სახლი, რომლის შესახებაც უნდა გიამბოთ, ჰოლანდიაში, ქალაქ მაასტრიხტში მდებარეობს და ის მინიმალისტური და მდიდრული სტილის შერწყმას წარმოადგენს. ბინა სავსეა სიურპრიზებით, რადგანაც აქ ყოველ ნაბიჯზე შესაძლებელია რაღაც ახლის პოვნა.
სახლის მფლობელებს, ჰქონდათ მკაფიო და ეკლექტური იდეები იმის შესახებ, თუ როგორი ინტერიერი სურდათ, როდესაც 2017 წელს ამსტერდამის ინტერიერის დიზაინ სტუდიას Nicemakers-ს მიმართეს.
ახლა კი რაც შეეხება უშუალოდ ინტერიერს… მასზე საუბარი ალბათ სამზარეულოთი უნდა დავიწყოთ, რომელსაც სახლში საკმაო ფართობი დაეთმო. ეს ოთახი არ ჰგავს ტიპურ და შაბლონურ სამზარეულოებს. აქ ერთგვარად კუნძულის როლს ასრულებს დიდი მინის მაგიდა, რომელზეც კერძები მზადდება ხოლმე.
სამზარეულოს მარცხნივ კი განთავსებულია პატარა მისაღები სივრცე, რომელიც პატარა, მრგვალი მაგიდითა და ორი რბილი დივანითაა აღჭურვილი. აქვეა სასადილო ზონა, სადაც დიდი ხის მაგიდა და ბორდოსფერი ხავერდის სკამები გვხვდება. აქვე აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ბეტონის კედლები, რომლებიც, ფაქტობრივად, ხელშეუვლებელი და პირვანდელი სახითაა წარმოდგენილი.
რაც შეეხება მთავარ მისაღებ ოთახს, აქაურობა პენტჰაუსს მოგვაგონებს, სადაც ხე და ბეტონი კედლებში ერთიანდება. ორიგინალური განათება და იატაკის ფილების ფერები ერთგვარად მდიდრულ იერს მატებენ სივრცეს.
“მე-20 საუკუნის კლასიკური ავეჯი, ნათურები და აქსესუარები შეგროვდა ბაზრობებზე, აუქციონებსა და გალერეებზე მილანში, პარიზში, ბრიუსელში და ნიუ-იორკში,” – ამბობენ ინტერიერის დიზაინერები.
ბინა ერთგვარად მოულოდნელობებითა და წინააღმდეგობებითაა სავსე. „სახლის ინტერიერი თბილი და კომფორტულია,“ – ამბობს სახლის მფლობელი, „თუ კარგად დააკვირდებით, დაინახავთ რთულ დეტალებს, ინტერიერის მეორე ფენას, მათ შორის მასალებსა და ტექსტურებს და ყურადღებით შერჩეულ ავეჯს, ნათურებსა და აქსესუარებს.” ამ ყველაფრის შედეგად კი ინტერიერი მდიდრულია, თუმცა, ამავროულად, მარტივი და ბუნებრივი.