in

როგორ გავაფორმოთ ინტერიერი მაროკოულ სტილში

მაროკოს სტილმა პოპულარობა ევროპაში ჯერ კიდევ 1970-იანი წლებიდან მოიპოვა. პირველი ის „ფრანგებმა“ აღმოაჩინეს, ეს არც არის გასაკვირი, მაროკო ხომ საფრანგეთის კოლონია იყო ასი წლის განმავლობაში. მას მერე ეს სტილი მუდამ პოპულარობის მწვერვალზეა.

მაროკოს სტილი თანამედროვე ინტერიერში ბოჰემურ ცხოვრებასთან ასოცირდება, თუმცა აქ სიფრთხილეა საჭირო. ყველაფრის სწორად გაკეთების შემთხვევაში, არაფორმალურ, ნათელსა და უჩვეულო ინტერიერს მიიღებთ, ერთი არაზუსტი ნაბიჯის შემთხვევაში კი სუვენირების აურზაურს. პირველ რიგში უნდა ჩამოყალიბდეთ, ეგზოტიკის სიყვარულით რამდენად შორს შეგიძლიათ შეტოპოთ.

მაროკოს სტილში მისაღები ოთახის გაფორმების დროს, შეგიძლიათ მხოლოდ რამდენიმე ეგზოტიკური შტრიხით შემოიფარგლოთ. მაგალითად, შეიძინოთ პუფი ან კილიმი, ან ოთახი მთლიანად ეთნიკური ავეჯით მოაწყოთ. იყიდოთ შესაბამისი სანათები, ხალიჩები და შესანახი სისტემები. გახსოვდეთ, რომ საუკუნეების განმავლობაში მაროკო სხვადასხვა კულტურების შეხვედრისა და მონაცვლეობის ადგილი იყო, ასე რომ ცოტაოდენი ეკლექტიკა საქმეს მხოლოდ წაადგება. მაგალითად, პერლამუტრით ინკრუსტირებული არტ დეკოს სტილის ავეჯი, თანამედროვე მინიმალისტური ავეჯი ან მარტივი ფორმის აღმოსავლური ნივთები მშვენივრად ეხამება სანთლებს, კილიმებსა და იატაკის ბალიშებს.

ამგვარ ინტერიერს ასევე მაროკოს ტრადიციებით შთაგონებული თანამედროვე დიზაინის ობიექტები მოუხდება, მაგალითად სხვადასხვა ფერის პუფები და ტახტები.

მსგავსი დეკორი მარტო ცხელ კლიმატს როდი უხდება. მაროკოს სტილში შესრულებული მოწითალო-ფორთოხლისფერი საძინებელი სითბოსა და სიმყუდროვის შეგრძნებას ზამთრის სუსხიან ამინდშიც კი მოგგვრით. ამ სტილისთვის სახასიათოა ჩამოკიდებული ვინტაჟური სანათები და ბრა, ექვსკუთხა პატარა მაგიდები, ლითონის სანათები და ასევე სანთლები.

ფანჯრების აჟურული გისოსი-მუშარაბი დეკორის მნიშვნელოვანი და ეფექტური ელემენტია. ისინი განსაკუთრებით მაროკოს სტილის სააბაზანოს უხდება, ამ შემთხვევაში ფანჯრების ფარდებით დაფარვა აღარ მოგიწევთ.

უპირატესობა გაჯერებულ ფერებსა და ფაქტურებს მიანიჭეთ. შეიძინეთ ხალიჩები, რომელზეც ფეხშიშველი სიარული გეამებათ და ბალიშები, რომლებზეც მოსვენება მოგინდებათ. თუ მაროკოს სტილში სამზარეულოს ან სააბაზანოს გამშვენება გადაწყვიტეთ, ტრადიციული რთული გეომეტრიული ორნამენტების მქონე ფილის გარეშე ამას ვერ შეძლებთ.

თანამედროვე ოჯახის სახლი ნიუ-იორკის შემოგარენში – ტამარა მეიგლის ნამუშევარი

#სადვიცხოვრო: ელეგანტური ბინა მუქი აქცენტებით მარჯანიშვილის ქუჩაზე