ჯგუფ „The Cardigans“-ის ვოკალისტი ნინა პერსონი ხმაურიანი ნიუ-იორკისგან დაიღალა და ოჯახით წყნარ მალმოში გადასახლდა. ახლა ის მე-20 საუკუნის ძველ სახლში ცხოვრობს.
აქ ზედმეტი არაფერია. შესაძლებელია ქალაქის ფორიაქისგან დასვენება და საყვარელი ჰობით (კერამიკისგან ძერწვა) გართობა.
შვედური პროექტის ვოკალისტი ნინა პერსონი (Nina Persson), მისი მეუღლე ნატან ლარსონი და შვილი ნილსი ნიუ-იორკში დიდი ხანი ცხოვრობდნენ. რამდენიმე წლის წინ კი ოჯახმა სამშობლოში, შვედეთში დაბრუნება გადაწყვიტა.
„ნიუ-იორკში აგურის ძველ სახლში ვცხოვრობდით და რაღაც ეტაპზე ძველმა ცხოვრებამ დამქანცა. რაღაც ახალი, სუფთა და ფუნქციური მომინდა, სადაც ადამიანური ურთიერთობებისთვის ჯერ კიდევ დარჩენილია ადგილი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, მშობლიური ქალაქის რომანტიკა მომენატრა“ – ყვება ნინა. ასე აღმოჩნდა ოჯახი მალმიოში.
აქ ოჯახს საცხოვრებელი უკვე ჰქონდა. აქ წყვილი სამშობლოში რეგულარული მოგზაურობის დროს რჩებოდა. თუმცა, როცა მათ მეგობრების მახლობლად მდებარე გასაყიდი ბინის შესახებ შეიტყვეს, დაუფიქრებლად იყიდეს ახალი საცხოვრებელი სივრცე.
„მე და ნათანს ბავშვები დიდი ხანი არ გვყავდა, უზრუნველად და უაზროდ ვცხოვრობდით. კონკრეტული წესისა და საკუთარი მეურნეობის გარეშე. მუსიკოსების ცხოვრებაში ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. დავძრწოდით შეერთებულ შტატებსა და შვედეთს შორის და ფაქტობრივად, საკუთარი სახლი არ გვქონდა, – ამბობს ნინა. ჩვენ ხან მეგობრებთან, ხან ნათანის მშობლებთან, ხანაც ნაქირავებ ბინებში ვჩერდებოდით. ასე რომ, ეს ბინა ნამდვილი პირველი „ოჯახური ბუდეა“.
“ეს წინა საუკუნის ძველი შვედური სახლი იყო. „პირველ რიგში, ყველა ძველმანი მოვიშორეთ. 1990-იანი წლების ტიპური გარნიტური, რომელიც საშინლად გამოიყურებოდა, – იცინის ნინა. – გარდერობიც მოვშალეთ და მის ხარჯზე სააბაზანო გავადიდეთ. ასე რომ, სერიოზული გადაგეგმარება გამოგვივიდა“.
ახალი ბინის რემონტი, გაფორმება და დეკორირება ნინამ თავად ითავა. „მე მიყვარს ხატვა და გეგმების ხაზვა, ამიტომ უამრავი დრო გავატარე გაზომვასა და ესკიზების შექმნაში. „ვგუგლავდი“, ინფორმაციას ვაგროვებდი, თითოეულ დეტალზე ვფიქრობდი, – ამბობს ის. – საკმაოდ შეზღუდული ბიუჯეტი გვქონდა, ამიტომ მნიშვნელოვანი იყო თავიდანვე ყველაფრის სწორად დაგეგმვა“.
ორი სახლის ქონას თავისი დადებითი მხარეებიც აქვს – ოჯახს რემონტში და სამშენებლო მტვერში ცხოვრება არ მოუწია, არც ბინის ქირაობა დაჭირვებია. როდესაც ნიუ-იორკიდან გადმოვიდნენ, ყველაფერი დასრულებული იყო.
„ჩვენ მარტო ყუთების ამოლაგება დაგვჭირდა. ნივთების უმეტესობა გადასვლის მომენტისთვის მოვიცილეთ და მხოლოდ აუცილებელი გადმოვიტანეთ. ოთახების ავეჯით გადატვირთვა არ გვინდოდა, თუმცა, მიუხედავად ამისა, მაინც ბევრი რამ წამოვათრიე, – იცინის ნინა. მე მატერიალისტი ვარ, მიყვარს გაჯეტები, აპარატურა, დეკორის ნივთები. მეჩვენება, რომ თითოეული ნივთი თავისებურ, განუმეორებელ ენერგიას და იდუმალ ჩანაფიქრს ატარებს. სასტუმროში პირველ რიგში ჩემოდანს ამოვალაგებ ხოლმე და ნივთებს თაროებზე ვანაწილებ, თუნდაც ერთი დღით ვიყო აქ შემოსული.
მუსიკოსების ოჯახისთვის ბინაში კომფორტული მუშაობა მნიშვნელოვანი იყო. განსაკუთრებით ნინას ახალი ჰობის – კერამიკული ხელოვნების გამო. „მე საკუთარი კაბინეტი მაქვს, სადაც ქარგვა და ფუსფუსი შემიძლია. ასე რომ არ ყოფილიყო, ჩემი ნივთებით მთელ სახლს დავიპყრობდი. – იცინის ის. მე ქალაქის მეორე ბოლოში სახელოსნოც კი მაქვს, სადაც ჩემი ყველაზე გადარეული პროექტების რეალიზება შემიძლია ისე, რომ ოჯახის წევრები ჩემი შედევრებით არ შევაწუხო“.
„სახლი ჩემი ნაწილია, – მსჯელობს ნინა. – უფრო სწორად, ყველა ჩვენგანის. ოჯახის თითოეულ წევრს თავისი წვლილი შეაქვს, თუმცა ხშირად „სივრცის მიტაცების“ მეშინია, რადგან დიზაინს და ინტერიერს თავად ვაპროექტებ. აქ ადგილი ყველა ჩვენგანისთვის უნდა იყოს. ნილსს სათამაშო სივრცე სჭირდება. მე – იოგის სამეცადინო და თავდაყირა ჩამოსაკიდებელი ჰამაკი (უმაგისოდაც შეიძლება, მაგრამ ეს ძალიან მაგარია!).
ჩვენ საკმაოდ გულჩათხრობილები ვართ საღამოების მოსაწყობად და საჭმელსაც ცუდად ვამზადებთ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მეგობრებს ჩვენთან მოსწონთ და დიდი სიამოვნებით გვსტუმრობენ“.
ფოტო: PETRA BINDEL