in

ინტერვიუ ნატო ბაგრატიონთან და ელისაბედ ზაუტაშვილთან – Studio+- -ის დამფუძნებლები

მოგვიყევით თქვენი კომპანიის დაარსების შესახებ და იმ ძირითად პრინციპებზე, რასაც ეყრდნობა დიზაინი რომლსაც ქმნით?

ჩვენ, ელისაბედ ზაუტაშვილმა და ნატო ბაგრატიონმა ჩვენი სტუდიო 2015 წელს  დავაარსეთ თბილისში. თბილისის სამხატვრო აკადემიაში არქიტექტურის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ მალევე დავიწყეთ მუშაობა ინტერიერის დიზაინის მიმართულებით.

დიზაინის გარდა,  ორივე ვატარებთ ექსპერიმენტებს და ვმუშაობთ ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებით: არქიტექტურა, გრაფიკული დიზაინი, პროდუქტის დიზაინი, ვიზუალური ხელოვნება, კინოს მხატვრობა, სამკაულის დიზაინი, სცენოგრაფია, ექსპოზიციის დიზაინი, ანიმაცია და სხვა. სხვადასხვა სფეროში მუშაობამ და შესაბამისად, განსხვავებული გამოცდილების დაგროვებამ  უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გახადა  ჩვენი საქმიანობა.

ჩვენი ძირითადი პრინციპია ადამიანებს შევუქმნათ ისეთი გარემო, რომელიც ბუნების ელემენტებით, ნატურალური მასალებით, ბუნებრივი შუქით, მცენარეებითა და სხვადასხვა კულტურების ნაზავით იქნება გაჯერებული, შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ადამიანები თავს კარგად იგრძნობენ.

თქვენ არარერთ ბინის ინტერიერზე გიმუშავიათ, რომელს გამოარჩევდით?

ბინის ინტერიერებიდან გამოვარჩევდით ბინას იპოდრომთან, რომელზეც რამდენიმე წელი ვიმუშავეთ. მუშაობის ხაგრძლივმა პერიოდმა მეტი შემოქმედებითი თავისუფლება და ჩვენი იდეების უკეთ განხორციელების საშუალება მოგვცა.

3 ძირითადი რამ, რასაც ურჩევდით მათ ვინც ინტერიერის შეცვლას გეგმავს?

ვინც გეგმავს ინტერიერის შეცვლას ვურჩევთ:

1. კარგად დაფიქრდნენ თუ რა საჭიროებები გააჩნიათ, რა სურთ, გაიხსენონ ის გარემო, ან ადგილები, სადაც თავს კარგად გრძნობენ.

2. ინტერიერი თავიანთ ხასიათს და ინტერესებს მოარგონ.

3. იფიქრონ იმაზე, რომ საკუთარი სახლის ინტერიერი ადამიანის ერთგვარი სახეა და მის პიროვნებას წარმოადგენს.

პროექტებზე მუშაობისას საიდან იღებთ ინსპირაციას?

პროექტზე მუშაობისას შთაგონებას სხვადასხვა ელემენტებიდან ვიღებთ, შეიძლება იყოს ეს მუსიკა, გარემო სადაც ვმუშაობთ, თვითონ ის ადგილი, სადაც პროექტი უნდა განხორციელდეს, მისი ბუნებრივი განათების წყარო, თუ სხვადასხვა ხელოვნების ნიმუშები – რითაც იმ დროს ვართ შთაგონებულები. ასევე გვიყვარს სიახლეების ძებნა. ამ სიახლეებისთვის შთაგონებას ყველაფრიდან ვიღებთ იქნება ეს სახელოვნებო სფერო,  თუ სხვადასხვა ხალხის მიგნებები. შეიძლება იყოს ეს ქუჩაში ნანახი სკამი, რომელიც უცნობი ადამიანის დიზაინით არის გადაკეთებული და სხვა მრავალი…

 

თქვენი ერთ-ერთი პროექტია ბაუჰაუსისა და პოლიტიკა კაფე-ბარის ინტერიერი. მოგვიყევით რა არის მნიშვნელოვანი კაფე-ბარის დიზაინზე მუშაობისას?

