ანნა სეკოვსკა-ლივნი თბილისში მცხოვრები პოლონელი ავეჯის რესტავრატორია. ის და მისი მეუღლე საქართველოში 15 წლის წინ გადმოვიდნენ და მას შემდეგ ეს ქვეყანა მათ მეორე სახლად იქცა. ანნა პროფესიით სამართალმცოდნეა, მაგრამ როგორც თავად გვიამბობს, ეს საქმიანობა მას ყოველთვის მოსაწყენად მიაჩნდა. მას ბავშვობის ასაკიდან ნივთების საკუთარი ხელით შექმნა ხიბლავდა და 8 წლის წინ ამ ჰობის პროფესიად ქცევა გადაწყვიტა.
“ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ეს ჩემი პროფესია გახდებოდა. მე უბრალოდ იმის კეთება დავიწყე, რაც მომწონდა. ეს ძირითადად პატარ-პატარა ნივთები იყო. მაშინ არც ადგილი, არც ინსტრუმენტები და არც საჭირო უნარები მქონდა დიდი პროექტების შესასრულებლად. ეს იყო ერთგვარი ცდისა და შეცდომების გზით შეძენილი ცოდნის მიღების პროცესი. პირველ ეტაპზე სკამების გადაკვრით დავიწყე და სწორედ მაშინ გავაცნობიერე, რომ საჭირო იყო ჩემი ხეზე მუშაობის უნარები გამეუმჯობესებინა, ვინაიდან ავეჯის უმრავლესობა სერიოზულ რესტავრაციას საჭიროებდა. ასე გავიარე ხის დამუშავების კურსი ედ ჩენდლერთან (Ed Chandler) ერთად და ამის შემდეგ უკვე სხვა ეტაპზე გადავედი.”
ასე შეუდგა ანნა ძალიან საინტერესო საქმიანობას, რომელსაც ავეჯის რესტავრატორობა ჰქვია. დღეს მას უკვე საკუთარი სახელოსნო აქვს, რომელიც ყველა საჭირო ინვენტარით არის აღჭურვილი, რაც მას ბევრად მასშტაბურ პროექტებზე მუშაობის საშუალებას აძლევს.
97 კვადრატული მეტრის მქონე ბინა ფალიაშვილის ქუჩაზე, რომელზეც დღეს გიამბობთ, ანამ საკუთარი ხელით რესტავრირებული ნივთებით მოაწყო, რაც სივრცეს გამორჩეულ ხიბლსა და ხასიათს სძენს.
“არ ვარ ეგოისტი, რომ ეს ყველაფერი ჩემთვის დავიტოვო. ასე რომ, ეს არის ბინა, რომელსაც ვაქირავებ. რა თქმა უნდა, ის ფაქტი, რომ აქ თითქმის ყველაფერი ჩემი ხელით არის შექმნილი, უდიდესი უპირატესობაა გაყიდვების კუთხით. ჩემთვის კი წარმოუდგენელი სიამოვნებაა აქ მოსვლა. ძალიან ამაყი ვარ იმით, რომ ეს ნივთები ჩემი შექმნილია. ეს წარმოუდგენელი შეგრძნებაა.”
როგორც ანნა გვიამბობს, ინტერიერების შექმნის პროცესში ის არასდროს მიმართავს პროფესიონალ დიზაინერს, ვინაიდან თვლის, რომ საკმაოდ რთულად ასახსნელი სტილი აქვს, რომელიც მას თავად ბევრად კარგად ესმის, ვინმე რომელიმე გარეშე პირს.
“ჩემი მთავარი მიზანია ისეთი დასამახსოვრებელი სივრცეების შექმნა, რომელშიც მე თავადაც “სახლში” ვიგრძნობ თავს და არა ტიპური “გასაქირავებელი ბინის” მოწყობა. მძულს ყველა ის სტანდარტული გასაქირავებელი ფართები, რომლებშიც იაფფასიანი მინიმალური რაოდენობის ავეჯი და დიდი ზომის ტელევიზორი გვხვდება მხოლოდ. მე ვცდილობ კომფორტული და მყუდრო სახლების შექმნას. ამიტომაც ხშირად ვიყენებ უცხო ფერებსა და ძველებურ ავეჯს. გარდა ესთეტიკურობისა, ჩემთვის უმნიშვნელოვანესია კომფორტი – აქ იგულისხმება მაღალი ხარისხის მატრასები, ბალიშები და ა.შ.”
ინტერიერში ყურადღებას იქცევს საინტერესო ფერთა გამა, რომელიც საკმაოდ მყუდრო ატმოსფეროს ქმნის და სივრცეს გამორჩეულ ელფერს სძენს.
აღნიშნული ბინის მთავარი ღირსება იმაში მდგომარეობს, რომ სივრცე დაბალანსებულია ძველისა და ახლის საინტერესო ნაზავით. რეტრო სტილის ავეჯი, რომელიც სრულიად ახლებური სახით არის წარმოდგენილი, ნამდვილად განსაკუთრებულ ემოციებს იწვევს და სიმყუდროვის შეგრძნებას კიდევ უფრო აღრმავებს.
აღნიშნული ბინის ქირაობა შესაძლებელია დღიურად Airbnb პლატფორმის საშუალებით.
პროექტის ავტორი: ანნა სეკოვსკა-ლივნი
ფოტოგრაფი: Tatiana Melnik