in

5 მცენარე სველი წერტილების გასამწვანებლად – Cattleya გვირჩევს

თანამედროვე ინტერიერში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება ცოცხალი მცენარეები, რომლებიც წარმოადგენენ ბუნების პატარა ნაწილს საცხოვრებელ, საოფისე ან სხვა ფართში.

თუმცა, ზოგიერთ ოთახში შეიძლება არ იყოს მზის პირდაპირი სხივები ან მკვეთრი განათება. ასევე ბუნებაშიც არსებობს ისეთი მცენარეები, რომლებიც იზრდებიან შედარებით ბნელ ადგილებში, ჩრდილში.

სველ წერტილებში გასაზრდელად კი კიდევ ერთი ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ – ჰაერის მაღალი ტენიანობა, რომელიც ზოგიერთ მცენარეს განსაკუთრებით მოსწონს ზოგს კი – აზიანებს. ასევე უნდა გავითვალისწინოთ განათება – სრულიად სიბნელეში ან მხოლოდ თეთრ ლედ განათებებზე მცენარე ვერ გაიზრდება. საჭიროა აბაზანაში იყოს პატარა ფანჯარა, რაიმე ბუნებრივი სინათლის წყარო ან ფიტო ნათურები – სპეციალური ულტრაიისფერი განათება, რომელიც მცენარის ზრდისთვის გამოიყენება.

აბაზანაში მცენარეების მოთავსებისას მათი ნიადაგი შედარებით ნელა გაშრება, ამიტომ საჭიროა მათი ზომიერი მორწყვა.

Cattleya გვირჩევს 5 ამგვარ მცენარეს, რომლებსაც სველ წერტილებში თავისუფლად განათავსებთ:

გვიმრები 

გვიმრები მცენარეების დიდი ჯგუფია 10 000-ზე მეტი სახეობითა და კიდევ უფრო მეტი ჯიშით. ისინი კარგად რეაგირებენ მაღალ ტენიანობაზე და გასაზრდელად არ სჭირდებათ ძლიერი განათება. რაც შეეხება მათი მოვლის პირობებს:

მორწყვა – წყალი ესაჭიროება ზომიერად, ნიადაგი არ უნდა გამოშრეს მთლიანად;

ნიადაგი –  ესაჭიროება ტორფიანი ფხვიერი. ქოთნის ძირში აუცილებელია დრენაჟი კერამზიტის ან კენჭების სახით;

სასუქი – გვიმრებისთვის სასარგებლოა აზოტიანი სასუქი, თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ მათი ნაზი ფესვების გამო, უმჯობესია, სასუქი გახსნათ უფრო მეტ წყალში, ვიდრე შეფუთვაზეა მითითებული;

ტემპერატურა – არსებობს ყინვაგამძლეებიც, თუმცა ინტერიერის გვიმრები უმეტესად საჭიროებენ 20 გრადუსზე მაღალ ტემპერატურას;

ასპარაგუსი

ასპარაგუსი იგივე სატაცურია. დეკორატიულ ჯიშებს ხშირად ძალიან წარმატებით იყენებენ სველი წერტილების გასამწვანებლად. მას გააჩნია მწვანე ღეროები, რომლებიც სწრაფად იზრდება. 

განათება – არ საჭიროებს ძლიერ განათებას, ზოგიერთი ჯიში იზრდება როგორც ხვიარა მცენარე;

ნიადაგი – მცენარეს გააჩნია ტუბერები, ამიტომ სასურველია ჩაირგას ღრმა ქოთანში, მსუბუქ ნიადაგში. თუ ნიადაგი მძიმე იქნება და კარგად ვერ გაატარებს წყალს, შეიძლება მცენარე დალპეს;

სასუქი – კარგი იქნება გაზაფხული/ზაფხულის პერიოდში მიეცეს კომპლექსური სასუქი;

გადარგვა – გადარგვა კარგია გაზაფხულში ან შემოდგომაზე;

ტემპერატურა – 15-25 გრადუსი.

სელაგინელა

სელაგინელა ხავსისმაგვარი მცენარეა, რომელსაც ძალიან უყვარს მაღალი ტენიანობა. თუმცა, მას ძლიერი განათება არ ესაჭიროება. კარგად იზრდება შუშის ფლორარიუმებში.  

მორწყვა – ეს მცენარე თითქმის არ უნდა გაშრეს;

ნიადაგი – არ სჭირდება ძალიან ნოყიერი, კარგად იგრძნობს თავს ქოქოსის სუბსტრატში ან ტორფის და პერლიტის ნარევში. მთავარია ნიადაგი იყოს ისეთი, რომ მალე შრებოდეს;

სასუქი – უნდა მიეცეს მხოლოდ გაზაფხულზე, ისიც სიფრთხილით, რათა არ დაიწვას. უნდა გაზავდეს ბევრად მეტ წყალში, ვიდრე მითითებულია ეტიკეტზე;

გადარგვა – ზამთრის გარდა ნებისმიერ დროს;

ტემპერატურა – 19-26 გრადუსი.

ასპიდისტრა

ასპიდისტრა მცენარეებში ყველაზე ნაკლებადაა მომთხოვნი სინათლის მიმართ, იგი შეიძლება მოვათავსოთ ისეთ ადგილას, სადაც საერთოდ არ ხვდება ბუნებრივი განათება და არც ფიტო ნათურებია დამონტაჟებული. საინტერესო ფაქტი ისაა, რომ ასპიდისტრას ყვავილები იზრდება პირდაპირ მიწაზე და ხშირად შეუმჩნეველიც რჩება. მოვლით კი საკმაოდ მარტივად მოსავლელი მცენარეა:

მორწყვა – ესაჭიროება ზომიერი ნიადაგი. მორწყვებს შორის უნდა გაშრეს, ზედმეტი წყლის შემთხვევაში ფოთლები უყავისფრდება, რაც იწყება ფოთლის კიდეებიდან;

ნიადაგი – აუცილებელია მსუბუქი ნიადაგი და კარგი დრენაჟი;

გადარგვა – შესაძლებელია წელიწადის ნებისმიერი დროს;

ტემპერატურა – 5-25 გრადუსი ცელსიუსით.

ეპიპრემნუმი

ეპიპრემნუმი კარგად იზრდება მაღალ ტენიანობაზე, თუმცა მისთვის აუცილებელია ფიტო განათება ან მცირე დღის სინათლე მაინც. განსაკუთრებით ლამაზია მაღალ თაროებზე და კედელზე, რომელზეც შეიძლება გავაყოლოთ მარტივად, ისე, რომ მცენარე კედელს არ დააზიანებს.

მორწყვა – აუცილებელია ნიადაგის შეშრობა მორწყვებს შორის, ზედმეტი წყალი გამოიწვევს ფესვის ლპობას ფოთლის გაყვითლებასა და, შესაძლოა, მცენარის კვდომას;

ნიადაგი – აუცილებელია პერლიტის და ტორფის შემცველი ნიადაგი, რომელიც მარტივად ატარებს წყალს, მცენარე კარგად იზრდება ქოქოსის სუბსტრატშიც;

გადარგვა – შეიძლება წელიწადის ნებისმიერ დროს;

ტემპერატურა – 20-26 გრადუსი ცელსიუსით;

იმ შემთხვევაში თუ მცენარე ჭრელია, მოითხოვს მეტ განათებას. 

სანტიაგო კალატრავა – ბუნებრივი ფორმებით შთაგონებული არქიტექტორი

მონოქრომული ბინა ვარდისფერ-მწვანე დეტალებით ფალიაშვილის ქუჩაზე – ნატალია ლუჩანინოვას ინტერიერი