მაღალი, საუცხოო ჭერი და კედლები, ძველებური აურა და აღმაფრთოვანებელი მოხატულობა – დღეს სწორედ ასეთ სახლზე უნდა გიამბოთ, რომელიც თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარეობს.
როგორც სახლის ბინადრები გვიამბობენ, შენობა, რომელშიც ეს ბინა მდებარეობს, საკმაოდ ძველია. 1956 წელს ორსართულიან ნაგებობას მესამე სართული დააშენეს და სახლის ამჟამინდელმა მაცხოვრებლებმაც სწორედ ამ წელს შეიძინეს ეს სივრცე. 2 წლის განმავლობაში ბინაში რემონტი მიმდინარეობდა, თუმცა, ამ პროცესის ყველაზე ღირსშესანიშნავი მომენტი ალბათ სახლის კედლების მოხატვა იყო.
როგორც აღმოჩნდა, სწორედ ამ პერიოდში მიმდინარეობდა რუსთაველის თეატრის რესტავრაცია და საამისოდ ჩამოყვანილი ჰყავდათ უცხოელი მხატვარ-რესტავრატორები. გამომდინარე იქიდან, რომ ამ ოჯახში ძალიან უყვარდათ მხატვრობა და ზოგადად ხელოვნება, გადაწყდა, რომ ამ სახლსაც ზემოხსენებული მხატვრები მოხატავდნენ და ასეც მოხდა. ბინის მოხატვის პროცესი თითქმის ნახევარი წელი გრძელდებოდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ სახლს სულ ერთხელ ჩაუტარდა რესტავრაცია და ისიც მცირედად – ეს კი დიდი ხნის წინ მოხდა და მას შემდეგ სივრცე, ფაქტობრივად, ხელუხლებელია.
როდესაც ამ სახლზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ მისი ავეჯიც, რომელიც სხვადასხვა ანტიკვარულ ელემენტს აერთიანებს. როგორც აღმოჩნდა, ეს ავეჯი ერთგვარად ოჯახური მემკვიდრეობაა, რომელიც ოჯახის უფროსმა წარმომადგენლებმა ძალიან დიდი ხნის წინ შეიძინეს სხვადასხვა ქვეყანაში.
ზემოხსენებულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ბინის იდენტობას სწორედ მისი ეს სიძველე განაპირობებს. ძველებური სივრცეების ხიბლი ხომ სწორედ მის დეტალებშია – შესაბამისად, არც ეს შემთხვევაა გამონაკლისი. აქ თითოეული ნივთი თავის ისტორიას ინახავს და საერთო ჯამში, გადმოგვცემს ერთი თბილისური ოჯახის ამბავს… ოჯახისა, რომელშიც ხელოვნება ძალიან უყვართ.
ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე