in ,

#სადვიცხოვრო: ზოროასტრიულ ათეშგასთან მდებარე სახლი გომის ქუჩაზე

Banner M2
Banner M2

ოთო ჯანგველაძე ძველ თბილისში დაიბადა და გაიზარდა. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ ქალაქის ეს ნაწილი მისთვის განსაკუთრებით საყვარელი ადგილია. მოგვიანებით მოხდა ისე, რომ ოთოს ამ უბნიდან გადასვლა მოუხდა, თუმცა გულის სიღრმეში მან ყოველთვის იცოდა, რომ აქ დაბრუნდებოდა.

ეს 2007 წელს მოხდა, როდესაც ოთოს მეგობარმა საინტერესო განცხადება გაუზიარა გასაყიდ ბინასთან დაკავშირებით. როგორც ჩვენი რესპონდენტი იხსენებს, ობიექტის სანახავად მისულს, სახლის ნაცვლად თითქმის ნანგრევები დახვდა, მაგრამ ადგილმა და ხედმა იგი იმდენად მოხიბლა, რომ ბევრი არ უფიქრია, ისე გადაწყვიტა სახლის შეძენა გომის ქუჩაზე.

თავდაპირველად სახლი ისეთ მდგომარეობაში იყო, რომ თავისუფლად შეიძლება ითქვას, იგი არ არსებობდა, სულ დანგრეული იყო. შესაბამისად, მისი დაშლა და თავიდან აშენება მომიწია. ლოკაციიდან გამომდინარე, ნებართვის მოპოვება და აშენება ურთულესი პროცესი აღმოჩნდა. სახლი ნარიყალას ფერდობზე, კლდის უბანში მდებარეობს. სიტუაციას ისიც ართულებდა, რომ შენობა V საუკუნის უნიკალურ ძეგლზე – ზოროასტრიულ ათეშგაზე იყო მიბჯენილი, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ საერთო კედელი ჰქონდათ. კომისიის წევრებმა ათეშგისგან დაშორება მოითხოვეს. თუმცა, მე არქიტექტორ რუსუდან დოლიძეს ვთხოვე ისეთი პროექტი წარმოედგინა, რომ  გამოჩენილიყო ათეშგის სამხრეთ კედელი, რომელიც შემდგომ რესტავრაციას დაექვემდებარა,”- იხსენებს ოთო.

ამას გარდა, მდგომარეობას ართულებდა ისიც, რომ სახლის მდებარეობიდან გამომდინარე, სატვირთო მანქანები ვერ ადიოდნენ მთაზე და მასალების აზიდვა მხოლოდ ხელით იყო შესაძლებელი. შესაბამისად, ეს პროექტი ოთოსთვის უდიდესი გამოწვევა აღმოჩნდა, რომელმაც დიდი პრაქტიკული გამოცდილება შესძინა მას.

რაც შეეხება ინტერიერს, მასზე პროფესიონალ დიზაინერს არ უმუშავია. მიუხედავად იმისა, რომ ოთოს სრულიად სხვა სფეროში უწევს საქმიანობა, ამ პროექტის მაგალითზე ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ ინტერიერის დიზაინი მისთვის ერთ-ერთი საინტერესო სფეროა.

ინტერიერის წინასწარი გეგმა არც კი შეგვიქმნია, დიზაინერიც არ გვყოლია. სახლი ჩემი და ჩემი მეუღლის იდეების გაცვლა-გამოცვლით, ინტერნეტისა და ჟურნალების დახმარებით მოპოვებული ინსპირაციით და ასევე უამრავი კამათის ფონზე შეიქმნა. თუმცა, დღეს ორივე ვთვლით, რომ კარგი შედეგი მივიღეთ და ეს ყველაფერი ამად ნამდვილად ღირდა.”

პროექტის დასრულების შემდგომ ოთომ და მისმა მეუღლემ სახლი გასაქირავებლად გამოიტანეს და მას შემდეგ დღემდე უამრავი კმაყოფილი სტუმრისთვის გაუწევიათ მასპინძლობა.

“ეს სივრცე გამოირჩევა სიმყუდროვითა და მრავალფეროვნებით. იგი წლებით ნაგროვები ძველებური ნივთებითაა სავსე, რომლებიც სახლს უნიკალურობას მატებენ. სხვათა შორის, სტუმრები ხშირად აღნიშნავენ, რომ სახლის დატოვება არ სურთ, რაც ცხადია, ძალიან სასიამოვნო მოსასმენია.”

როგორც ოთო გვიამბობს, ამ სახლის ერთ-ერთი მთავარი ხიბლი მისი სამეზობლოა, რომელმაც დღემდე შეინარჩუნა ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი – ძველებური თბილისური სული.

ეს არის ძალიან თბილი და მყუდრო გარემო. მახსოვს, სახლის სამშენებლო სამუშაოებში მთელი უბნის მაცხოვრებლები იყვნენ ჩართულნი, განსაკუთრებით მინდა ვახსენო ბატონი ჩიტო, რომელიც უბნის კოლორიტია და დიდი შრომა აქვს ჩადებული აქაურობის მოვლაში. აქვე არ შემიძლია, არ ვახსენო ქალბატონი მანანა და ბატონი ოთარი, რომლებიც სტუმრების დახვედრასა და სახლის მოვლაში გვეხმარებიან. რომ შევაჯამო, მხარდაჭერისა და სითბოს გარდა, არაფერი მოუტანია ამ სამეზობლოს ჩვენთვის. მათთან ურთიერთობა და მუშაობა ყოველთვის დაუვიწყარი იქნება. მინდა ეს გარემო შევადარო ფილმს “მზე შემოდგომისა”, რომელიც ჩვენს გვერდით სახლშია გადაღებული. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ თითქოს თბილისის განვითარებამ აქაურობაზე საერთოდ არ იმოქმედა (ცხადია, დადებითი კუთხით ვგულისხმობ). აქ შენარჩუნებულია ძველებური სიყვარული და ურთიერთგაგება. უბანი განსაკუთრებული ჰარმონიით გამოირჩევა, იგი სხვადასხვა ეროვნების, პროფესიისა და რელიგიური მრწამსის წარმომადგენლებითაა დასახლებული და აქ სითბოს გარდა არაფერი სუფევს.”

აღნიშნული სახლის ქირაობა შესაძლებელია Airbnb პლატფორმის მეშვეობით.

რუბრიკა #სადვიცხოვროს წარმდგენია უძრავი ქონების პლატფორმა Area.ge

ტური ალიშა ქისის კალიფორნიის სახლში

თივის სახლი – ახალი ეკოლოგიური ტენდენცია საფრანგეთში