როდესაც საქმე ინტერიერის დიზაინს ეხება, არსებობს მცდარი წარმოდგენა, რომ თითქოს, პროექტის შესრულება საკმაოდ მარტივია და ამისთვის საკმარისია მხოლოდ კარგი გემოვნება და მუშების „თავზე დგომისთვის“ საჭირო დრო. იმ შემთხვევაში თუ პროფესიონალი დიზაინერი ან არქიტექტორი არ ხართ, სავარაუდოდ თქვენც ხშირად გიფიქრიათ ასე, თუმცა, როგორც დარგის სპეციალისტები გვიამბობენ, რეალობა სულ სხვაა. ამ მითის გასაქარწყლებლად ჩვენ არქიტექტორსა და ინტერიერის დიზაინერ ნატალი ღუდუშაურს გავესაუბრეთ და მის ხედვას უცვლელად გთავაზობთ:
„როგორც ცნობილია, ყველაფერი ხარისხიანის შესაქმნელად დრო, ცოდნა და გამოცდილებაა საჭირო. შესაბამისად, გამონაკლისს არც ინტერიერის დიზაინი წარმოადგენს. მეტიც, გეტყვით, რომ შიდა მოწყობის პროექტები, თავისი სიზუსტითა და დეტალების კომპლექსურობით ბევრად უფრო რთულია, ვიდრე არქიტექტურული პროექტების უმეტესობა. რატომ? მოდით, შემდეგი რამდენიმე კომპონენტი განვიხილოთ და მერწმუნეთ, ყოველთვის, როდესაც ამიერიდან რემონტს დააპირებთ, აუცილებლად გაგიელვებთ აზრი, რომ საქმეში აუცილებლად ჩართოთ პროფესიონალი.
საქმე იმაშია, რომ ჩვენ, ინტერიერის დიზაინერებს, უპირველეს ყოვლისა, საქმე თქვენს პირად სივრცესთან გვაქვს, სადაც თქვენი თითოეული, ძალიან ინტიმური დეტალის გათვალისწინება გვიწევს. ეს შეიძლება იყოს თქვენი ყოველდღიური ჩვევა, ფიზიკური მახასიათებელი ან თუნდაც ის სურვილები, რომლებიც არც კი იცით, რომ თქვენს გონებაში არსებობს.
წარმოიდგინეთ, რომ ჩვენი მთავარი დავალება თქვენი „წაკითხვა“, თქვენი, როგორც პიროვნების სხვადასხვა ფენების კვლევა, რაფინირება და თაროებზე დალაგება. როდესაც ეს დავალება შესრულებულია და მაგალითად ვიცი, რომ თქვენ დილით გაღვიძებისთანავე ფინჯანი ესპრესოს მირთმევა გიყვართ, კარადაში, რომელსაც თქვენი საწოლის გვერდით მოვათავსებ, აუცილებლად გავითვალისწინებ სივრცეს ყავის პატარა აპარატისთვის.
ხოლო თუ ვიცი, რომ ოჯახში ძაღლი გყავთ, ისეთ თაროს მოგიფიქრებთ სამზარეულოს კუნძულზე, თავისი ონკანითა და ფიქსირებული თასებით, რომ არ მოგიწევთ სტანდარტულ ნიჟარასთან თასის შევსება, რაც თავიდან აგარიდებთ იატაკზე დასხმულ არასასურველ წვეთებსა და სხვა დისკომფორტს.
ამას გარდა, პირადად მე, თითოეულ პროექტში ყოველთვის ვქმნი ,,ჯადოსნურ” მომენტებს. ეს ჯადოსნობა მცირეოდენი დეტალები და იდეებია, რომლებიც თქვენს ყოველდღიურობას ცოტათი ამსუბუქებს და ამარტივებს. წარმოიდგინეთ, რამდენად სასიამოვნოა, როდესაც თქვენივე ბინა თქვენზე შეკერილ სამოსს ჰგავს და ის იდეალურად გერგებათ. ვისაც ეს გამოუცდია, ნამდვილად მიხვდება რას ვგულისხმობ…
აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ ნებისმიერი ჯადოსნობა წარმოუდგენელია გამართული სწორად შესრულებული ტექნიკური დეტალების გარეშე. დავუშვათ, რომ კარგად იცნობთ საკუთარ თავს, თქვენს სურვილებსა და მოთხოვნილებებს, მაგრამ რამდენად კარგად იცნობთ ბეტონს, ავეჯის დიზაინსა თუ ელექტროგაყვანილობის მოთხოვნებს? შეგიძლიათ განსაზღვროთ სხვადასხვა საფარის გადაბმა, მათი სიმაღლე და საუკეთესო გადაწყვეტა მოიფიქროთ? ან ისე გადაანაწილოთ განათება, რომ სივრცე არც ძალიან ბნელი იყოს, არც ძალიან განათებული, გქონდეთ დღის სხვადასხვა მონაკვეთში თქვენზე მორგებული განათება და ზონირება? სწორედ ამიტომ მიიჩნევა, რომ ინტერიერის დიზაინი სუფთა წყლის ინჟინერიაა. იმ ლამაზი გამოსახულების მიღმა რომელიც ასე სიამოვნებს თქვენს თვალს, უამრავი მათემატიკური და ერგონომიული გათვლა დგას.
მე და ჩემი გუნდი ყოველთვის დეტალურად ვამოწმებთ თითოეულ დეტალს, რათა, მაგალითად, ფილების განაწილება იატაკსა თუ კედელზე პატარა ჩაკერებების გარეშე შესრულდეს. საამისოდ ვხაზავთ თითოეული სივრცისა თუ ზედაპირისთვის საჭირო ნახაზებს, სადაც იპოვით გაყვანილობას, მოპირკეთებას, გადაბმებს, კოდირებებსა და გვერდზე ჩამოყოლებულ კომენტარებსა თუ მითითებებს. რემონტი პროცესია, რომელიც სხვადასხვა ურთიერთ გადაბმული რგოლებისგან შედგება. მე, როგორც ამ ჯაჭვის ერთ-ერთი შემადგენელი, ვრწმუნდები, რომ ჩემი ნააზრევი გასაგებად არის გადატანილი ქაღალდზე და მზად არის, რომ სამშენებლო ჯგუფს გადაეცეს.
ინტერიერის დიზაინის ალბომის შედგენა რთული და შრომატევადი პროცესია. ხშირად გამიგია, თითქოს საკმარისია რამდენიმეთვიანი კურსის გავლა და პროფესიაც ათვისებულია, ან თითქოს დიზაინერობა მეორეხარისხოვანი, გასართობად მოფიქრებული საქმიანობაა. დიახ, ჩვენ ვერთობით და ნამდვილად დიდ სიამოვნებას გვანიჭებს თქვენთვის სასურველი გარემოს შექმნა, თუმცა ეს მხოლოდ დაუღალავი შრომისა და მრავალწლიანი გამოცდილების შედეგია.”