in

ტური როკ მუსიკოსების სახლებში

Banner M2
Banner M2

დღეს მუსიკის სამყაროს მეამბოხეების სახლებს გაგაცნობთ. როგორც თავად დარწმუნდებით, ზოგჯერ ინტერიერები საკუთარ პატრონებს ექსტრავაგანტულობით სულაც არ ჰგვანან.

ბიორკი

ექსცენტრული ისლანდიელი მომღერალი ბიორკი (Bjork) ბრუკლინში 2009 წელს, ოდიოზურ ამერიკელ მხატვარ და „პერფომანსერ“ მეთიუ ბარნთან (Matthew Barney) რომანის დროს გადმოსახლდა და მისგან ქალიშვილი იზადორა გაუჩნდა. ოჯახმა 278 მ2 „პენტჰაუსი“ შეიძინა, სადაც ოთხი საძინებელი, ოთხი სააბაზანო, სამზარეულო, სასადილო და სახლის ოფისია. ბინა 1924 წელს აშენებული 10 სართულიანი სახლის ბოლო სართულზეა და მომრგვალებული ტერასა აქვს. აქედან მანჰეტენზე და თავისუფლების ქანდაკებაზე ბრწყინვალე პანორამული ხედები იშლება. ყველაზე უჩვეულო აქ საძინებელია, რომელსაც კედლები მომღერლის საყვარელ მოვარდისფრო ფერში აქვს შეღებილი.

ბობ დილანი

ნიუ-იორკის ჰარლემში, ოთხ ოთახიანი თაუნ ჰაუსი, მე-19 საუკუნის ბოლოსაა აშენებული და დაცული არქიტექტურის ძეგლების სიაშია შეყვანილი. მას მუსიკის ისტორიაშიც განსაკუთრებული ადგილი უკავია. აქ 14 წელი ბობ დილანმა იცხოვრა. ნობელიანტი, რომელმაც მე-20 საუკუნის მუსიკალურ კულტურაზე დიდი გავლენა იქონია. ხუთი საძინებელი, ორი სააბაზანო, უახლესი ტექნიკით აღჭურვილი უზარმაზარი სამზარეულო, ზედმიწევნით რესტავრირებული ორიგინალური სვეტები, ინტერიერის ხის ელემენტები, ბუხრები – ეს ნამდვილი „ამომავალი მზის სახლია“.

ოზი ოსბორნი

საკულტო ჯგუფ „Black Sabbath“-ის ყოფილი ლიდერი ლოს ანჯელესის გარეუბანში მდებარე სახლში ცხოვრობს. სახლის ხედი ქალაქზე და მთებზე გადის. ექვსი საძინებლის, ათი სააბაზანოს, სატრენაჟორო დარბაზის, ბიბლიოთეკის, მუსიკალური სტუდიის, სახლის კინოთეატრის, აუზის და სპა-სალონის ინტერიერი, რომელიც ნებისმიერ სასახლეს მოუხდებოდა – მუსიკოსის მეუღლე შერონ ოსბორნისა და დიზაინერ მარტინა ლოურენს ბულლარდის (Martyn Lawrence-Bullard) ნამუშევარია. სხვათა შორის, უკანასკნელს ელტონ ჯონისა და შერის სახლების ინტერიერიც ეკუთვნის.

იგგი პოპი

როკ-ნ-როლის მთავარი მეამბოხის, იგგი პოპის მაიამის სახლის ინტერიერი, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, კლასიკურია. კედლებისა და ხალიჩების წყნარი ბეჟი ელფერების ფონზე, “ეფექტურს” მხოლოდ დივნების წითელ გადასაკრავებსა და ხელოვნების ნიმუშებს თუ ვუწოდებთ. თუმცა, თვითონ მეპატრონე იმდენად ქარიზმატულია, რომ ას სახლს როკ-ნ-როლის სულისგან თავისუფალს მაინც ვერ ვუწოდებთ.

მიკ ჯაგერი

პარიზის ბოჰემურ რაიონში მდებარე მიკ ჯაგერის სახლში გლემ-როკი და თავშეკავებული კლასიკა თანაარსებობს – მეოცე საუკუნის ავეჯი, ანტიკვარი და არტ-ობიექტები. „Rolling Stones“-ის წამყვანისთვის ინტერიერის შექმნის დროს ყველა დეტალი მნიშვნელოვანი იყო, მათ შორის ჭერების რთული ელფერები და ნეოკლასიკური სტილის თაღები, რომლებიც არამხოლოდ დღისით, არამედ ღამეც თანაბრად ეფექტური უნდა ყოფილიყო.

პოლ მაკკარტნი

მანჰეტენზე მდებარე საუკუნოვანი შენობის „პენტჰაუსი“  სერ პოლ მაკკარტნის ეკუთვნის. ბინას სამი სართული უკავია. იატაკიდან ჭერამდე უზარმაზარი ფანჯრები ხედით ცენტრალურ პარკზე გადის. საკუთარი ლიფტი, ტერასა, ბიბლიოთეკა, რამდენიმე საძინებელი, სასტუმრო და სააბაზანო როკ-ნ-როლის ყველა დროის ლეგენდარული მუსიკოსის ფორპოსტია.

ჯონ ლენონი

მანჰეტენზე მდებარე ამ ნათელ „პენტჰაუსში“ ჯონ ლენონი თავის მეგობარ გოგო მეი პენგთან ერთად 18 თვე ცხოვრობდა. ეს 1973 წელს იყო, როცა ლენონი იოკოს დროებით დაშორდა. სიცოცხლის ამ პერიოდს, რეჟისორ  ბილლი უალდერის 1945 წლის ცნობილი ფილმის პატივსაცემად, ლენონი „დაკარგულ უიკენდს“ (Lost Weekend) ეძახდა. ამ „დასვენების დღეებს“ მომღერალი თავიანთ პირად დამხმარესთან, მეისთან ატარებდა, რომელიც სხვათა შორის, თავის „მემკვიდრედ“ თვითონ იოკომ დანიშნა. 371,6 მ2 პენტჰაუსს სამი სართული უკავია და უზარმაზარი, 185 მ2 ფართის მრგვალი ტერასა აქვს. მასზე გასვლა პირველი სართულის ნებისმიერი ოთახიდანაა შესაძლებელი. აქედან  ისტ-რივერზე და ნიუ იორკზე საოცარი პანორამული ხედი იშლება. 1974 წელს ჟურნალ „Interview“-ში გამოქვეყნებული ლენონის საკულტო ფოტოსესია სწორედ აქ შეიქმნა.

როგორ გავაფორმოთ საახალწლოდ სახლი? – რამდენიმე მარტივი რჩევა

ელეგანტური ბინა თარხნიშვილის ქუჩაზე – გალერისტ კრის გესკიერის ინტერიერი