in ,

#სადვიცხოვრო: მულტიკულტურული ელემენტებით დატვირთული ბინა წინამძღვრიშვილის ქუჩაზე

Banner M2
Banner M2

ეს ბინა ახალგაზრდა წყვილს, თეონასა და ენდრიუს ეკუთვნის. მართალია, მათ ერთმანეთი თბილისში გაიცნეს, მაგრამ უკვე თითქმის 6 წელია, რაც გერმანიაში, ბერლინში ცხოვრობენ. მიუხედავად იმისა, რომ წყვილი IT სფეროში მოღვაწეობს და ინტერიერის დიზაინთან პროფესიული შეხება არასდროს ჰქონია, ენდრიუმ და თეონამ თანაცხოვრებისას გააცნობიერეს, რომ ამ სფეროს მიმართ ორივეს განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია და ამ მიმართულებით ერთად მუშაობაც კარგად გამოსდით.

ბინა, რომელიც თბილისში, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მდებარეობს, პანდემიის დროს შეიძინეს. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ე.წ. “ლოქდაუნი” გამოცხადდა და წყვილი საქართველოში ჩამოვიდა “გამოსაზამთრებლად”.

როგორც თეონა და ენდრიუ გვიამბობენ, ბინის თავდაპირველი მფლობელი პროფესიით არქიტექტორი იყო და სწორედ მან ჩადო უდიდესი შრომა სივრცის აღდგენასა და მისი პირვანდელი სახის შენარჩუნებაში.

“გვიხარია, რომ თავდაპირველი მფლობელისა და ჩვენი გემოვნება რემონტის კუთხით დაემთხვა ერთმანეთს და ვთვლით, რომ ძალიან გაგვიმართლა, რადგან ამ ადამიანმა დაგვიტოვა იდეალურად დაპროექტებული და გარემონტებული სახლი, რომელიც სავსეა დადებითი ენერგიითა და ბევრი სინათლით. ჩვენ კი ინტერიერის ნაწილი გვერგო.”

თეონასა და ენდრიუს პროფესიონალი დიზაინერისთვის არ მიუმართავთ. მათ საკუთარი ბინის მოწყობა თავად გადაწყვიტეს და როგორც გვიამბობენ, სტილზე ბევრი არ უფიქრიათ, რადგან იდეა უკვე მზად ჰქონდათ.

“ჩვენ გადავწყვიტეთ, ბინაში ჩვენი საყვარელი ქვეყნები “დაგვეპატიჟებინა”. ვინაიდან მოგზაურობას ვერ ვახერხებდით პანდემიის შეზღუდვებიდან გამომდინარე, ამ ფორმით გვსურდა, ცოტა დროში გვემოგზაურა.”

აღნიშნული კონცეფციიდან გამომდინარე, ინტერიერში გვხვდება ისეთი მრავალფეროვანი დეკორის ელემენტები, როგორიცაა ქართული და მაროკოული ვინტაჟური ხალიჩები, ინდონეზიური ბატიკი, მოზამბიკური ნიღბები, ინდური ხე, ვიეტნამური გავლენით შექმნილი სანათები, ვინტაჟური კონსოლები, აღმოსავლური ჭაღები და სამოცამდე ტროპიკული მცენარე.

“განსაკუთრებით გვიყვარს ჩვენი ტიპური თბილისური, შემინული კორიდორი,  რომელსაც მოფერებით “ჭრიჭინა ანგელოზების ორანჟერეას” ვეძახით. მცენარეების უმეტესობა სწორედ აქ დავაბინავეთ, ხოლო ლელა ცუცქირიძის ჯადოსნური ტილოების პერსონაჟები, ჭრიჭინა ანგელოზები, მათ მცველებად დავუყენეთ.”

“ამ სახლში, ასე ვთქვათ, “დაპრესილი დედამიწის” შექმნა გვინდოდა და იმედია, გამოგვივიდა. მთავარი ტილო მისაღებ ოთახში სწორედ ამ მოტივით შევარჩიეთ. მისი ავტორი არაჩვეულებრივი მხატვარი, თამარ დადეშქელიანია, რომელიც ორსულად იყო, როდესაც “Friend or Foe”-ს გვიხატავდა. შესაბამისად, ამ ნამუშევარს პრაქტიკულად, ორნი ხატავდნენ, რაც ჩვენთვის ძალიან ემოციური და ამაღელვებელი ფაქტორი იყო.”

აღსანიშვავია, რომ მოცემული ბინა ამ ეტაპზე გასაქირავებლად არის გამოტანილი და მისი დაქირავება Airbnb პლატფორმის საშუალებით არის შესაძლებელი.

რუბრიკა #სადვიცხოვროს წარმდგენია უძრავი ქონების პლატფორმა Area.ge

ფოტოგრაფი: გიორგი იაშვილი

ტური ვანესა ჰაჯენსის ლოს ფელიზის სახლში

შავი, თეთრი და მწვანე კარკასი – რა იგულისხმება ამ ტერმინების მიღმა