ნაძვისფერი, მინავლებული ტერაკოტა და ბეჟის მშვიდი ელფერები სტოკჰოლმის ამ ოროთახიანი ბინის ინტერიერს ჰარმონიულად ერწყმის.
შვედეთში მდებარე ამ მყუდრო ბინის მეპატრონეები ორშვილიანი ოჯახური წყვილია, რომელთაც სტოკჰოლმის ცენტრში ცხოვრება სურდათ. მშობლები შემოქმედებით ინდუსტრიაში მუშაობენ და საღამოობით კარგ რესტორანში ვახშმობა უყვართ.
ბავშვებთან დროის გატარებაც განსაკუთრებულად კეთილმოწყობილ ადგილებში სურდათ. საბოლოო ჯამში, ოჯახმა ქალაქის ცენტრში, 1920 წელს აშენებულ ისტორიულ შენობაში 87 მ2 ბინას მიაგნო და საკუთარი გემოვნებით მოაწყო.
ბინის გადაგეგმარება პრაქტიკულად საჭირო არ გახდა. ერთადერთი, რაც შეიცვალა, არის ის, რომ შემოსასვლელში მომცრო სათავსო მოეწყო, რომელიც დამატებითი ტიხრის მეშვეობით გამოყვეს და ორ საძინებელს შორის შემოსასვლელი საგარდერობე გაკეთდა.
ვიწრო სამზარეულოს არ შეეხნენ და ასევე დატოვეს, რადგან მისაღების ფართის შემცირებას მოერიდნენ. მასპინძლებს სტუმრების მიღება უყვართ. ერთ-ერთი საძინებელი გამჭოლია, სამაგიეროდ, მეორეში ვრცელი აივანია, სადაც მზიან ამინდში ოჯახი სუფთა ჰაერზე საუზმობს.
ეს ინტერიერი სკანდინავიური სტილის ნათელი მაგალითია: ხის პარკეტი, ხის უბრალო ავეჯი და შეღებილი კედლები. პალიტრის არჩევისას, გაჯერებული ფერების სასარგებლოდ, კლასიკურ თეთრ კედლებზე უარი თქვეს.
მისაღებისთვის ზეთისხილის მშვიდი ფერი აირჩიეს, სამზარეულოსთვის ბეჟი ტონები, საძინებლისთვის კი მოდური ტერაკოტის ფერი. მის ფონზე საწოლების დაწნული თავები და ზემოთ არსებული აბსტრაქტული ნამუშევრები მოხდენილად გამოიყურება.
საბავშვო ოთახისთვის იგივე ბეჟის თბილი ელფერებია არჩეული, რაც სამზარეულოში. სააბაზანო კი მთლიანად კვადრატული თეთრი ფილით არის მოპირკეთებული, რომელიც სკანდინავიურ სტილში ხშირად გვხვდება. მთლიანობაში, ინტერიერი მშვიდი გამოვიდა, მაგრამ არა მოსაწყენი. ის ოჯახური ცხოვრების ზომიერ სტილზე მიანიშნებს.