ბურიანის ტყეში, საგურამოდან 14 კილომეტრში ერთი განსაკუთრებული ქოხი გვხვდება. ის ჩვეულებრივი ქოხი არ არის, პოეტის ქოხია და, შესაბამისად, მასში პოეტური აურაც ნამდვილად იგრძნობა. მისი აშენების იდეა მწერალ, რობაისტ ელგუჯა მარღიას მეუღლეს, მანანა გეგიძეს გაუჩნდა.
“მინდოდა, ჩემს მწერალ მეუღლეს, რობაისტ ელგუჯა მარღიას ჰქონოდა ადგილი, სადაც განმარტოებას შეძლებდა. ექნებოდა ბიბლიოთეკა და ტყეში, ბუნებასთან ჰარმონიაში შექმნიდა ახალ რობაიებს, ლექსებს,” – მანანა გეგიძე.
სწორედ ასე საინტერესოდ დაიწყო იმ ადგილის ამბავი, სადაც ამჟამად სტუმრობის სურვილი უამრავ ადამიანს აქვს. როგორც ქალბატონი მანანა გვიამბობს, პოეტმა ეს სახლი თავისი ხელებით ააგო 1 წლის წინ. მართალია, უხვთოვლიანი ზამთარი დამდგარა ბურიანში, თუმცა, პოეტმა მაინც მოახერხა, ახალ წელს იქ შეხვედროდა.
“იდეას ფრთები შეასხა თვითონ პოეტმა, როცა ჩვენი მეგობრების ნაჩუქარი ძველი ხის სახლი დაშალა და დაიწყო ქოხის აშენება, თუმცა, რა თქმა უნდა, ხელოსანიც ეხმარებოდა. ქოხი საუკუნის უნიკალური კრამიტითაა დახურული. საბოლოოდ, გამოვიდა ზუსტად ისეთი ქოხი, როგორიც რვეულში გვქონდა ჩახაზული. დაძველებული, გახუნებული ფიცრები უფრო მიმზიდველს ხდის მას.”
ქოხის მასპინძლები აპირებენ, აქ პოეზიის საღამოები, საინტერესო შეხვედრები გამართონ, მოიწვიონ არაერთი თვალსაჩინო მწერალი, მომღერალი და სხვა საინტერესო ადამიანები. გარდა ამ ყველაფრისა, ქოხში ვიზიტი და დასვენება ისედაც შეუძლია ნებისმიერ მსურველს. თუმცა, არის პერიოდები, როცა ქოხი კარს ხურავს და მხოლოდ ოჯახს მასპინძლობს.
რაც შეეხება ინტერიერს, აქაურობა ძველი, რკინის საწოლებით იწონებს თავს. აქ ყველა კედელზე წიგნის თაროებია განთავსებული და საკმაოდ მდიდარ ბიბლიოთეკას ვხვდებით.
“ჰენრი თოროს “უოლდენი, ანუ მთაში ცხოვრება” ელგუჯას სამაგიდო წიგნია. ის სწორედ ჩვენი ტყეში ცხოვრების შთამაგონებელია. თორო ცნობილი ამერიკელი მწერალი და საზოგადო მოღვაწე იყო. ელგუჯაც თოროსავით ცხოვრობს. თორო ჰქვია კომპლექსს, რომლის შემავალი ნაწილიც არის “პოეტის ქოხი”. “ქოხს” აქვს პატარა ეზო, პატარა ტერასა და ერთგვარად ზღაპარივით არის ეს გარემო. ეზოში მოლბერტიც დგას – ვისაც ხატვა უყვარს, შეუძლია ამ გარემოში აისრულოს სურვილი.”
რაც შეეხება შიდა განლაგებას, აქ გვხვდება შეშის ღუმელი, სამზარეულოს პატარა კუთხე, ორი რკინის საწოლი და სველი წერტილი. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ქოხიდან საოცარი ხედები იშლება.
როგორც ქალბატონი მანანა გვიამბობს, ქოხს არაერთი გამოჩენილი ადამიანი სტუმრობს დღესდღეობით და იგი მუდმივად ყურადღების ცენტრშია პრესისა და ტელევიზიის მხრიდან. ყველაფერი ეს კი ცოლ-ქმარს შთაგონებას აძლევს, საინტერესო შეხვედრებით დატვირთონ აქაურობა. და რაც მთავარია, ისინი ყოველთვის მზად არიან, დიდი სიყვარულით უმასპინძლონ ყველა მსურველს.