in

უფანჯრო სამზარეულო – რამდენიმე მოხდენილი მაგალითი შთაგონებისთვის

როგორ ფიქრობთ, უფანჯრო სამზარეულო იძულებით ნაკარნახევი გადაწყვეტილებაა თუ დიზაინერული ხრიკი? დღეს ასეთი სამზარეულოების გეგმარების 10 ვარიანტს განვიხილავთ, სადაც შუქის, სივრცისა და ფუნქციურობის შენარჩუნება მოხერხდა.

სამზარეულო ბუნებრივი განათებისა და ჰაერის ცირკულირების გარეშე არასრულყოფილია, თუმცა მაინც შესაძლებელია ამ საკმაოდ ფუნქციური სივრცის მოფარებულ ადგილზე მოწყობა თუ შემდეგ სამ ხერხს მივმართავთ: სამზარეულოსთვის შესაფერის კუთხეს შევარჩევთ, მას ნიშში მოვაწყობთ ან გამჭოლ სივრცეში განვათავსებთ.

სამზარეულო მოფარებულ ადგილზე

მოყუჩებულ კუთხეში მოწყობილი სამზარეულო ხმაურიანი საღამოებისა და ჰედონიზმის იდეოლოგიის მიმდევრებისთვის შესაფერისი გადაწყვეტილებაა. ფოტოზე ნაჩვენებ პროექტში დამკვეთს ისეთი სივრცის შექმნა სურდა, სადაც ერთდროულად ბევრი სტუმრის მიღებას მოახერხებდა. მიზნის მისაღწევად დიზაინერმა საზოგადოებრივი ზონა სასტუმროს ხარჯზე შექმნა, რომელიც ერთდროულად სალონისა და სასადილოს ფუნქციას ასრულებს. ავეჯის განლაგება კი აქ წრიულ მოძრაობას ქმნის – სასადილოდან სალონში და უკან. სამზარეულოს იზოლირებით მაქსიმალურ ფუნქციურობას მიაღწიეს. ტევად უჯრებსა და კარადებს პრიალა ფასადები აქვს, რომლებიც მოპირდაპირე ფანჯრებიდან შუქს ირეკლავს. მძლავრი გამწოვი სამზარეულოს სუნებს ანეიტრალებს, გასაშლელი კარები კი სივრცეს ზედმეტი თვალისგან იცავს.

მსგავსი გადაწყვეტილება ამ ინტერიერშიცაა მიღებული. სასტუმრო სამზარეულოსთანაა გაერთიანებული და ამგვარად ორფანჯრიანი სივრცე იქმნება. სამზარეულო პატარა სივრცეში გადაიტანეს და სასადილოსგან დიდი პორტალით გამოყვეს, რომელიც ბუნებრივ შუქს ატარებს და ამავე დროს მაგიდაზე კერძების გადაწოდებას ამარტივებს.

აქ კი სამზარეულოს სასადილოსგან გამოყოფისთვის ტიხარი გამოიყენეს. მიუხედავად იმისა, რომ სამზარეულო გამჭოლია, სასადილო მაგიდის მოპირდაპირედ მოთავსებულ სარკეს ყურადღება მთლიანად თავის თავზე გადააქვს.

აქაც სარკეა გამოყენებული, თუმცა უშუალოდ სამზარეულოში. წინსაფარზე და კარადების თავზე არსებული კედლის ზედაპირზეც. ამ ხერხით სივრცე ვიზუალურად გაშალეს და მას შუქი შემატეს. აქ მოხვედრა ბინის ორი ზონიდანაა შესაძლებელი, ამიტომ სამზარეულოსგან ყურადღების გადასატანად  აქ არეკვლის ეფექტის მქონე შუშის გასაშლელი კარები გამოიყენეს.

სამზარეულო ნიშში

ნიში სრულფასოვანი სივრცისგან, პირველ რიგში, ფართის სიმცირით გამოირჩევა. დიზაინერმა სამზარეულო ამ შემთხვევაში კედელში „ჩაძირა“ და კედლების ტონში შეღებილი ფასადების მეშვეობით სასტუმროს დანარჩენ სივრცეს შეუერთა.

