in

გეშტალტთერაპიიდან სანათების დიზაინამდე

ირინა ბარკალაია ევროპის მიერ აკრედიტებული ფსიქოთერაპევტია გეშტალტთერაპიის მიმართულებით და დღესდღეობით ის სწორედ ამ სფეროში მოღვაწეობს. ირინას თავდაპირველი პროფესია დაკავშირებული იყო ინტერიერის დიზაინთან, თუმცა როგორც თავად გვიამბობს, მისი საქმიანობა ამ ხაზით არ განვითარდა პროფესიული კუთხით, არამედ სხვადასხვა ჰობის სახითა და ესთეტიკისადმი სიყვარულით გამოიხატა. სწორედ ამ მიდგომის შედეგი აღმოჩნდა ჩვენი რესპონდენტის კიდევ ერთი საქმიანობის სფერო, რომელიც სანათების დიზაინის შექმნას გულისხმობს. ამ თემაზე გაესაუბრა დღეს Homeis.ge ირინა ბარკალაიას:

ირინა, როდის დაინტერესდით სანათების დიზაინით?

ეს ყველაფერი პანდემიის დროს მოხდა. დავიწყე ფიქრი, თუ როგორ მორგებოდი ახალ რეალობას ვითარებას.  გეშტალტთერაპიაში ამას ეძახიან „შემოქმედებით მორგებას“.

სანათებისა და ჭაღების იდეა ყოველთვის მიზიდავდა, მაგრამ თავისუფალი დრო არასდროს მქონდა. როგორც იტყვიან, მონეტას ორი მხარე აქვს, ამიტომ პანდემიამ მომცა საშუალება, რომ განმეხორციელებინა ჩემი იდეა. ეს იყო ახალ სიტუაციასთან ადაპტირება და საკუთარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების უნარი.

როგორ მოხვედით იქ, სადაც ახლა ხართ? რა გზა გაიარეთ?

ერთ პანდემიურ დღეს ჩემს მეგობარ ირინა ნიორაძესათან მივედი და ჩემი იდეა მასთან გავაჟღერე. შევთავაზე, ამ კრეატიული წამოწყების  პარტნიორი გამხდარიყო. ირინა დათანხმდა და მეორე დღიდან ჩვენ უკვე გავეშურეთ დეტალებისა და მასალების მოსაძიებლად. რაც შეეხება სანათების ტექნიკურ მხარეს, ეს ნაწილი ჩემმა მეუღლემ იტვირთა. ასე დაიწყო ყველაფერი.

თავიდანვე გადავწყვიტეთ, სანათებისთვის სახელები დაგვერქმია. სხვათა შორის, ყველა სახელის ავტორი ირინა ნიორაძე გახლავთ. დასაწყისში ძალიან აჟიტირებულები ვიყავით, ცოტა გვეშინოდა, არ ვიცოდით თუ როგორ მოვახდენდით სანათების რეალიზაციას, რა გზას მივმართავდით… თუმცა, ძალიან მალე დავიმსახურეთ მოწონება, როგორც მომხმარებლებში, ასევე ახლობლებში და დღეს უკვე ჩვენი სანათები საკმაოდ მოთხოვნადია.

რა სპეციფიკა ახასიათებს სანათების დიზაინის შექმნის პროცესს? რა არის მთავარი გამოწვევები ამ საქმიანობაში?

ყველაზე მნიშვნელოვანი ტექნიკური მხარეა, დეტალები და  ქუდები. ამის შემდეგ კი მოდის ხედვა, გემოვნება და აღქმა. ამასთანავე, საკმაოდ დიდი გამოწვევაა კარგი დეტალების მოპოვება მისაღებ და ხელმისაწვდომ ფასად. შეიძლება თითოეული დეტალი ერთი სანათის ფასიც კი ღირდეს, რაც ჩვენს საქმიანობას აფერხებს, ვინაიდან საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობა არ გვაძლევს კერძო მეწარმეებს ფასის დიაპაზონის ზრდის საშუალებას.

აღწერეთ ერთი სანათის შექმნის პროცესი. საიდან იწყება ყველაფერი? რა ეტაპებისგან შედგება ეს საქმე? შეგიძლიათ გაიხსენოთ თქვენი პირველი ნამუშევარი?

პირველ რიგში, ვიწყებთ დეტალებისა და მასალების მოძიებით. მხოლოდ ამის შემდეგ ხდება სანათის აწყობა კონცეფციურად და ტექნიკურად, რაც საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს. სათითაოდ მუშავდება სანათის დეტალები და ვაწყობთ თითბრის ძელებზე, რომლებიც წინასწარ არის დამუშავებული იმისთვის, რომ სანათებს დენის გაყვანილობა და  მდგრადობა გააჩნდეს.

რაც შეეხება პირველ ნამუშევარს, თავდაპირველად დავიწყეთ ჩაიდნების გამოყენება დეტალების სახით და პირველი სანათი სწორედ ჩაიდნისა და საშაქრისგან იყო დამზადებული.

ყოველთვის იცით თუ არა წინასწარ, რა შედეგს მიიღებთ სანათის დიზაინზე მუშაობისას? 

არა, ვინაიდან თითქმის ყველა სანათი იმპროვიზაციის შედეგია. ხდება ისეც, რომ როცა თემატურ დეტალს წავაწყდები, უკვე წინასწარ ვიცი, რას გავაკეთებ, თუმცა, ხშირად ვიცვლი  აზრს, შემაქვს კორექტივები დიზაინში და სპონტანურობას მივყვები.

არის თუ არა თქვენს კოლექციაში ისეთი ნამუშევრები, რომლებთანაც განსაკუთრებული ემოცია გაკავშირებთ?

მე ძალიან ცვალებადი მიდგომა მაქვს სანათების მიმართ. მაგალითად, როგორც  ადამიანში შეიძლება არსებობდეს რამდენიმე ემოცია (სიხარული, მოწყენილობა, გაბრაზება, აღფრთოვანება, შიში), ასევე ხდება ჩემ შემთხვევაში ჩემი სანათების მიმართ. თუმცა, მაქვს ისეთი ნამუშევრებიც, რომლებიც მაკავშირებს სიხარულის ემოციასთან. ასეთია მაგალითად, ბუდების სერია. ის ჩემთვის გამორჩეულია თავისი სრულყოფილებით.

 

22 კვადრატულ მეტრში შექმნილი კომფორტი – მიკრო ბინა პარიზში

გუსტავ ეიფელი – ადამიანი, რომელმაც პარიზის იერი შეცვალა