in

My Tiny World – მერი ჭაჭიაშვილი-სიყმაშვილის მინიატურული ნივთები

ინტერიერის ობიექტები მრავალნაირი შეიძლება იყოს, თუმცა, დღეს ერთ-ერთ განსაკუთრებულ მიმართულებაზე – მინი დეკორზე უნდა გესაუბროთ. My Tiny World – ასე ჰქვია მერი ჭიჭიაშვილი-სიყმაშვილის წამოწყებას, რომელიც ამჟამად ესპანეთში ცხოვრობს, თუმცა, თავის ნაწარმს საქართველოში ყიდის. მისი ნამუშევრები ძალიან პატარა ზომის ინტერიერის ობიექტებია, რომლებიც ნამდვილად იპყრობენ საკუთარი ზომით ყურადღებას.

“განათლებით ვარ ფილოლოგი, მაგრამ არასდროს ჩემი პროფესიით არ მიმუშავია… 22 წლის წინ საქართველო დავტოვე. უცხოეთში ჩამოსვლის შემდეგ კულინარიის სფეროში ჩატარებულ რამდენიმე კონკურსში მივიღე მონაწილეობა, სადაც პირველი ადგილი მონანიჭეს, ამის შემდეგ გადავწყვიტე, კულინარიის სიყვარული პროფესიად მექცია. ესპანეთიდან გადავედი ინგლისში, სადაც დავიწყე ბრიტანეთის ტოპ 20 რესტორნიდან ერთ-ერთში მთავარ კონდიტერად მუშაობა. მოგვანიჭეს მიშლენის ვარსკვლავი და სხვა ტიტულებიც. მას მერე ვმუშაობდი ჰოლიდეი ინის მთავარ კონდიტერად, მანამ, სანამ დედა გარდამეცვლებოდა. ამ მოვლენის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა ჩემი ცხოვრება და კულინარიას თავი დავანებე..”

– საიდან გაჩნდა My Tiny World? როგორ მიხვედით აქამდე?

დიდი დეპრესიის შემდეგ მინიატურების კეთება დავიწყე ჩემთვის. ეს საქმე ძალიან მშველოდა იმ მძიმე დღეების გადასალახავად. არ მქონდა თიხა და როგორც კონდიტერი, თავიდან ცომისა და შაქრის მასისგან ვამზადებდი. პერიოდულად ვაზიარებდი ჩემს ნამუშევრებს პერსონალურ ექაუნთზე და ხალხის თხოვნა იყო, გამეკეთებინა ცალკე გვერდი, სადაც მხოლოდ ჩემს ნამუშევრებს დავდებდი და ყველას შეეძლებოდა ენახა ისინი. ასე დაიბადა „My tiny world“. ამ ყველაფერმა ისეთი მოწონება დაიმსახურა ხალხის მხრიდან, რომ ჩემი ეს ჰობი უკვე პროფესიაში გადაიზარდა.

– შემოქმედებითი ადამიანი ხართ – ამის ფესვები ბავშვობაში უნდა ვეძიოთ?

ბავშობაში ყოველთვის მომწონდა პლასტელინით თამაში, ვაკეთებდი სახლებს, ადამიანებს, ოჯახის წევრებს, ოთახს ვაწყობდი პლასტელინით გაკეთებული ნივთებით. ასევე, ერთი პერიოდი ვიყავი დაკავებული აქსესუარების კეთებით და მეგობრებს ვჩუქნიდი… ჩემი ხელოვნებისადმი სიყვარული გენეტიკურია. მამა მყავს მხატვარი, მოქანდაკე, მხატრული ლითონის ჩამომსხმელი. ნამუშევარი აქვს ამაშუკელთან, ბერძენიშვილთან და სხვა ცნობილ ავტორებთან. მეამაყება, რომ საქართველოში ძეგლების უმრავლესობა მამას ჩამოსხმულია.

– რატომ ეს მინი ზომები? საიდან წამოვიდა ეს იდეა?

სიმართლე გითხრათ, არც ვიცი… ცხოვრებაში ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასეთ პატარა დეტალებზე მომიწევდა მუშაობა, თავისით მოხდა. დღემდე ვამბობ, რომ ეს ჩემთვის სასწაულია – რაც პატარაა დეტალი, მით მეტად მინდება, რომ გავაკეთო, მაგრამ თვალის უკეთესად აღსაქთქმელად კონკრეტულ ზომებზე ვმუშაობ.

– შეკვეთით თუ ამზადებთ დიზაინებს? 

ბოლო პერიოდში თითქმის მხოლოდ შეკვეთით ვამზადებ. დამკვეთი მიხსნის რა და როგორ უნდა და ვცდილობ, მაქსიმალური სიზუსტით შევასრულო მისი მოთხოვნა. ჩემთვის ასევე აუცილებელია დაკვეთაც კარგი გამოვიდეს, რომ დამაინტერესოს..

– როგორია მოთხოვნა და რა ეტაპზეა ამჟამად my tiny world?

მოთხოვნა საკმაოდ დიდია, ამჟამად ვეღარ ვიღებ შეკვეთებს გაზაფხულამდე.. საკმაოდ შრომატევად მუშაობას მოითხოვს ეს საქმე. თითოეულ დეტალს თავისი ეტაპი აქვს. თან სიჩქარეც არ მიყვარს, რადგანაც მინდა ის ჩავდო მინიატურაში, რაც რეალურად მინდა რომ გამოვიდეს.. არ შემიძლია უბრალოდ ფორმები გავაკეთო, შევღებო და ჩავაბარო დამკვეთს. საამისოდ კი, ჩემთვის აუცილებელია განვეწყო სათანადოდ, მოვემზადო და დიდი მუხტით, ენერგიითა და სიყვარულით შევასრულო შეკვეთა.

– სამომავლოდ როგორი გეგმები გაქვთ?

ბევრის თხოვნაა გამოფენა გავაკეთო. აქამდე რაც შემიქმნია, თითქმის აღარაფერი აღარ მაქვს. გამოფენისთვის კი მომზადებაა საჭირო. როცა გამოფენას გავაკეთებ, მინდა, საინტერესო თემების მინიატურული, პატარა კომპოზიციები შევთავაზო აუდიტორიას, ეს კი დროს მოითხოვს. იმედი მაქვს, ჩემს გულშემატკივრებს ერთ დღეს ნამდვილად გავახარებ გამოფენით.

ტური ქეითი ჰილტონის სადღესასწაულოდ მორთულ სახლში

ვისი სანტა გახდა ნოვა? – ნოვას წინასაახალწლო გათამაშება და 46 გახარებული მომხმარებელი