„SENAA architekti”-მა ღვინის მარნის ქუჩაზე დასასვენებელი სახლი დააპროექტა. აქ ნაკვეთის მკვეთრი დახრის მიუხედავად, თითოეული სანტიმეტრია გამოყენებული. კონცეპტუალურად სახლი რამდენიმე კონსტრუქციულ ნაწილადაა დაყოფილი. მას ტრადიციული მორფოლოგია აქვს. შენობაში თანამედროვე ტექნოლოგიები და ისტორიული დეტალები შეხმატკბილებულად თანაარსებობს.
სახლი მყუდრო ქუჩაზე მდებარეობს, სადაც სამშენებლო ტექნიკის მოძრაობა შეზღუდულია. ძველი შენობის სავალალო მდგომარეობის გამო, მშენებლებს თავდაპირველი რეკონსტრუქციის გეგმაზე უარის თქმა მოუწიათ, ამიტომ აქ ძველი სახლის ფორმებისა და ზომების მქონე ახალი ნაგებობა დაიდგა.
სახლი კონცეპტუალურად რამდენიმე კონსტრუქციულ ნაწილად შეიძლება დაიყოს. საძინებელი, სააბაზანო და საპირფარეშო აგურით ნაგებ საცხოვრებელ ზონას იკავებს. შემინული მისაღები თხების ძველი სადგომის ადგილზეა და სტრუქტურულად ლითონის კონსტრუქციას წარმოადგენს. ზედნაშენი ხისგანაა დამზადებული, ის საუნასა და დასასვენებელ ზონას მოიცავს.
შენობა ციცაბო ნაკვეთის ყოველ გოჯს იყენებს. სახლის გარდა, 230 მ2 ფართზე ველოსიპედების ფარდულიცაა. სახურავზე, ტერასის თავზე კი პანორამული ხედების მქონე აუზი.
სახლს ტრადიციული მორფოლოგია აქვს. ის თანამედროვე დეტალებსა და ძველ ტექნოლოგიებს შეიცავს. მაგალითად, ლითონის კონსტრუქციაში, ლოფტის სტილში შესრულებული ხელნაკეთი ჭერი ჩაისვა. ის უჩარჩოო მასშტაბურ შემინვაში გადადის. შიდა ბათქაში ზედაპირის ყოველგვარი დამუშავების გარეშეა შეღებილი. აქ კიდევ ერთი გამორჩეული ელემენტია – ფანჯრების მომრგვალებული საპირეები და ზღუდარები. სახლში ტრადიციული იაპონური ტექნიკა შოუ-სუგი-ბანია გამოყენებული (ხის მოწვის ტექნიკა), რომლითაც აბაზანის მთლიანი დაშენება, ტერასა და სახურავია დამუშავებული.
მრავალფეროვანი დეტალების შერწყმითა და საერთო გეგმარებით, პროექტის ავტორებმა თანამედროვე არქიტექტურის ისტორიულ კონტექსტში ჰარმონიული ჩასმა მოახერხეს.