კაფე-ბარზე მუშაობისას მნიშვნელოვანია სივრცე იყოს ყველაფრისგან განსხვავებული, მიმზიდველი, ყურადღების მიმქცევი და ამავდროულად მყუდრო. რასაკვირველია კონცეფციის გათვალისწინებით, რის მიხედვითაც ვქმნით ძირითად მონახაზს.

თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, რა უნდა გავითვალისწინოთ ოთახის ფერებისშერჩევის დროს?

ოთახის ფერის შერჩევისას გასათვალისწინებელია, როგორ ადამიანთან თუ ადამიანებთან გვაქვს საქმე, რა ფუნქციური დატვირთვა აქვს ოთახს და როგორი განათებაა.

ყოველთვის კარგი იქნება წინასწარ მოსინჯოთ რამდენიმე ფერი კედლის პატარა ნაწილზე, დღის სხვადასხვა დროის მონაკვეთში შეხედოთ და კარგად დააკვირდეთ.

ასევე, გასათვალისწინებელია რა ფერის, მასალის, ფორმის და ფაქტურის ავეჯი და ნივთები იქნება ამ ოთახში.

 

რა კრიტერიუმით არჩევთ განათებებს, რომელსაც თქვენს ინტერიერში იყენებთ?

განათებებს პროექტის შინაარსიდან გამომდინარე ვარჩევთ, ვცდილობთ ყოველთვის გვქონდეს განათების არაერთი წყარო, იმისთვის რომ ყოველთვის გვქონდეს შესაძლებლობა თავად ვმართოთ და შევქმნათ სიტუაციის შესაფერისი გარემო. ასევე, მნიშვნელოვანია განათებები სხვადასხვა დონეებზე იყოს განლაგებული და სიტუაციის შესაბამისად, სხვადასხვა სიძლიერის და ფაქტურის ნათურები შევარჩიოთ.

 

როგორი გამოცდილებაა მაღაზიის დიზაინზე მუშაობა? გვესაუბრეთ Comode-სა და Point 56-ის პროექტებზე.

მაღაზიის პროექტებზე მუშაობა ძალიან საინტერესოა. ჩვენ ამ ორი მაღაზიის პროექტში, აქცენტი პრეზენტირებულ პროდუქტზე გავაკეთეთ. ყველაფერი დანარჩენი ფონად დავტოვეთ. ასევე მნიშვნელოვანი იყო, თუ როგორ აღიქმებოდა ქუჩიდან მაღაზიის შიდა სივრცე, ჩვენ გვინდოდა რომ მომხმარებელი გარედანვე მიხვედრილიყო თუ რას სთავაზობს მას მაღაზია. კომოდის შემთხვვაში შემინულ ფასადზე გამოდიოდა სამკერვალო, რომელიც გაუმჭვირვალე თარგებისა და ადამიანების ნახაზებით დავფარეთ.

 

პოინთ-ის პროექტი საინტერესო იყო იმ მხრივ, რომ სივრცე ძალიან ვიწრო და არასტანდარტული იყო – ის ოპტიმალურად ფუნქციური უნდა გაგვეხადა. სამწუხაროდ ამ მაღაზიამ ძალიან მალე შეიცვალა იერსახე.

 

გვესაუბრეთ თქვენი კომპანიის სამომავლო გეგმებზე.

ამჟამად ვმუშაობთ რამდენიმე პროექტზე: ქვის კომპანია „კამარასთან“ თანამშრომლობით ვაპირებთ ქვის ავეჯის და აქსესუარების კოლექციის შექმნას, ასევე, ვგეგმავთ ონლაინ-მაღაზიის გახსნას, რომელიც დაემატება ჩვენს ვებ გვერდს www.studioplusminus.ge

ჩვენ ღია ვართ ახალი პროექტებისთვის და საინტერესო კოლაბორაციებისათვის.

როგორ მოვაწყოთ სასადილო კუთხე, თუ ის სამზარეულოს ნაწილია

Xiaomi-ის მინი პროექტორი