველების, ასევე კონდინციონერის ბლოკის მონტაჟი.
15. მეთხუთმეტე ეტაპი
სულ ბოლოს უნიტაზი და სააბაზანოს შემრევები დგება (თუ არ გსურთ, რომ რემონტის დროს სხვამ ისარგებლოს).
16. მეთექვსმეტე ეტაპი
გენერალური დალაგება. ეს საკმაოდ შრომატევადი ეტაპია, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო და აუცილებელი.
რუბრიკის წამრგენია სამშენებლო სერვისების და მასალების კომპანია “აიპიესი”