თუ გინდა, რომ ორბეთის სილამაზე ნახო, ალბათ ამ ადგილს მზის ჩასვლის პერიოდში უნდა ესტუმრო. ჩვენ გაგვიმართლა და ეს მზის ჩასვლა შემოდგომას დავამთხვიეთ, პერიოდს, როცა ყველაფერი გაცილებით ლამაზია აქ იმ გარდამავალი ფერების გამო, რომლითაც ეს სეზონი გამოირჩევა.
მივედით და ძალიან დიდი, თვალს რომ ვერ გააწვდენ, ისეთი სათიბი მინდვრები დაგვხვდა, რომლებიც მზის სინათლეზე სხვანაირ ელვარებას იძენდნენ. ამ მინდვრების ერთ წერტილში კი ერთი ძალიან ნათელი, ღია, სტუმრის მოყვარე სახლი დაგვხვდა, საიდანაც ირაკლი გაფრინდაშვილი მოგვესალმა.
როგორც ჩანს, სახლის ადგილი ძალიან დიდი ყურადღებით შეირჩა, რადგანაც აქედან მინდვრები და მზის ჩასვლა სრულყოფილად მოჩანს. ყველაზე სასიამოვნო კი ის ფაქტი იყო, რომ სახლში ყველაფერი ძველი დაგვხვდა – სხვა სოფლიდან ჩამოტანილი ქვები, დურგლის მაგიდა, ფანჯრის სახელურები, განათება.. და თან ეს ნივთები ისეთ ჰარმონიას ქმნიდნენ ერთმანეთთან, ვერასდროს იფიქრებდით, რომ ირაკლიმ ისინი სხვადასხვა რეგიონიდან მოზიდა.
სახლზე საუბარი გაგვიგრძელდა, თუმცა, ყურადღების მიღმა მას ნამდვილად ვერ დავტოვებდით… ირაკლის სათიბის იდეის გამო ვესტუმრეთ, რომელიც შორიდან მაგიურ ჩანაფიქრად გვეჩვენა და ახლოდან – კიდევ უფრო.
“სათიბე არის ცხოვრების ახალი იდეა, რომელიც მეტ-ნაკლებად ერთი მსოფლმხედველობის ადამიანების გარემოცვას გააერთიანებს. ის მდებარეობს ვაკის პარკიდან ნახევარი საათის სავალზე, მანგლისის გზაზე და მოიცავს 30 ჰექტარს.”
ეს ის ირაკლი გაფრინდაშვილია, რომელიც 2 წლის წინ დიდი ენთუზიაზმით საუბრობდა თავის საოცნებო საქმიანობაზე – დურგლობაზე. მას ყოველთვის სურდა, რომ სტუმრები თავის დიდ სახელოსნოში მიეღო. ასეთი ადგილი მან ორბეთში იპოვა და გადაწყვიტა, საკუთარი თავის გადასახლებასთან ერთად, მთელი თავისი სანაცნობოც აქ გადმოესახლებინა. სწორედ ამიტომ, სათიბეს შექმნით იდეაზე მუშაობის გამო სულ ცოტა ხნით თავისი საქმიანობა გვერდზე გადადო.
თავდაპირველად ეს იდეა ირაკლის 10 წლის წინ, ლოპოტაზე სტუმრობისას გაუჩნდა: “იქაურობის შემხედვარეს გამიჩნდა აზრი, რომ “მეც მინდა” მსგავსი რამის შექმნა, თუმცა, ეს არც ისეთი მარტივი რამაა..” – ამ იდეიდან 10 წლის შემდეგ კი მან მოახერხა, “სათიბეს” საწყისებამდე მოსულიყო.
ძალიან დიდი მონდომებით, უწყვეტი კომუნიკაციითა და ძალისხმევით შეძლო, რომ ადგილობრივი მიწის მფლობელების მიწები ერთნაირი მსოფლმხედველობის ადამიანებისთვის შეეთავაზებინა – ამას მან ძალიან დიდი დრო მოანდომა და შედეგიც მიიღო – ამ დროისთვის სათიბე უკვე 180 ოჯახს აერთიანებს.
