in

5 გამორჩეული ცენტრალური პარკი მსოფლიოს ქალაქებში

არაფერია იმაზე სასიამოვნო, როცა ხმაურიანი და დამქანცველი ქალაქის ცენტრში პატარა ოაზისი გეგულება, სადაც საკუთარ თავს შეგიძლია დაუბრუნდე.

გვინდა, მსოფლიოში არსებულ ქალაქის ხუთ საუკეთესო ცენტრალურ პარკზე გიამბოთ, რომელიც განსაკუთრებული ურბანული ხიბლით გამოირჩევა.

#5 ლუმპინის პარკი

ბანგკოკის პირველი საზოგადოებრივი პარკი 1925 წელს მეფე რამა მე-6 ის მიერ აშენდა. გადმოცემით, აქ დაიბადა ბუდა. მოციმციმე ცათამბჯენების ფონზე, ეს ბრწყინვალე მწვანე სივრცე შეიცავს ჩინურ სტილში აშენებულ ძველებურ საათიან კოშკს, დეკორატიულ ტბებს, სარბენ ბილიკებს, საბავშვო მოედნებსა და საზოგადოებრივ ბიბლიოთეკას. აქვეა ბამბუკის მშვენიერი ბაღიც. სტუმრებს შეუძლიათ მოისვენონ მდელოებზე, დააკვირდნენ ტაიდზის ვარჯიშით დაკავებულ ადგილობრივებს ან ისეირნონ ხელოვნურ ტბაზე ნავებით. ბუნებასთან იდეალური კავშირისთვის პარკის ტერიტორიაზე იკრძალება საფეხბურთო შეჯიბრებები, შინაური ცხოველების გასეირნება და თამბაქოს მოწევა. პარკში ტარდება უფასო საკონცერტო წარმოდგენები.

#4 სტენლის პარკი, ვანკუვერი

პარკს, რომელიც 1888 წელს გაიხსნა, სახელი კანადის გენერალ-გუბერნატორის სტენლი პრესტონის საპატივცემულოდ დაარქვეს. ეს მარადმწვანე საოცრებათა სამყარო ნახევარკუნძულზე, 400 ჰექტარ ფართობზეა გაშენებული. ერთ დროს აქ ტარდებოდა ადგილობრივი ხალხის სარიტუალო ცერემონიები. პარკი მნახველზე შთაბეჭდილებას ახდენს ტყეებით, სანაპიროებით, ყვავილის ბაღებითა და ცხრა განსხვავებული ტოტემური სვეტით .ერთ-ერთი ღირშესანიშნაობაა ვანკუვერის აკვარიუმი, სადაც 70 000 წყლის არსება ბინადრობს. აქვეა ზღვის დამბა, გოლფის მოედანი , ზღვის სანაპიროზე მოწყობილი აუზი, საზაფხულო თეატრი ღია ცის ქვეშ და ოთხი საბავშვო მოედანი.

#3 სიდნეის ცენტრალური პარკი

ჭაობსა და კლდოვან ფერდობებზე გაშებებული ბაღი 1888 წლის 26 იანვარს, ავსტრალიის დაარსებიდან 100 წლისთავზე გაიხსნა. მისი დიზაინი ეკუთვნის ინგლისელ ინჟინერ ფრედერიკ ოგასტეს ფრანკლინს და ავსტრალიელ ბოტანიკოს ჩარლზ მურს. 189 ჰექტარზე გაშენებულ ბაღს აღტაცებაში მოჰყავს მნახველი პალმის ხეივნებითა და დაჭაობებული ტერიტორიებით, დეკორატიული წყლის ობიექტებით, სათამაშო და სპორტული მოედნებით, ველო ბილიკებითა და „საპიკნიკე“ მოედნებით, სადაც მოწყობილია ელექტრო „ბარბეკიუს“ უფასო ადგილები. ეს ერთადერთი პარკია მსოფლიოში, რომელსაც საჯირითო მოედნებიც აქვს. აქვეა კინოთეატრი, სადაც ზაფხულის თვეებში მდელოებზე მხატრულ ფილმებს აჩვენებენ.

#2 გუელის პარკი, ბარსელონა

პარკი თავდაპირველად ბარსელონის ელიტური მაცხოვრებლების საცხოვრებელ კომპლექსად იყო ჩაფიქრებული. ის კატალონიელი მეწარმის, გრაფ იოზეფ გუელის შეკვეთით 1900 -1914 წლებში აშენდა. გრაფის მეგობარმა, არქიტექტორმა და დიზაინერმა ენტონი გაუდიმ, ამ პროექტისთვის მთელი თავისი წარმოსახვითი ფანტაზია გამოიყენა და თავისი საფირმო არქიტექტურული სტილით უჩვეულო ფორმის სკულპტურები შექმნა. ეს ადგილი ქალაქის საბჭომ შეიძინა და 1926 წელს საზოგადოებრივ პარკად გამოაცხადა. ეს მოზაიკური ფანტაზიების სამყარო, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ფონდშია დაცული, გამორჩეულია სურეალისტური, ზღაპრული ნაგებობებით. შთამბეჭდავია პარკის შესასვლელში მდებარე დრაკონის შადრევანი, ასევე, ტერასები და კოლონადები, თაღები და დახურული გალერეები. გუელის საოცარი პარკი 18 ჰექტარზეა გაშენებული. აქვეა გაუდის სახლ-მუზეუმიც.

#1 ნიუ-იორკის ცენტრალური პარკი, მანჰეტენი

ყველაზე ცნობილი პარკი მსოფლიოში, რომელიც ყოველდღიურად მილიონობით სტუმარს იღებს. ნიუ-იორკის ცენტრალური პარკი 1858 წელს, საზოგადოებრივი ლანდშაფტური დიზაინის კონკურსის გამარჯვებული გრინსვარდის პროექტის მიხედვით შეიქმნა. პარკის უკანა ეზო უსასრულო გასართობებს გვთავაზობს. შეგიძლიათ, გაისეირნოთ კონსერვატორიის ბაღში, რომელიც ევროპულ სტილშია გაშენებული, დატკბეთ რომანტიკული განწყობით ბოუს ხიდზე ან შექსპირის ბაღში დაისვენოთ. ასევე, შეგიძლიათ დაათვალიეროთ ბელვედერის სასახლის წყლის გამოფენა, ისიამოვნოთ ატრაქციონით და მოისმინოთ ზღაპრები ჰანს ქრისტიან ანდერსენის ძეგლთან. აქვეა ცენტრალური პარკის ცნობილი ზოოპარკი, სადაც მრავალი სახეობის ცხოველთან ერთად, პინგვინები, თეთრი დათვები, თოვლის ლეოპარდები და წითელი პანდები ბინადრობენ.

როგორ გამოვიყენოთ შავი ფერი აბაზანაში

5 რჩევა გათბობის სისტემის სწორად შერჩევისთვის