არსებობს ორი ძირითადი კითხვა, რომელიც მომსახურების მიმღებ ნებისმიერ ადამიანს აწუხებს: როდის და რამდენი? ანუ როდის დაიწყება და დასრულდება რემონტი? და რა დაჯდება ეს სიამოვნება?
დღეს შევეცდებით, კითხვაზე – „როდის?“ ვუპასუხოთ. რამ შეიძლება გამოიწვიოს ვადების გაზრდა და შესაძლებელია თუ არა ამის მართვა? ამ კითხვებზე პასუხებს ქვემოთ მოცემულ პუნქტებში იპოვით:
საკუთარი ძალების შეფასება, ბიუჯეტის გათვლა
ბიუჯეტის გათვლა მარტივი საქმე არ არის. განსაკუთრებით მაშინ, როცა რემონტს დამოუკიდებლად აკეთებთ. გარდა აშკარა დანახარჯებისა (მასალები და ხელოსნები), ბიუჯეტში სხვა მრავალი პუნქტიცაა გასათვალისწინებელი. მაგალითად, საჭირო ინსტრუმენტების შეძენის ან ქირაობის ღირებულება, მოტანისა და სართულზე ატანის საფასური, ასევე სხვა შესაძლო ფორს-მაჟორული შემთხვევები.
ყველაფრის წინასწარ განჭვრეტა შეუძლებელია, მაგრამ რაც უფრო მეტ პუნქტს გათვლით წინასწარ, მით უფრო ნაკლები გადახარჯვა გექნებათ ბიუჯეტში და უფულობა რემონტს ვეღარ შეაფერხებს.
სამუშაოების გრაფიკის შედგენა და კონტროლი
სამუშაოების შესრულების გრაფიკში არა მხოლოდ ხელოსნების ობიექტზე გამოსვლის, არამედ ავეჯისა და მასალების მიღების ვადებიც შედის. აუცილებლად შეადგინეთ ყოველი სამუშაოს დაწყებისა და დასრულების სავარაუდო ვადები. მასალებისა და ავეჯის შეკვეთა სწორედ ამ გრაფიკზე დაყრდნობით უნდა მოხდეს. მაგალითად, თქვენ იცით, რომ დაახლოვებით ორი თვის შემდეგ ფილის დაგება დაიწყება, ეს ის დროა, როცა ფილა უნდა შეუკვეთოთ. სხვათა შორის, აუცილებელია მაღაზიებთან კონკრეტული მასალის მოწოდების ვადების დადგენაც. რა თქმა უნდა, უმჯობესია ყველაფრის წინასწარ შეძენა და ცალკე საწყობში დალაგება. თუმცა, გახსოვდეთ, რომ ობიექტზე მასალის დიდი ხნით დასაწყობება მისი დაზიანების რისკს წარმოშობს.
ხელმისაწვდომი მასალების არჩევა
ყველას უნდა ინტერიერში რაღაც განსაკუთრებული და ექსკლუზიური დაამატოს. თუმცა, თუ უპირატესი ამოცანა რემონტის უმოკლეს ვადებში შესრულებაა, უმჯობესია ხელმისაწვდომი მასალების არჩევა. შეკვეთილ ექსკლუზიურ ფილას შეიძლება დიდი ხნით დააგვიანდეს. ასევე რაოდენობის არასწორი გათვლისას, დამატებითი შეკვეთა რემონტს კიდევ უფრო დააყოვნებს. მასალის გამო შეჩერებული სამუშაოს თავიდან განახლებას ხელოსნები, როგორც წესი, გაურბიან და შესაძლებელია, ეს ცალკე პრობლემად იქცეს.
მასალების ხარისხის და შესაბამისობის კონტროლი
გზაში მასალა შესაძლებელია დაზიანდეს, ამიტომ ყოველი მიღებისას ისინი აუცილებლად შეამოწმეთ. არ მოაწეროთ დოკუმენტებს ხელი, სანამ არ დარწმუნდებით, რომ სწორედ შეკვეთილი, დაუზიანებელი და სწორი რაოდენობის მასალა მიიღეთ. ეს საკმაო დროს წაგართმევთ, სამაგიეროდ, მომავალში გაუთვალისწინებელ ხარჯებს და დროის დაკარგვას აგარიდებთ.
კითხვებზე პასუხის დროულად გაცემა და განხილვებში მონაწილეობა
ყველაფრის გათვალისწინება შეუძლებელია. რემონტის პროცესში შესაძლოა გაუთვალისწინებელი მომენტები დადგეს. მშენებლებს აუცილებლად უჩნდებათ კითხვები. თქვენ კი ერთადერთმა იცით, როგორი უნდა იყოს თქვენი ბინა. მაგალითად, შესაძლებელია თქვენი გადასაწყვეტი გახდეს რუხის სამი ელფერიდან ერთ-ერთის არჩევა. თითქოს წვრილმანია, თუმცა პატარა უზუსტობამ შეიძლება იმედგაცრუება გამოიწვიოს.
პროფესიონალების არჩევა
პროფესიონალი ხელოსნები ისაა, რაც ყველა ზემოთ ჩამოთვლილ საკითხს მარტივად მოაგვარებს. შემსრულებლის ამორჩევას განსაკუთრებული სერიოზულობით უნდა მიუდგეთ. წაიკითხეთ გამოხმაურებები, ყურადღებით შეისწავლეთ საიტებზე გამოტანილი ოფიციალური ინფორმაცია, დაათვალიერეთ შესრულებული პროექტები, მოითხოვეთ რეკომენდაციები, აუცილებლად შეხვდით და შთაბეჭდილებას დააკვირდით. რაც მთავარია, შეადგინეთ წერილობითი ხელშეკრულება, ასე მომავალში გაუგებრობას აიცილებთ.