ონლაინ ჟურნალი Dezeen მესამე წელია აცხადებს კონკურსს, სადაც მონაწილეობას იღებენ მსოფლიოს ცნობილი არქიტექტურული, ინტერიერის და დიზაინის პროექტები. ჟიურის წევრები არიან ამ სფეროს გავლენიანი წარმომადგენლები და პროექტებიც შერჩეულია არა მხოლოდ ვიზუალის, არამედ მათი ფუნქციურად გამართულობის, ინოვაციური კონსტრუქციის და ასევე გარემოსთვის სარგებლობის მიხედვით.
Dezeen-ის 2020 წლის დაჯილდოების ფინალური სია 7 სექტემბერს გამოცხადდა, სადაც 64 პროექტი მოხვდა 12 კატეგორიაში. პირველად დაჯილდოების ისტორიაში წელს შესაძლებელია ჟიურისთან ერთად ასევე ხმის მიცემით გამარჯვებულის გამოვლენა, ხმის მიცემა 14 სექტემბრიდან იქნება შესაძლებელი.
დაჯილდოებაზე მოხვდა ქართული არქიტექტურული პროექტიც – ყავის კომპანია მეამას ოფისი/ქარხანა, რომელიც თბილისში, კახეთის გზატკეცილზე მდებარეობს. პროექტი ცნობილ ქართველ არქიტექტორს – გიორგი ხმალაძეს ეკუთვნის, რომელსაც უკვე ამ და სხვა პროექტებში ბევრი საერთაშორისო არქიტექტურული ჯილდო აქვს მოპოვებული.
კონკურსში ყავის საწარმოს პროექტი იბრძვის კატეგორიაში – ბიზნეს შენობა.
ხმის მიცემა შესაძლებელია 14 სექტემბრიდან Dezeen Awards-ის საიტზე.
მეამას ყავის ქარხნის შენობა მდებარეობს ავტომაგისტრალზე, რომელიც ქალაქს აკავშირებს აეროპორტთან. გარშემო ტერიტორია არ არის განაშენიანებული და უმეტესად შემოფარგლულია მდელოებით და ფიჭვის ხეებით. პროექტი მოიცავს ყავის საწარმოს, ოფისებს, ყავის სადეგუსტაციო და საგამოფენო სივრცეებს, ასევე პატარა კაფეს.
ქუჩის მხრიდან შენობას არ აქვს ღიობი და ყრუ, დაკეცილი ბეტონის კედლებისგან შედგება. შიდა მხარეს, საიდანაც ფიჭვის ტყეს ესაზღვრება, შენობა იხსნება, ინტერიერში ბუნებრივი განათება ამოჭრილ ატრიუმებს და გადახურვის ღიობებსაც აქტიურად შემოაქვთ. პროექტს აქვს მწვანე გადახურვა, რითაც კიდევ უფრო ერწყმის არსებულ ლანდშაფტს და თითქმის უხილავია იმ თვითმფრინავებისთვის, რომლებიც ახლო მდებარე აეროპორტიდან მიფრინავენ ან ჯდებიან აეროპორტში.
მოცემული ადგილიდან გამომდინარე, ქალაქს სჭირდებოდა შენობა, რომელიც არ ემსგავსებოდა ტიპიურ ქარხანას, დამკვეთს კი სურდა განსხვავებული, ინოვაციური შენობის შექმნა თავისი ახლად დაარსებული ბრენდისთვის. შენობის სიმაღლეც ფუნქციების მიხედვით იცვლება, იქ სადაც იყო დიდი დანადგარების დადგმის საჭიროება, შენობის გადახურვა მაღლდება, გარედან კი ეს ცვალებადობა საინტერესო ვიზუალს იძლევა.
ბიზნეს შენობის კატეგორიაში მეამას ყავის ოფისთან ერთად კიდევ 4 სხვა პროექტი გადავიდა ფინალში:
Coffee Production Plant by Giorgi Khmaladze Architects
Kohan Ceram Central Office by Hooba Design Group
IDIN Architects Office by IDIN Architects
Temporary Site of Shengli Market by LUO Studio
Lasvit Headquarters by Ov-a Architekti