2021 წლის ამოწურვამდე სულ რამდენიმე დღე რჩება. კაცობრიობის უახლეს ისტორიაში ეს იყო საკმაოდ ქაოსური და მსოფლიო მასშტაბის მნიშვნელობის მოვლენებით დატვირთული წელი, რომელმაც დიდი გავლენა იქონია ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროზე, მათ შორის ინტერიერის დიზაინზე. საინტერესოა, როგორ აფასებენ განვლილ წელს დარგის პროფესიონალები. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ დიზაინერ თინათინ ძირკვაძეს გავესაუბრეთ და მის მოსაზრებას უცვლელად გთავაზობთ:
“ჩემი დაკვირვებით, ადამიანებმა კარგად გამოიყენეს პანდემიის დროს სახლში გატარებული დღეები და სივრცეების გადაფასება მოხდა. ინტერიერის დიზაინი, არქიტექტურა და ყველა ის მიმართულება, რომელიც ადამიანის ყოველდღიურობის ნაწილია, გარდაიქმნა ჩვენი ცხოვრების სტილის ცვლილებასთან ერთად.
სახლში გატარებული 2020 წლის შემდეგ საკუთარი სივრცე უკეთ შევისწავლეთ, გამოიკვეთა სამუშაო გარემოს აუცილებლობა და ამასთან ერთად, გაიზარდა მოსასვენებელი და პირადული კუთხის მნიშვნელობა. 2021 წელს კი, უკვე ამ გავლენის შესაბამისად, მკაფიოდ გამოიკვეთა ტენდენციები საცხოვრებლის დიზაინის შექმნისას.
ყველაზე ტრენდული და სასურველი გახდა “მშვიდი საცხოვრებელი” – სივრცე, სადაც ყველა ნივთი ფუნქციურია, ნაკლებად გადატვირთული, თბილი, მყუდრო და არა მოსაბეზრებელი.
პირველ ეტაპზე დაგეგმარებისას გვხვდება განსხვავებული მოთხოვნები – გაიზარდა საერთო სივრცის და სამზარეულოს ზომა, ოჯახის წევრებისთვის ერთად და კომფორტულად საღამოს გატარების მიზნით.
საერთო ოთახში გაჩნდა დამოუკიდებელი ზონები – მცენარეების კუთხე, წიგნების კუთხე, განტვირთვის ან თუნდაც ვარჯიშისთვის საჭირო ატრიბუტიკის სივრცე.
სასურველი გახდა სასადილო მაგიდის არსებობა, რაც ბოლო წლებში, სწრაფი ცხოვრების ფონზე, სულ უფრო და უფრო ნაკლებ აქტუალური იყო.
ყველასთვის დიდი მნიშვნელობა შეიძინა სამუშაო მაგიდის არსებობამ – კაბინეტის ფუნქციას ხშირად საძინებელი ოთახი ითავსებს. სხვადასხვა ფუნქციის ერთ ოთახში გაერთიანება და სივრცის მაქსიმალურად კომფორტულად ათვისება გახდა დაგეგმარების მთავარი პრინციპი.
ხშირ შემთხვევაში, აუთვისებელმა პატარა აივნებმა და ეზოებმა განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინეს. აქტუალური გახდა ლანდშაფტის დიზაინი. ამ შემთხვევაშიც, როგორც საერთო ოთახში, საჭირო გახდა მეტად ფუნქციური ავეჯი და მშვიდი გარემოს შექმნა.
ჩემი აზრით, საცხოვრებელი სივრცე უნდა აკმაყოფილებდეს ყველა მისი ბინადრის ყოველდღიურ მოთხოვნილებებს, ასაკისა და გატაცებების მიხედვით. ყველაზე რთულია პროექტი რომელიც დიდი ოჯახისთვის იქმნება. მე ყოველთვის ვცდილობ, დავიჭირო ბალანსი პრაქტიკულ და ვიზუალურად მომხიბვლელ დიზაინს შორის. 2021 წლის ერთ-ერთი გამოწვევაც ეს გახდა – მშვიდ და ფუნქციურ ტრენდებთან ერთად, შეინარჩუნო საინტერესო დიზაინი. ამის მიღწევაში ხშირად მეხმარება ვინტაჟური ავეჯი. თანამედროვე ოთახში ერთი გამორჩეული ძველებური ნივთის გაჩენა დიდ ყურადღებას იპყრობს და განსხვავებულ ხასიათს მატებს გარემოს. ანალოგიური ეფექტი აქვს დეკორაციებს: დიდი ზომის ტორშერი, ფერადი ტილო კედელზე, თიხის ან კერამიკის ჭურჭელი.
ფერების ტენდენციებში კვლავ გამოჩნდა თბილი ტონალობები, მონოქრომული დიზაინი, ბუნებრივი მასალები და ტექსტურები. დამუშავებული ნატურალური ხის იატაკი და თბილი ტონალობის კედლები. ნაკლებად აქტუალურია ცივი ქვის, ბეტონის ზედაპირები და თეთრი ფერის კედლები. მკვეთრი ფერებიდან ყველაზე ხშირად გვხვდება მწვანე ფერის ავეჯი, სამზარეულოები და სააბაზანოს ფილები. ასევე აქტუალურია ლიმონისფერი და მდოგვისფერი ტექსტილის აქცენტები ინტერიერში.
2021 წლის მაგალითზე, ვფიქრობ, მეტი სითამამე გაჩნდება დიზაინში, ბოლო წლებში აქტუალურ ინდივიდუალიზმთან ერთად, საერთო ოთახის მრავალფუნქციურობა და დატვირთვა უფრო კარგად იკვეთება. აქტუალური ხდება მრავალფუნქციური ავეჯი და ნივთები, რომელიც ყოველდღიურობას გვიადვილებს.”