შეიძლება ვიფიქროთ, რომ მიწისძვრის დროს მთავარი საშიშროება შენობის ნგრევაა. სინამდვილეში, ქართულ რეალობაში, გაცილებით მეტი დაზიანება ჩამოვარდნილი ნივთებით არის გამოწვეული. საუბარია ისეთ საგნებზე, როგორიცაა ჭაღი, მაღალი კარადები და სარკეები, მაღაზიების ვიტრაჟები და მრავალსართულიანი სახლების შუშის ნამსხვრევები.
მცდარია ასევე გავრცელებული მითი, რომ მიწისძვრის დროს ყველაზე უსაფრთხო ადგილი სახლში კარის ღიობია. ეს მითი იქიდან წარმოიშვა, რომ ადრე, აგურის სახლში, კარის ხის ჩარჩო ერთადერთ დაუზიანებელ ელემენტად რჩებოდა. დღეს კი მოსახლეობის უმეტესობა პანელურ ან კარკასულ სახლში ცხოვრობს. კარის ღიობი ყველაზე უსაფრთხო ადგილი აღარ არის. დაიმახსოვრეთ, ყველაზე უსაფრთხო ადგილი ბინის შიდა კედლებთან მდგომი მასიური მაგიდების ქვეშაა.
როგორ ვიმოქმედოთ იმ შემთხვევაში თუ მიწისძვრის დროს შენობაში ვართ?
- „მუხლებზე დადექით, თავი და კეფა ხელებით დაიფარეთ, არ გაინძრეთ“! თუ მახლობლად მასიური მაგიდა არ არის, შიდა კედელთან ჩამუხვლა საუკეთესო გამოსავალია
- ფანჯრებისგან, ჩამოკიდებული ნივთებისგან, სარკეებისგან, დიდი საყოფაცხოვრებო ტექნიკისგან და მძიმე ნივთებით შევსებული კარადებისგან თავი შორს დაიჭირეთ;
- თუ მიწისძვრამ შენობაში მოგისწროთ დარჩით იქ, სადაც ხართ;
- თუ მიწისძვრამ საწოლში მოგისწროთ, დარჩით მწოლიარე და თავი ბალიშით დაიფარეთ;
- მრავალსართულიან სახლებში მიწისძვრის დროს ლიფტი არ გამოიყენოთ. თუ მიწისძვრამ ლიფტში მოგისწროთ, იატაკზე მუხლებით დადექით და თავი დაიფარეთ. ამ დროს შესაძლებელია შუქი გამოირთოს, ამიტომ პანიკაში არ ჩავარდეთ და შუქის მოსვლას დაელოდეთ;
- თუ მიწისძვრამ აივნის გასასვლელთან მოგისწროთ არ გახვიდეთ აივანზე, არ აანთოთ ცეცხლი, გააღეთ მთავარი კარი და ღიობში დადექით, ან პირველი წესისამებრ იმოქმედეთ;
- თუ ეტლით მოსარგებლე ხართ, ბორბლები ჩაკეტეთ და თავი ხელებით დაიფარეთ.
თუ ნანგრევებში მოხვდით:
- რაც შეიძლება ნაკლები იმოძრავეთ, რათა მტვერმა თვალები და სასუნთქი გზები არ დაგიზიანოთ;
- ცხვირი და პირი ტექსტილის რაიმე ნაჭრით დაიფარეთ;
- განმეორებითი სამ-სამი დარტყმით ლითონის მილზე, კედელზე და ნებისმიერ სხვა საგანზე აკაკუნეთ, ასე მაშველები ადვილად მოგაგნებენ;
- თუ ხელთ სასტვენი აღმოგაჩნდათ (კარგი იქნება, თუ სახლში ხელმისაწვდომ ადგილზე ასეთი შემთხვევებისთვის წინასწარ მოიმარაგებთ სასტვენს, სანათს და საჭირო წამლებს) ის გამოიყენეთ. მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში იყვირეთ რომ მტვერმა არ დაგაზიანოთ.