in ,

მიკრო ბინები თბილისში, რომელთა ზომა 37 კვადრატულ მეტრს არ აღემატება

Banner M2
Banner M2

რაც უფრო მცირეა ფართი, მით უფრო რთულია მისი სწორად დაგეგმარება. თუმცა, დღევანდელ სტატიაში ნაჩვენები ინტერიერები ნამდვილად დაგარწმუნებთ იმაში, რომ შეუძლებელი არაფერია და სწორი დიზაინ გადაწყვეტილებების წყალობით, უმცირეს სივრცეშიც კი რეალურია ყველა საჭირო ფუნქციური ზონის ჩატევა. მაშ ასე, გთავაზობთ თბილისში მდებარე 7 მიკრო ბინის დიზაინს, რაც აუცილებლად გახდება თქვენი წყარო შთაგონებისთვის.

1. 21 კვ/მ ბინა ფხოვის ქუჩაზე

ეს არის სივრცე, რომელზეც მისმა მეპატრონემ, 23 წლის ნათია რუხაძემ იმუშავა. როგორც თავად გვიამბობს, ბინის კონცეფცია აგებულია ქართულ ელემენტებზე და მიზნად ისახავს შექმნას ფერადი, ნათელი და თბილი გარემო, სადაც წინა ფლანგზეა გამოტანილი ქართული კულტურა და ტრადიციები.

ნახეთ ინტერიერი სრულად.

2. 24 კვ/მ ბინა აღმაშენებლის გამზირზე 

მიუხედავად იმისა, რომ ამ სივრცის ფართიც არანაკლებ პატარაა, მისმა მეპატრონემ ძალიან ოსტატურად შეძლო თითოეული სანტიმეტრის ათვისება და საბოლოო ჯამში, ბინაში ყველა საჭირო ფუნქციური ზონა გვხვდება. მაღალი ჭერის დამსახურებით, ინტერიერში ანტრესოლი მოეწყო, რაც პროექტს ნამდვილად განსაკუთრებულ ხასიათს სძენს.

ნახეთ პროექტი სრულად.

3. 28 კვ/მ ბინა სარაჯიშვილის ქუჩაზე

აღნიშნულ პროექტზე დიზაინერმა თინათინ ძირკვაძემ იმუშავა. გარდა სასიამოვნო ესთეტიკური ნაწილისა, საინტერესოა სივრცის ათვისების მოხერხებული ფორმა. ბინაში გვხვდება სამზარეულო, აბაზანა, საძინებელი და მცირე სასადილო სივრცე. ოთახებს შორის გამოყენებულია დაბალი ტიხარი, რომელიც სამზარეულოს სივრცეს გამოყოფს საძინებელი სივრცისგან. ტიხრის სიმაღლის შემცირებით ორივე სივრცეში შენარჩუნებულია ბუნებრივი განათება.

ნახეთ პროექტი სრულად.

4. 30 კვ/მ ბინა დიღმის მასივში 

ეს უმშვენიერესი დიზაინი Concept Design Studio-ს ეკუთვნის. საინტერესოა ის ფაქტი, რომ აღნიშნული სივრცე წარმოადგენდა ე.წ. “ხრუშჩოვკის” ძველებურ პროექტს, რომელზეც დიზაინერმა ანანო მეგრელიშვილმა იმუშავა და ბინის სრული რედიზაინი შემოგვთავაზა გაერთიანებული მისაღები-სამზარეულოს ზონითა და იზოლირებული საძინებლით.

ნახეთ პროექტი სრულად.

5. 33 კვ/მ ბინა ჭიაურელის ქუჩაზე 

ეს არის ბინა სხვენში, რომელიც სრულად მორგებულია ერთი ადამიანის საჭიროებებზე. მიუხედავად ფართის სიმცირისა, სივრცე იდეალურადაა დაგეგმარებული და მასში ყველა ფუნქციური ზონა კარგად არის გამოკვეთილი. აქ გვხვდება სამზარეულო, სასადილო, მისაღები, სამუშაო და საძინებელი ზონები, ასევე საკმაოდ ტევადი სველი წერტილი და საგარდერობე სივრცე.

ნახეთ ინტერიერი სრულად. 

6. 35 კვ/მ ბინა ფალიაშვილის ქუჩაზე

ეს ინტერიერი პატარა სივრცის ოპტიმალურად ათვისების კიდევ ერთი საინტერესო მაგალითია. ბინის მეპატრონემ გეგმარების ძველი ვერსია სრულად შეცვალა, რის შემდეგაც მოხდა ორი სველი წერტილის გაერთიანება, შემოსასვლელი ზონის ხარჯზე მისაღები ოთახის გაზრდა და სამზარეულოს სახლის სხვა ნაწილში გადატანა. საბოლოო ჯამში კი შეიქმნა კომფორტული გარემო, რომელიც სრულად აკმაყოფილებს მისი მფლობელის საჭიროებებს.

ნახეთ ინტერიერი სრულად.

7. 37 კვ/მ ბინა თბილისში

აღნიშნულ პროექტზე დიზაინერმა გაიანა მოისეევამ იმუშავა. საპროექტო დავალება მდგომარეობდა ერთოთახიანი სტანდარტული “ხრუშჩოვკის” თანამედროვე ოროთახიან ბინად ტრანსფორმაციაში. პროექტის ავტორმა ამ ამოცანას საკმაოდ კარგად გაართვა თავი და 37 კვადრატულ მეტრ ფართობზე შეძლო საძინებლის, მისაღების, სამზარეულოს, სასადილოს, სამუშაო ზონებისა და სველი წერტილის განთავსება.

ნახეთ პროექტი სრულად.

 

გიოტებურგის ნათელი ბინა შავი აქცენტებით

როგორ მოვიქცეთ მაშინ, როცა მიწისძვრის დროს სახლში ვიმყოფებით