უძრავი ქონების კომპანიამ “ალიზი დეველოპმენტმა” ახალი გაყიდვების ოფისი კოსტავას 76ა-ში, სააკაძის მოედანზე დეკემბერში გახსნა. სივრცე მფლობელებს ე.წ. „შავი კარკასის“ მდგომარეობაში გადაეცათ და მისი რემონტი 3 თვის მანძილზე გრძელდებოდა. მაღალმა ჭერმა და დიდმა ვიტრაჟებმა მეპატრონეებს მისცა საშუალება, რომ ყველა საკუთარი დიზაინ ჩანაფიქრი სრულად განეხორციელებინათ.
როდესაც საქმე ინტერიერის მოწყობაზე მიდგა, “ალიზში” ისეთი კონცეფცია შეიმუშავეს, რომლის მიხედვით სივრცე უნდა ყოფილიყო თანამედროვე და მინიმალისტური, თუმცა ამავე დროს, თბილი და სტუმართმოყვარე, როგორც ვიზიტორების მისაღებად, ასევე თანამშრომლებისთვის.
“ჩვენი მომხმარებლები სხვადასხვა გემოვნების და ბიუჯეტის პროექტებით ინტერესდებიან – ეკონომ ბინებიდან დაწყებული თბილისში, კურორტულ ზონებში აპარტოტელებით დამთავრებული. ამიტომ საკმაოდ რთული გამოწვევა იყო, მოვრგებოდით ყველას. ჩვენთან მოსულ სტუმარს გაყიდვების ოფისში, თავი უნდა ეგრძნო თავისუფლად – ისე თითქოს, მოვიდა კაფეში, კარგ მეგობართან შესახვედრად და განსატვირთად. ჩვენი სურვილი იყო, რომ კონცეფციის გარდა, ინტერიერის დიზაინერს გაეთვალისწინებინა ბრენდის ფერები და მთავარი იდეა – გახსნილობა მეზობლობისთვისა და ურთიერთობისთვის“, – გვიამბობს თამარ რამიშვილი, “ალიზი დეველოპმენტის” აღმასრულებელი დირექტორი
კომპანიის საქმიანობიდან გამომდინარე, ინტერიერში გათვალისწინებულია სამუშაო სპეციფიკა. გამომდინარე იქიდან, რომ “ალიზის” ოფისში მომხმარებლები ხშირად ახლობლებთან ერთად მიდიან სასურველი ბინის შესარჩევად, ძალიან მნიშვნელოვანი იყო მათზე მორგებული სივრცის არსებობა. სწორედ ამიტომ, ოფისის ცენტრალურ ადგილს მომხმარებელთა მისაღები ზონა იკავებს, სადაც გვხვდება რბილი ავეჯი და ფართო ჟურნალების მაგიდა.
“მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ ისეთი სივრცე შეგვექმნა, რომელიც ჩვენს სტუმრებს და თანამშრომლებს არ შეზღუდავდა, ყველასთვის იქნებოდა კომფორტული და გვექნებოდა როგორც ღია, ასევე კონფიდენციალური სივრცე. ამიტომ გავითვალისწინეთ როგორც გახსნილი, ისე დახურული გასაუბრების ზონები,” – გვიამბობს თეონა სიჭინავა, “ალიზი დეველოპმენტის” მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი.
საკმაოდ საინტერესოა სივრცის გეგმარება, რაც გადამწყვეტ როლს თამაშობს მსგავსი პატარა ზომის ფართებში. განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს მიკრო სამზარეულო, საპირფარეშო და სათავსო, რომელიც საკმაოდ საინტერესოა, ფუნქციური და ამავე დროს, ზომიერ სივრცედ აღიქმება სწორი დიზაინისა და გამოყენებული ფერების წყალობით.
მაღალმა ჭერმა პროექტის ავტორებს საშუალება მისცა, ნაწილობრივ ანტრესოლი მოეწყოთ. ეს ზონა ძირითადად მასპინძლობს მომხმარებლებს ინტერიერის დიზაინის ეტაპზე და გაყიდვების შემდგომი ურთიერთობის პროცესში.
აღსანიშნავია, რომ ოფისის ინტერიერზე “DODO Designs-მა“, კონკრეტულად კი დიზაინერმა დოდოშკა ჩხეიძემ და მარი ზურაბიშვილმა იმუშავეს. ისინი პირველ რიგში, დამკვეთის სურვილებს გაეცნენ და დასახული ამოცანის მიღწევის საკუთარი ხედვა შეიმუშავეს.
“დოდოშკასთან მუშაობა ძალიან საინტერესო და კომფორტული პროცესი იყო. სულ რამდენიმე გასაუბრება საკმარისი აღმოჩნდა მისთვის ბრიფის გასაცნობად და სურვილების გადასაცემად. მას თავის ხელწერა აქვს, შეაქვს ისეთი შტრიხები დიზაინში, რომელიც ყოველთვის გამორჩეულია. ჩვენც სრულად მივენდეთ მის დიდ გამოცდილებასა და ფანტაზიას და შედეგმაც არ დააყოვნა,” – თამარ რამიშვილი.
“თანამშრომლების განსაზღვრულმა რაოდენობამ და რამდენიმე კონკრეტული ფუნქციური ზონის მოთხოვნამ თავიდანვე გვიკარნახა სივრცის ორ ნაწილად გაყოფა და ანტრესოლის მოწყობა, მითუმეტეს, რომ ჭერის სიმაღლე ამის საშუალებას თავისუფლად იძლეოდა. რაც შეეხება დიზაინის ნაწილს, თავიდანვე შევთანხმდით, რომ ეს უნდა ყოფილიყო თანამედროვე, ნათელი და ბრენდბუქის გათვალისწინებით შექმნილი ინტერიერი. ლოგოს ფერები და მასში გამოყენებული მართკუთხა ფორმები დიზაინის მთავარი ელემენტებია და ვფიქრობთ, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბრენდის ხასიათის გამყარებაში და ცნობადობის ამაღლებაში. ინტერიერში მთავარი აქცენტი სწორედ ყვითელ ფერზეა გაკეთებული, რაც საკმაოდ მკვეთრი ლაქაა განსაკუთრებით თეთრ სივრცეში და მიგვაჩნია, რომ მისი ხიბლიც სწორედ ამაშია,” – დოდოშკა ჩხეიძე
დღეს, როდესაც “ალიზის” გაყიდვების ოფისი უკვე დასრულებულია და მომხმარებლებს მასპინძლობს, ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ პროექტის ავტორებმა ყველა დასახულ მიზანს მიაღწიეს.
“ყველაზე კარგი შემფასებელი მაინც ვიზიტორია, რომელიც ქუჩაში მოძრაობისას უცებ ჩერდება და ჩვენს ინტერიერს ფოტოებს უღებს. კლიენტები ყოველთვის აღნიშნავენ, რომ ძალიან ლამაზი და თანამედროვე ინტერიერი გვაქვს. ვფიქრობ, რომ ყველაფერი ისე გამოვიდა, როგორც ჩაფიქრებული გვქონდა,’ – თეონა სიჭინავა.
პროექტის ავტორები: დოდოშკა ჩხეიძე, მარი ზურაბიშვილი
დიზაინ სტუდია: DODO Designs
ფოტოგრაფი: გიორგი იაშვილი