“პირველ რიგში, დავიწყე არტისტების “გადმოცხოვრებით”, დიდი კოლაბორაციისთვის საჭირო ყველანაირ სახელოსნოს ვაპირებ და რასაკვირველია, თბილისში მუშაობას, აქ მუშაობა და ცხოვრება აჯობებს . აქედან არც ერთი მიწა მე არ მიყიდია, უბრალოდ მივდიოდი მათ მფლობელებთან და ვეუბნებოდი, რომ მე გავუყიდდი ამ მიწებს – აი, ასე დავიმეზობლე 180 ოჯახი.”
როგორც ირაკლი გვიყვება, აქ მშენებლობა 2022 წლის გაზაფხულიდან დაიწყება. აშენების ვადა ოჯახებს 3-დან 5 წლამდე აქვთ მიცემული, თუმცა, აუცილებელი პირობაა, რომ მანამდე გაიყვანონ ელექტროენერგია, წყალი, გაზი, რათა სხვა მაცხოვრებლებს წინაღობა არ შეექმნათ.
“ძალიან ბევრი ვიფიქრეთ მე და ჩემმა არქიტექტორმა, თაკო ვალიშვილმა, თუ როგორი სახლები მოუხდებოდა აქაურობას და შევარჩიეთ სამი ტიპი: ქვისა და თუნუქის (რომელიც შეიძლება ჩანაცვლდეს ქვითა და ხით), მეორეა მთლიანად ქვის მასალის და კრამიტით გადახურული, ხოლო მესამე სახლი კი უხეშად შელესილი ენდემური ქვა და თუნუქი იქნება. ეს იქნება ცოტა ესპანური, ცოტა იტალიური, ცოტა აღმოსავლური და, რაც მთავარია, სათიბესთვის დამახასიათებელი სახლი. გვინდა, რომ უფრო ერთსართულიანი სახლები ავაშენოთ და დავანგრიოთ მრავალსართულიანი კერძო სახლის სტერეოტიპი და, რაც მთავარია, გვქონდეს მხოლოდ ამ სამი ტიპის სახლი და არც ერთი – განსხვავებული.”
ირაკლიმ ასევე გვიამბო გერმანელებით დასახლებულ ასურეთზე, რომელიც ორბეთიდან ნახევარი საათის სავალზეა და საიდანაც იქაური სახლების ქვების წამოღებას აპირებენ, რომლებიც რეაბილიტაციას არ ექვემდებარება. სწორედ ამ ქვებით აშენდება ქარის წისქვილი. მისივე თქმით, სწორედ აქ იქნება სოფლის შეკრების ადგილი. აქვე იქნება პაბი, ლუდსახარში, რესტორანი, მარანი, კაფე და ა. შ მოკლედ რომ ვთქვათ, გარდა დასახლებისა, სათიბე იქნება საერთო სივრცეებით სავსე ადგილი, სადაც ყველა მოსახლეს გაუხარდება სახლიდან გამოსვლა და გასეირნება.
როგორც ირაკლი ვარაუდობს, სათიბე სრულყოფილ სახეს დაახლოებით 10 წელში მიიღებს. შემდეგ უკვე შეიქმნება რეგიონის ტურისტული მარშრუტი, რომლის მეშვეობითაც უცნობი თუ ნაცნობი ადამიანები მარტივად გაიგნებენ გზას. დაგვეთანხმებით, ეს იდეა ნამდვილად ჰგავს ოცნებას, თუმცა, ყველა დასახლება ხომ ოდესღაც ოცნება იყო… ერთი კი ვიცით, 10 წლის შემდეგ აუცილებლად ვესტუმრებით სათიბეს და ამ სათიბი მინდვრების ნაცვლად თანამედროვე სოფელს დაგათვალიერებინებთ და აუცილებლად ვიტყვით, რომ თანამშრომლობა თანაცხოვრების იდეით ერთ-ერთი საუკეთესო გზაა ახალი სოფლის შესაქმნელად.
ავტორი: თინათინ უგრეხელიძე
ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე