in

ბეტონის იატაკები ინტერიერში – ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ

ბეტონის იატაკები ინტერიერის არც ისეთი მარტივი გადაწყვეტილებაა, როგორც ეს პირველი შეხედვიდან შეიძლება ჩანდეს. ზოგჯერ მისი საშუალებით კერამოგრანიტის და დეკორატიული მიკროცემენტის იმიტირებაც კია შესაძლებელი. დღეს ბეტონის იატაკების გამოყენების რამდენიმე ვარიანტს შემოგთავაზებთ.

ბეტონის იატაკების ძლიერი მხარეები

ბეტონის იატაკი მტკიცე და გამძლეა. მარტივი მოსავლელი. მას ერთიანი და უნაკერო ზედაპირი აქვს. გარდა ამისა, დასასხმელი იატაკების სისქე 8 მმ-დან იწყება და ჭერის სიმაღლეს მნიშვნელოვნად ზოგავს.

მიუხედავად იმისა, რომ ბეტონი ლოფტის სტილთან და ბრუტალურ სივრცეებთან ასოცირდება, ის ნებისმიერ ოთახს მშვენივრად ერწყმის. მათ შორის სააბაზანოსაც (კარგი ჰიდროიზოლაციისა და ნესტგამძლე საფარის პირობებში).

ბეტონის იატაკების სახეობები

  • დასასხმელი ბეტონი მოჭიმული იატაკის პრინციპით მზადდება. გაშრობის შემდეგ, იატაკი იხვეწება და დამცავი ხსნარით იფარება.
  • მიკროცემენტი არ ისხმება, არამედ ზედაპირზე ჩვეულებრივი ფითხის მსგავსად იშლება. მაღალი სიმტკიცის წყალობით მიკროცემენტი დატვირთვებს მშვენივრად უმკლავდება.
  • ბეტონის იმიტირებისთვის ზოგჯერ კერამოგრანიტს იყენებენ, თუმცა ფილებს შორის ოდნავ შესამჩნევი შრე უკანასკნელის წარმომავლობას გასცემს.

ბეტონის იატაკები სასტუმრო და სასადილო ოთახებში

„Workshop Studio“ საკუთარ პროექტებში ბეტონის საფარებს ხშირად იყენებს. ზოგიერთ კლიენტს  ბეტონის იერი და პრაქტიკულობა იმდენად მოსწონს, რომ დიზაინერს ერთი და იგივე დამკვეთის ორ სხვადასხვა სახლში მოუწია მისი შესრულება. ეს მასალა რამდენიმე წლის გასვლის შემდეგაც კი კარგად გამოიყურება, ოდნავ გაჩენილი ნაკაწრები და ბზარები კი მას უფრო ამშვენებს.

“INT2“ სტუდიის მიერ შესრულებულ ამ ბინაში კი ბეტონი მასალებისა და რემონტის ხარჯების დაზოგვის მიზნით გამოიყენეს. მოჭიმული იატაკი უდიერად განზრახ არის დამუშავებული და ბეტონის დამცავი საღებავით დაფარული. ჭერი აქ დამუშავების გარეშეა შეღებილი. ამ გზით სტუდიამ ინდუსტრიული სტილის ადვილად განახლებადი სივრცე შექმნა. ასეთი „მოუწესრიგებელი“ ზედაპირები ისტორიულ სახლებში უზადოდ დამუშავებულ კედლებთან შედარებით უფრო ბუნებრივად აღიქმება.

ფინეთის ყურეში მდებარე ამ ბინის ინტერიერი კი ერთი შეხედვით ბეტონით შესრულებული ჩანს, თუმცა დაკვირვების შემდეგ აღმოაჩენთ, რომ ქ კერამოგრანიტთან გვაქვს საქმე.

ბეტონის იატაკები შესაძლებელია ელვარებამდე გაპრიალდეს, ან პირიქით, მასზე ბეტონის ფაქტურა შენარჩუნდეს და დამცავი ხსნარით დაიფაროს. ამ პროექტში ოთახებს ტაქტილური იატაკი აერთიანებს, რომელსაც „უდიერად“ შეღებილი კედლები ჰარმონიულად ერწყმის. დიზაინერებმა ისინი ცემენტის საღებავით დაფარეს. მოუხეშო ზედაპირებისგან და ლაკონიური ფორმებისგან მიღებულ შთაბეჭდილებას რბილი ნოხები, ტყავის ვინტაჟური სავარძლები და „კუშეტები“, ხავერდის დივანი და კომპაქტური მცენარეები ავსებს.

ბეტონის იატაკი სააბაზანოში

დაუმუშავებელი ბეტონი სითხეს კარგად იწოვს, ამიტომ თავიდან შესაძლებელია ვიფიქროთ, რომ ის ნესტიანი სივრცეებისთვის გამოუსადეგარია. სინამდვილეში, სააბაზანოში ბეტონის გამოყენება სავსებით შესაძლებელია. ამისთვის ზედაპირი ჰიდროსაიზოლაციო და სითხის ამრეკლი სპეციალური სითხეებით უნდა დამუშავდეს.

და ბოლოს, ბეტონის დასხმის წინ თბილ იატაკზეც თუ ვიზრუნებთ, სააბაზანოში გატარებული დრო კიდევ უფრო სასიამოვნო გახდება!

როგორ გავხადოთ კიბეები ბავშვებზე მორგებული?

ეკლექტური სტილის სახლი ლონდონში