“ჩემმა ავეჯმა უნდა აღაფრთოვანოს მნახველის თვალი და ამასთან ერთად, ის უნდა იყოს მყარი და გამძლე.”
ეს დიზაინერისა და არქიტექტორის, ვიგო ბოსენის სიტყვებია, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის განმავლობაში უდიდესი წვლილი შეიტანა დანიურ მოდერნიზმსა და ფუნქციონალიზმში.
ვიგო ბოსენი 1907 წლის 29 დეკემბერს დაიბადა. მასწავლებლის ვაჟმა ისწავლა არქიტექტურა კოპენჰაგენის სამეფო დანიის სახვითი ხელოვნების აკადემიაში, სადაც გაიცნო ფინ იული, მასზე ორი წლით უმცროსი ვაჟი. ახალგაზრდებს თავიდანვე ესმოდათ ერთმანეთის და ამიტომ, მოგვიანებით გადაწყვიტეს, ავეჯის დიზაინებზე ემუშავათ. დიზაინზე საექსპერიმენტოდ მათ ბოსენის პირველი ბინაც ჰქონდათ, რომელიც კოპენჰაგენის ჩრდილოეთით, ერთ პატარა ქუჩაზე მდებარეობდა. ბოსენის მოხრილი, ბამბუკის ნაქსოვი პირველი სავარძელი სწორედ ამ სახლის მისაღებ ოთახში გაჩნდა პირველად.
ვიგო ბოსენის სიყვარული ბუნებრივი მასალებისადმი მთელი მისი შემოქმედებითი პერიოდის განმავლობაში გაგრძელდა და აისახა მის ყველა დიზაინში. მომდევნო წლებში ვიგომ შეიმუშავა თანამედროვე ნაქსოვი ავეჯის სერია.
ვიგო ბოესენს უყვარდა და სწავლობდა ბუნებას, ამიტომაც ის აერთიანებდა მის ფორმალურ ენას თავის დიზაინში. ბუნების მსგავსად, რომელიც წარმოქმნის ნაკადის ფორმებს და ჰარმონიაშია მის გარემოსთან, ბოსენის ავეჯიც ამ ორგანულ ნაკადს მიჰყვება. მჯდომარე ადამიანის ანატომიას სრულიად ერგება ბოსენის სავარძლები, როგორც ერთგვარი პასიური ფორმა, რომელიც ნაზად ეხვევა მჯდომარე ადამიანის სხეულს და აძლევს სითბოსა და უსაფრთხოების შეგრძნებას.
დრო გადიოდა და ვიგო სულ უფრო ახალ დიზაინებს ქმნიდა, მაგალითად, როგორიცაა Teddy Lounge Chair ან Fox Lounge Chair. ამ უკანასკნელმა გაიმარჯვა დიზაინის კონკურსში, რომელიც ორგანიზებული იყო დანიის Wicker-Maker Guild-ის მიერ 1936 წელს. მაშინ როდესაც ფინ იული ცნობილი გახდა აშშ-ში1940-იან წლებში ამერიკულ გამოცემებში გამოქვეყნებული პუბლიკაციების მეშვეობით და ახორციელებდა მთელ რიგ პროექტებს საზღვარგარეთ, ვიგო ბოსენი მხოლოდ საკუთარ ქვეყანაში იყო სახელგანთქმული. ეს შეიძლება გამოწვეული იყო იმით, რომ ბოსენი, საფრანგეთსა და ინგლისში გარკვეული მოგზაურობის მიუხედავად, სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა მშობლიურ კოპენჰაგენში და მისი მოღვაწეობა არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის სფეროში ექსკლუზიურად დანიაში ხორციელდებოდა.
ალბათ, ამგვარად, შეიძლება აიხსნას, რომ მისი სავარძელი “Little Petra”, რომელსაც მისი დედამთილის სახელი ჰქვია, ბოსენის სიცოცხლეში მხოლოდ 30 ეგზემპლარი დამზადდა, დღესდღეობით კი ყველაზე მაღალ ფასებს იძენენ საერთაშორისო აუქციონებზე. 2018 წელს & Tradition-ის მიერ წარმოების განახლებით, ბოსენის დიზაინმა ახლახან მიიღო ძალიან დიდი საერთაშორისო ცნობადობა, რაც, რა თქმა უნდა, ასევე განპირობებულია ბოსენის დიზაინის განსაკუთრებული იდეით, რომელიც უკვე 1930-იან წლებში ფოკუსირებული იყო ბუნებრიობასა და მდგრადობაზე.
ვიგო ბოსენი გარდაიცვალა 1985 წლის შემოდგომაზე 77 წლის ასაკში და ის დიზაინის სფეროს შემორჩა, როგორც “უცნობი შემოქმედი”.