in

პროდუქტის შექმნის გადაულახავი სურვილით მიღებული ენერგია – ინტერვიუ XYZ-ის დამფუძნებელთან

Alliance Group
Alliance Group

სტუდია, რომელიც პროდუქტის დიზაინისა და არქიტექტურის მიმართულებით მუშაობს – ასე შეგვიძლია დავახასიათოთ XYZ, თუმცა, ამ სტუდიის ნამუშევრების დახასიათება ასე მოკლედ ნამდვილად გაგვიჭირდება, რადგან ის ქმნის არაფრის მსგავს, უნიკალურ პროდუქტს. ეს პროდუქტები კი არამხოლოდ დიზაინ ობიექტებია, არამედ ხელოვნების ნიმუშებიცაა – ფაქტობრივად, ისინი ორ ფუნქციას აერთიანებენ თავიანთ თავში. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ ამ საინტერესო სტუდიის დამფუძნებელს, ლევან ლომინაშვილს გავსაუბრებოდით:

“XYZ არსებობს მათთვის, ვისაც სურს უნიკალურ პროდუქტს ფლობდეს,”ლევან ლომინაშვილი, სტუდიის დამფუძნებელი.

– როდის და საიდან გაჩნდა იდეა, შეგექმნათ XYZ?

XYZ – ის შექმნის იდეა გაჩნდა 2013 წელს, როდესაც საბოლოოდ გავაცნობიერე, რომ არქიტექტურაში ჩემი ესთეტიკური და იდეოლოგიური ხედვების, სურვილების, მისწრაფებების რეალიზაცია შეუძლებელი იქნებოდა და ყოველთვის დამკვეთის გემოვნებასა და მიზნებზე ვიქნებოდი დამოკიდებული.

– რა გამოცდილება გქონდათ სტუდიის დაარსებამდე და როგორი იყო XYZ-ის პირველი ნაბიჯები?

მე პოლიტექნიკური უნივერსიტეტის დიპლომირებული არქიტექტორი ვარ. 90-იან წლებში ვმუშაობდი იტალიაში, რომის ერთ-ერთ არქიტექტურულ სტუდიაში, ძირითადად, ვაკეთებდი საცხოვრებელ, მრავალბინიან კორპუსებს. შემდეგ, 1995 წელს, ჩამოვედი საქართველოში და განვაგრძე აქ საქმიანობა. თავდაპირველად არა დიზაინის, არამედ არქიტექტურული თეორიის მიმართულებით დავიწყე საქმიანობა. მოგეხსენებათ, ეს ის პერიოდია, როცა არქიტექტურის მიმართულებით საქართველოში თითქმის არაფერი ხდებოდა.

2000-იანების დასაწყიდან, როცა დიზაინისა და არქიტექტურის კუთხით უფრო გამოცოცხლდა სიტუაცია, გადავწყვიტე შემექმნა XYZ. თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ჩემი სტუდია ქართველი მომხმარებლების გემოვნებისგან განსხვავებულ ნამუშევრებს ამზადებდა. საქართველოში, ძირითადად, კვლავ ტრადიციული, კლასიკური და პოსტმოდერნისტული სტილი მოსწონთ მაშინ, როცა მე ძალიან მიზიდავს დასავლური სტილი.

– თქვენს ნამუშევრებს უწოდებთ Attractor limited edition – როგორ განმარტავთ ამას? რას იზიდავს თქვენი ნამუშევრები და რატომ ფიქრობთ ასე?

“ატრაქტორი” – ვინაიდან პროდუქტი მაყურებლის ყურადღებას უნდა იზიდავდეს. ეს ერთგვარი ტესტია. მაყურებელი წარმოსახვაში ან რეალურად, ჩემს ნივთებს სხვა ნივთების გვერდით ათავსებს. რომელიც მეტ ყურადღებას მიიპყრობს, მნიშვნელოვანიც სწორედ ის არის. და მაინც, ჩემს ნამუშევრებს მიმზიდველს მათივე უნიკალურობა ხდის ალბათ. მე ყოველთვის თვალს ვადევნებ სხვა კოლეგების საქმიანობას მსოფლიო მასშტაბით და ვცდილობ, ვიყო საქმის კურსში. შესაბამისად, ვიცი პროფესიული პრობლემატიკა, ვიცი, ვინ რას აკეთებს. ეს მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც არ გაიმეორო სხვისი ნამუშევარი და ეცადო, გააკეთო ის, რაც აქამდე არ გაკეთებულა. ალბათ, სწორედ ამიტომ არის ჩემი ნამუშევრები უნიკალური და აუცილებლად ლიმიტირებული – რადგან ისინი, ძირითადად, შეზღუდული რაოდენობით (7, 12, 20) იქმნება.

 – საკმაოდ ორიგინალური ნამუშევრები გაქვთ – როგორ და საიდან მოდის ამ ნივთების შექმნის შთაგონება? რა ხდება ხოლმე ინსპირაციის წყარო?

შთაგონების წყარო ნებისმიერი რამ შეიძლება იყოს, მაგრამ ეს მთავარი არ არის. მთავარი ენერგიაა, პროდუქტის შექმნის გადაულახავი სურვილი. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ინსპირაციაზე საუბარი. რეალურად, ინსპირაცია სხვა არაფერია, თუ არა „მუზის“ დანახვა. შემდეგი ეტაპი „მუზის“ მოთვინიერებაა. ეს კი ტექნიკაა – ანუ ისეთი რამ, რაც შეიძლება ისწავლო.

– როგორ ფიქრობთ, როგორი სივრცეებისთვისაა განკუთვნილი თქვენი ნამუშევრები?

ჩემი პროდუქტები უფრო მეტად მუზეუმის, გალერეის, კოლექციონერის „მაღალი“ და „პრივილეგირებული“ სივრცეებისთვის არის განკუთვნილი. ისინი სხვა ნივთებისგან გარკვეულ „სანიტარულ ზონას“,  „სივრცულ პაუზას“ მოითხოვენ. ეს კი იმიტომ, რომ, ჩემი აზრით, ისინი ძალიან ინდივიდუალური სტილის მქონენი არიან და ყველანაირ გარემოს ვერ ერგებიან. აი, წარმოიდგინეთ, სიტუაცია მუზეუმში. კედელზე წარმოდგენილია ნახატი. მაგრამ ამ ნახატს გვერდით სხვა ნახატს ხომ ვერ მივაწებებთ?!… მას გარკვეული ჩარჩო და დისტანცია სჭირდება სხვა ნამუშევრისგან. სწორედ ასევე სჭირდებათ ჩემს ნამუშევრებს პაუზა, რათა დაინახო და აღიქვა ისინი.

– გვესაუბრეთ აღიარებებზეც – ალბათ XYZ-ს არაერთი ჯილდო მოუპოვებია..

აღიარება, წარმატება – ეს ინდივიდუალური ფენომენია. ფორმალურად ჩვენმა პროდუქტებმა შემდეგი ჯილდოები მიიღეს: A design Award, German Design Award, Red Dot. მაგრამ ეს რეალურ წარმატებასთან შედარებით არაფერია. რეალური წარმატება ალბათ ისაა, როცა შენი სიკვდილიდან 50 წლის შემდეგ შენ ხარ დიზაინერების ასეულში. მუდმივად ხდება დიზაინის სფეროში დენომინაცია – ვიღაც, ვინც დღეს მნიშვნელოვან ფიგურად ითვლება, აღმოჩნდება, რომ მნიშვნელოვანი სულაც არ არის და პირიქით. შესაბამისად, წარმატების მიღწევას დრო სჭირდება და თუ რჩეულებს შორის მოხვდი, ალბათ ეს არის რეალური წარმატება.

– რა ეტაპზეა ამჟამად XYZ და როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

უკანასკნელ ხანს დიზაინის ინდუსტრიაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. დიზაინის აქტივობის მეტაბოლიზმი საგრძნობლად დაეცა. მაგრამ საგალერეო დიზაინს ეს ცვლილებები მნიშვნელოვნად არ შეხებია. შესაბამისად, არც ჩვენი სამომავლო გეგმები შეცვლილა – ახალი პროდუქტები და ახალი გამოფენები…

კარლ ლაგერფილდის ცნობილი სახლები

#Homeisინსპირაცია: სამზარეულოები სამუშაო კუნძულით – რამდენიმე ვარიანტი შთაგონებისთვის