ამ პროექტში კი პირიქით, ნიში სამზარეულოსგან ფერით გამოყვეს. სასტუმროში ძირითადი ტონი თეთრია, დანარჩენ ოთახებში კი კედლები მუქ მოლურჯო-მომწვანო ფერშია შეღებილი. საყურადღებოა, რომ მარცხენა კედელი არ არის ყრუ, მოსამზადებელი ზონა კი არქიტექტორებმა მიმდებარე შემოსასვლელისგან გამჭოლი თაროების მეშვეობით გამოყვეს. ისინი ცდილობდნენ, რომ შემოსასვლელი არ დაბნელებულიყო, რადგან იდეალურ ინტერიერში შემომსვლელს ზღურბლიდანვე ნათელი სივრცე ეგებება.

სამზარეულო გამჭოლ სივრცეში

დამატებითი კვადრატული მეტრების მოსაპოვებლად სამზარეულოს შემოსასვლელთან გაერთიანებაც კია შესაძლებელი. სწორედ ასე მოიქცნენ ამ პროექტში, სადაც ძველი სამზარეულოს ადგილზე მშობლების საძინებელი გადმოიტანეს. სამზარეულოსთვის განკუთვნილ ახალ სივრცეში ფანჯრები არ იყო და მათი ფუნქცია სასტუმროს თაღმა შეითავსა. სივრცის ორივე მხარეს კი შემოსასვლელისა და სააბაზანოს გასასვლელი მოთავსდა. გასასვლელში მეტი სიმყუდროვისთვის დიზაინერმა აქ ტექსტილი შემოიტანა და კარის მაგივრად უბრალო ხალიჩა დაკიდა, ის რამდენიმე თაროსა და სამზარეულო ტექნიკას ფარავს.

ამ პროექტში ყველა სივრცე ერთმანეთთან იკვეთება. აქ სამზარეულო არათუ იმალება, პირიქით შემოსასვლელის ერთგვარი „დანამატია“. სწორედ ამიტომ ის კონტრასტულ ლურჯ ფერშია შესრულებული. მიუხედავად იმისა, რომ სამზარეულო გამჭოლია, ის მხოლოდ ნაწილობრივ ჩანს. მას სამზარეულოს ნაკრები და ნიშებიანი სათავსო კედლები ფარავს.

მოცემულ პროექტში გამჭოლი სამზარეულო ავეჯშია ინტეგრირებული. დიზაინერებმა და ავეჯის დამამზადებლებმა სამაგალითოდ იშრომეს, შედეგად კი სრულფასოვანი, ყველა აუცილებელი დანადგარით აღჭურვილი გამჭოლი სამზარეულო შექმნეს. სამზარეულოს კედლის უკან ფანჯრიანი საძინებელია, რომელსაც გასაგორებელი კარი და ტევადი კარადა აქვს. ამ კონსტრუქციაში კონდიცირების სისტემის მოთავსებაც კი მოხერხდა.

ამ პროექტში კი სამზარეულო ორ კედელზე, შემოსასვლელის და რაც არ უნდა უცნაური იყოს, სასტუმროს ხარჯზეა გაწყობილი. შემოსასვლელი დიდი და ცარიელი იყო. ასეთი  შეუვსებელი ვრცელი სივრცეები უფრო საზოგადოებრივი და არა საცხოვრებელი შენობებისთვისაა სახასიათო. სასტუმროც თავდაპირველად გრძელი და სარკით დაბოლოებული იყო, თუმცა დღის შუქი მხოლოდ სივრცის ნახევარს ჰყოფნიდა. სწორედ ეს ნაკლებად განათებული ნაწილი სამზარეულოს დაუთმეს. რაც მთავარია, დიასახლისი კმაყოფილია. სივრცე პატარა და ჩაბნელებული სულაც არ ჩანს, რადგან გამჭოლია და ნათელ სასტუმროსთან მეზობლობს. საჭიროების შემთხვევაში, სივრცის იზოლირებაც შესაძლებელია, ამისთვის დიზაინერებმა ორივე მხრიდან დასაკეცი შუშის კარები გაითვალისწინეს.

ტრადიციული გეომეტრიის დეკონსტრუქცია და ფორმებით თამაში – სტუდია სტიპფოლდის მიერ შექმნილი ნაძვის ხის კონცეფცია

აპარტამენტი ანტრესოლით პოლონეთში