ეს სახლი ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, მზია ერისთავის ქუჩაზე მდებარეობს და მისი საერთო ფართობი 450 კვადრატული მეტრია. როგორც მეპატრონეები გვიამბობენ, აღნიშნული ლოკაციის შერჩევის ორი უმთავრესი მიზეზი ულამაზესი ხედები და ეკოლოგიური გარემო იყო.
ცოლ-ქმარმა სახლის მშენებლობა ნაკვეთის შეძენიდან რამდენიმე წელიწადში დაიწყო. როგორც ჩვენი რესპონდენტები იხსენებენ, ყველაზე რთული ეტაპი მიწის სამუშაოები იყო, ვინაიდან საჭირო გახდა ნაკვეთის ზედაპირის მოსწორება, რაც საკმაოდ შრომატევადი პროცესი აღმოჩნდა. წყვილმა პროექტის დაწყებისთანავე გადაინაწილა პასუხისმგებლობა – ქმარი აქტიურად იყო ჩართული სამშენებლო პროცესში, ხოლო სარემონტო სამუშაოები და ინტერიერის მოწყობა მისმა მეუღლემ გადაიბარა, თუმცა საერთო ჯამში, წყვილი ყველა დეტალზე შეთანხმებულად მოქმედებდა.
“ინტერიერის დიზაინთან პროფესიული შეხება არასდროს მქონია, მაგრამ ყოველთვის მაინტერესებდა და მომწონდა ეს სფერო. რამდენიმე თვე გრაფიკული დიზაინის კურსებზეც კი დავდიოდი. რაც შეეხება ჩემი სახლის დიზაინის შექმნას, ამ პროცესში პირადად ვიყავი ჩართული და ყველა დეტალს დაწვრილებით განვიხილავდი,” – გვიამბობს დიასახლისი.
აღსანიშნავია, რომ სახლის ინტერიერზე, პროფესიული კითხით, დიზაინერმა ამირან პატარქალიშვილმა იმუშავა.
“ინტერიერის შექმნის პროცესში ჩვენი მიზანი მდგომარეობდა იმაში, რომ სახლი ყოფილიყო მყუდრო, დადებითი აურის მატარებელი და სასიამოვნო საცხოვრებელი ყველა ოჯახის წევრისთვის. ის არ უნდა ყოფილიყო ძალიან გადატვირთული. ასევე სახლში არ უნდა ყოფილიყო არც ერთი ისეთი კუთხე, რომელსაც იშვიათად გამოვიყენებდით. შვილებსაც ცალკე ვუთანხმებდით მათი ოთახების დიზაინს. პირადად მე, ძალიან მიყვარს დიდი აბაზანები და სწორედ ამიტომ, პროექტზე მუშაობის დაწყებისთანავე ეს ჩემი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო.”
როგორც რესპონდენტები გვიამბობენ, პროექტის მიმდინარეობის პროცესში ისინი ხშირად კამათობდნენ ცალკეულ უმნიშვნელო დეტალებზე და იმასაც კი “შიშობდნენ” (ხუმრობით), რომ ოჯახი რემონტის გამო არ დანგრეოდათ, თუმცა, საბოლოო ჯამში, თავდაუზოგავმა შრომამ შედეგი გამოიღო და მათ იდეალური საცხოვრებელი შექმნეს.
“ვთვლი, რომ ყველა მიზანს მივაღწიეთ, რადგან 4 წელია აქ ვცხოვრობთ და ჯერჯერობით არაფრის შეცვლის სურვილი არ გვაქვს“, – გვიამბობენ სახლის მეპატრონეები.
ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე