in

სათავსო სისტემები შემოსასვლელში – ის, რაც უნდა ვიცოდეთ

შემოსასვლელის ფუნქციურობას დაფარული სათავსო სისტემა ზრდის. იმისთვის, რომ ეს სივრცე ნამდვილად მოხერხებული იყოს, დამატებითი აქსესუარები და ავეჯია საჭირო. დღეს იმ აუცილებელ ნივთებზე გიამბობთ, რომელიც ამ მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ. ასევე რამდენიმე თვალსაჩინო მაგალითს შემოგთავაზებთ.

კომპაქტურობა სივრცის სწორი ორგანიზებით და არა ფართის გაზრდით მიიღწევა. უმჯობესია შემოსასვლელის მაქსიმალური ათვისების ყველა ვარიანტი წინასწარ დაიგეგმოს. დაფიქრდით, რის შენახვას აპირებთ აქ ფეხსაცმელებისა და ტანსაცმლის გარდა. იქნება თუ არა კარადებში სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები და დასასუფთავებელი საშუალებები. რამდენად ხშირად და რა რაოდენობის სტუმრის მიღება მოუწევს ამ სივრცეს.

საქმის გამარტივებისთვის დიზაინერების რჩევებს მივმართოთ. მაგალითად, ამ შემთხვევაში დიზაინერმა ყველაფერი წინასწარ გაითვალისწინა და შედეგად იმაზე მეტი სათავსო ადგილი მიიღო, ვიდრე პრაქტიკულად დასჭირდა. ფეხსაცმლის დასამალად გასასვლელში ვიწრო მაღალი კარადა მოეწყო, რომელიც კედლის პანელებს შორისაა დაფარული. ნივთების დამატებით ადგილად აქ თაროებიანი საკიდი გამოიყენეს, თუმცა ასეთი დეტალი წესრიგის მუდმივ კონტროლსა და დისციპლინას მოითხოვს.

კარადების მნიშვნელოვანი ნაწილი შეიძლება ყუთებში ჩალაგებულმა ფეხსაცმელებმა დაიკავოს. ამ საკითხის გამკლავებაში სპეციალური სათავსო სისტემა დაგეხმარებათ, რომლის მექანიზმის სიღრმე სულ რაღაც 15 სმ-ია.

ძვირფასი კვადრატული სანტიმეტრების დაზოგვის მეორე ეფექტური საშუალება შემოსასვლელში სათავსო სისტემის მქონე სკამის დადგმაა. აქ კიდევ ერთხელ არა მარტო ავეჯის ზომა, არამედ გაღების მექანიზმიც მნიშვნელოვანია.

პატარა შემოსასვლელისთვის გამოსაღები კარადები შესაძლებელია არ იყოს მოხერხებული, ამიტომ ყურადღების გამახვილება „სლაიდერებზე“ (მათ შორის ზემოთა გაღებით) ან „ლიფტებზე“ ღირს. შესაძლებელია ასევე ღია თაროებიანი ვარიანტის არჩევაც. სასიამოვნო ბონუსად იმას მიიღებთ, რომ ასეთ სკამზე ფეხსაცმლის ჩაცმის დროს ჯდომა საკმაოდ კომფორტულია, ასევე ის სახლში ახალშემოსულს ნივთების დასაწყობად გამოადგება.

არ დაგვავიწყდეს წვრილმანები, რომლის გარეშეც ფონს ვერ გავალთ: გასაღების, ხელთათმანებისა და მზის სათვალეების შენახვა მომცრო კამოდშია შესაძლებელი. იმ შემთხვევაში თუ შემოსასვლელში ელეგანტურ თაროებს მოვაწყობთ, ის ინტერიერის ეფექტურ დეტალადაც გადაიქცევა.

თუ თაროებისთვის და მითუმეტეს კომოდისთვის არასაკმარისი ადგილია, ალტერნატივად შესაძლებელია კომპაქტური მაგიდების გამოყენება. მათზე ხელჩანთის ან გასაღებების შეკვრის დადებაა შესაძლებელი, რათა გასვლის დროს არ დაგვავიწყდეს.

სარკე შემოსასვლელში თავისი მნიშვნელობით კარადა-გარდერობის შემდეგ მეორეა. მისი ინტერიერში შემოტანის მრავალი ხერხი არსებობს. ის სივრცეს ვიზუალურად ზრდის, სინათლე შემოაქვს და ამავე დროს მოწესრიგებისთვის აუცილებელია.

შენახვის დამატებით ადგილად შესაძლებელია თაროები და კაუჭებიც გამოდგეს. უპირატესობა მრავალფუნქციურ ვარიანტებს უნდა მიანიჭოთ, მაგალითად, საკიდთან კომბინირებულ თაროს ან სარკიან კარადას.

წარსულის თბილი ემოციები „გორგიაში“ – „Love Is” სტიკერების კამპანია

გიოტებურგის ნათელი ბინა შავი აქცენტებით