in

ლაკონიური ლოფტი მონრეალში

Banner M2
Banner M2

მონრეალის პორტის მახლობლად მდებარე ამ ლოფტის დაგეგმვისას კანადური სტუდიის „Future Simple Studio“-ის არქიტექტორებმა ტრადიციულ სქემაზე – „შემოსასვლელი-კარი-ოთახი“ უარი თქვეს. კვადრატული სივრცის ორგანიზება ორი ხის ბოქსის და მათში განთავსებული საძინებლებით დაიწყეს. ბოქსებში მზის შუქის შესაშვებად ზოგიერთი კედელი შუშისგან დაამზადეს, რომლებზეც ორი გამჭვირვალე ფარდაა გათვალისწინებული.

თოთოეული საძინებელი როგორც დამოუკიდებელი არქიტექტურული ობიექტია შესრულებული. ეს ნამდვილი ოთახი-ზარდახშებია საკუთარი იატაკით, შუქდიოდებიანი ჭერით, ჩაშენებული კარადებითა და საწოლის სათავეებით. ლოფტის შუშის ტიხრები ფანჯრებისკენაა ორიენტირებული, კარადები და ხისგან დამზადებული პანელები ზონირების ელემენტებიცაა.

მასპინძლების საძინებლის ხის კედელი ფასადით სასტუმროსკენაა მიმართული. ანალოგიური ელემენტი საბავშვო ოთახს სამზარეულოსგან გამოყოფს. არქიტექტორებმა ბოქსები იმგვარად დააყენეს, რომ ორი მზიდი სვეტი ლოფტის ცენტრში მოხერხებულადაა ინტეგრირებული და ზედმეტ ადგილს არ იკავებს.

ბინის გეგმარება საძინებლების პერიფერიებში მრავალი ფუნქციური ზონის განთავსების საშუალებას იძლევა. მაგალითად მასპინძლების საძინებელს მაგიდიანი და თაროებიანი სამუშაო სივრცე ესაზღვრება. ფანჯარასთან არსებული ფართი იოგის ვარჯიშებისთვის, სასტუმროსთვის, სასადილოსთვის და სამზარეულოსთვისაა განკუთვნილი.

ბინაში მომცრო გარდერობისთვის და ველოტრენაჟორიანი კაბინეტისთვისაც კი მოიძებნა ადგილი. შენობის სიღრმეში მოთავსებული სამზარეულოს ინტერიერი არქიტექტორებმა სარკისებრი კარადითა და გარნიტურის თეთრი ფასადის მეშვეობით გაანათეს.

ბინაში გამოყენებული ფერთა გამა იშვიათად დაბალანსებული გამოვიდა. რუხი ბეტონის სიცივე აგურისფერს და ნატურალური კაკლის ელფერს აკომპენსირებს. ფანჯრის ჩარჩოების ტონში ავტორებმა რამდენიმე გრაფიკული შავი ნივთი შეარჩიეს და პალიტრა ოთახის მცენარეების მეშვეობით გამოაცოცხლეს. მასალების ფაქტურა, ნეიტრალური ფერები, ფანჯრების მედიტატიური რითმი და ბოქსების მოპირკეთება სიმშვიდისა და სიმყუდროვის განცდას ქმნის.

ფოტო: Felix Michaud

რა ტენდენციებს უნდა ველოდეთ 2022-ში ინტერიერის დიზაინში? – რუსუდან თუმანიშვილის შეფასება

სახლის საშობაო დეკორი ბუნებრივი მასალებისგან – 7 ორიგინალური ვარიანტი