თანამშრომლები მას თანამედროვეობის ლეონარდო და ვინჩის უწოდებენ, ზოგიც თხევადი ლითონის მეორე თაობის ტერმინატორს. მას კი ისეთი არქიტექტურის შექმნა სურს, რომელსაც ცოცხალი ხის თვისებები ექნება.
ნერი ოქსმანი (Neri Oxman) 1976 წლის 6 თებერვალს, ისრაელში დაიბადა. მისი ორივე პროფესორი მშობელი, ისრაელში არქიტექტორების სამეფო ოჯახის წევრია. მამა, რობერტ ოქსმანი, თეორეტიკოსია. დედა, რივკა ოქსმანი არქიტექტურულ დიზაინში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების ერთ-ერთი პიონერთაგანი.
ოჯახი დიდი ხანი კესარიაში ცხოვრობდა, ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მდიდრულ რაიონში. ამიტომაც ბავშვობამ მილიონერებისა და ცნობილი პოლიტიკოსების საზოგადოებაში გაიარა. დიდ დროს მშობლების არქიტექტურულ სახელოსნოში ატარებდა და ამავე დროს ბუნების მიმართ დიდ ყურადღებას იჩენდა.
„მორცხვმა“ პიანისტმა, რომელიც ისრაელის საჰაერო ძალების ლეიტენანტი იყო, არქიტექტურის გამო სამედიცინო სკოლას თავი დაანება, შემდგომ დოქტორის ხარისხი მასაჩუსეტის ტექნოლოგიების ინსტიტუტში მოიპოვა. მისი გმირები – ლეონარდ ბერნსტაინი, ბაკმინსტერ ფულერი და ბებიამისი მარიამია. ის ბებიას ბაღის მოვლაში ეხმარებოდა, რამაც „რევოლუციონერი“ დიზაინერის მშვენიერების აღქმაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონია.
ოქსმანის საქმიანობა გარემოს დიზაინსა და ციფრულ მორფოგენეზს განასახიერებს, რომელთა ფორმები და მახასიათებლები მათი კონტექსტით განისაზღვრება. მან მისი საქმის აღწერისთვის ფრაზა „მატერიალური ეკოლოგია“ – მოიფიქრა.
„მიქელანჯელო ამბობდა, რომ მარმარილოს ლოდის ყურებისას, თავისუფლებას მოწყურებულ დატუსაღებულ ფიგურას ხედავდა და გენიოსის ერთადერთი ინსტრუმენტი ქვის სათლელი იყო. ცოცხალ ორგანიზმებს კი ვერ გამოთლი, ისინი იზრდება!“ – ამბობს ნერი
45 წლის „მატერიალური ეკოლოგიის“ ფუძემდებლის თქმით, ინდუსტრიული რევოლუციიდან მოყოლებული დიზაინის სამყარო ინდივიდუალური და სერიული წარმოების კანონებს ემორჩილება. ასაწყობმა ხაზებმა თავს დეტალებისგან შემდგარი სამყარო მოგვახვიეს. დიზაინერები და არქიტექტორები იძულებული არიან თავისი ობიექტები სხვადასხვა ფუნქციისა და თვისების მატარებელი დეტალებისგან ააწყონ.
„ბუნებაში თქვენ ვერ ნახავთ ერთგვაროვანი მასალებისგან აწყობილ ობიექტებს. მაგალითად, ადამიანის კანი სახეზე დიდ ფორებიანია, ზურგზე კი წვრილი. პირველი ფილტრის როლს ასრულებს მეორე კი დამცავი ფენის, თუმცა, ეს ერთგვაროვანი კანია, არც დეტალები აქვს და არც აწყობილია. ის თვისებებს იცვლის და ვარირებს საჭიროების შესაბამისად. მარტივად რომ ვთქვა, ჩემი მიზანია არქიტექტურამ და დიზაინმა აწყობისგან ზრდისკენ გადაინაცვლოს.“ – ამბობს არქიტექტორი
რატომ ახლა და რატომ რამდენიმე წლის წინ არა? დღეს 4 სფეროს შერწყმა, რომლებიცაა: გამოთვლითი დიზაინი, სამ განზომილებიანი წარმოება, მასალების ინჟინერია და სინთეთიკური ბიოლოგია (ნივთიერების დნმ-ის შეცვლა) ამის საშუალებას იძლევა. სწორედ ამ ოთხი სფეროს გადაკვეთის წერტილში მოღვაწეობს ოქსმანი და მისი გუნდი.
დოქტორ ოქსმანი და მისი გუნდი მელანინის ექსპერიმენტში იყვნენ ჩართული. ეს არის ბუნებრივი პიგმენტი, რომელიც ბიოლოგების მიერ აღიარებულ „სიცოცხლის სამეფოს“ (მცენარეები, მინერალები, ცხოველები, ბაქტერიები და სოკოები) ხუთივე ჯგუფშია აღმოჩენილი. მელანინი ასევე ევოლუციის ბიომარკერია, რადგან ის დინოზავრების დროიდან არსებობს.
მისი შემოქმედებიდან ერთ-ერთი „Silk Pavilion“-ია რომელიც თუთის აბრეშუმის ჭიებისა და რობოტის მიერ შექმნილი ნეილონის კარკასის მეშვეობითაა შექმნილი, „Ocean Pavilion“, წყლის საფუძვლის მქონე საწარმოო პლატფორმა, სადაც ჰიტოზანისგან კონსტრუქციები შენდება, „Glass I“ პირველი სამგანზომილებიანი პრინტერი ოპტიკურად გამჭირვალე მინისა და მისგან წარმოებული მინის ნაკეთობებისთვის, ასევე ტანსაცმლის კოლექცია, რომელიც სამ განზომილებიან პრინტერზეა დამზადებული.
დიზაინერის ნამუშევრები ისეთ ცნობილ მუზეუმებშია გამოფენილი, როგორიცაა: “ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი“, „სან-ფრანცისკოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი“, პარიზის ჟორჟ პომპიდუს ცენტრი, ბოსტონის სახვითი ხელოვნების მუზეუმი. კარიერის მანძილზე მან ბევრ სახელოვან პირთან მოასწრო მუშაობა, რომელთა შორის ირის ვან ჰერპენი და ბიორკიც კია.
ნერი ოკსმანი მსოფლიო დონის დიზაინერი და „MITMedia Lab“-ის პროფესორია, სადაც ის კვლევით ჯგუფს ხელმძღვანელობს. ის ცნობილია ხელოვნებითა და არქიტექტურით, რომელიც დიზაინს, ბიოლოგიას, გამოთვლით მათემატიკას და მასალების ინჟინერიას აერთიანებს. ოქსმანს ბრედ პიტთან კავშირსაც აბრალებენ, თუმცა ის ვარსკვლავს „Netflix“-ის გამოჩენის შემდეგ “ჰოლივუდის უკანასკნელ მოჰიკანს” უწოდებს და მასთან მხოლოდ საქმიან ურთიერთობებს აღიარებს. ნერი ბიორკის ფავორიტიცაა, რომელიც დიზაინერის დამზადებულ „ცოცხალ ნიღაბს“ მის შემოქმედებაში იყენებს. თუმცა, კითხვაზე, თუ ვინ არის ის, მსოფლიოში ახალი მიმდინარეობის ფუძემდებელი პასუხობს, რომ არის დედა, რაც მისთვის ყველაზე დიდი საქმეა.