პარიზული ინტერიერები ყოველთვის განსაკუთრებული შარმით გამოირჩევა. სწორედ ასეთია ეს ბინაც, რომელიც განსხვავებული სტილების შერწყმის იდეალურ მაგალითს წარმოადგენს.
ეს არის საცხოვრებელი სივრცე, რომელიც მე-18 საუკუნის შენობაში მდებარეობს. ბინაში გვხვდება ულამაზესი ხის იატაკი და ელეგანტური ფანჯრის რაფები, რაც ინტერიერს საუცხოო იერს სძენს. თუმცა, ამ სივრცის უმთავრესი ხიბლი იმაში მდგომარეობს, რომ აქ ძალიან ოსტატურადაა კომბინირებული ორი ანტაგონისტური ესთეტიკა – თანამედროვე დიზაინ ობიექტები ე.წ. მას პროდუქციის ელემენტებით და უნიკალური ანტიკვარული ნივთები.
ბინაში შენარჩუნებულია შენობის ისტორიული სული, თუმცა ინტერიერი გახალისებულია თანამედროვე ავეჯით, დეკორით და ფერთა საინტერესო კომბინაციით.
სამზარეულოში გვხვდება კერამიკოს Marion Graux-ის მიერ ხელით შექმნილი იატაკის ფილები, რომლებიც განსაკუთრებულ ხასიათს სძენს სივრცეს.
საძინებელი გაფორმებულია ფრანგული სტილისთვის დამახასიათებელი ხის პანელებითა და ავეჯით.
ყურადღებას იქცევს სველი წერტილების გამორჩეული დიზაინი. საინტერესოა 1900-იანი წლების აბაზანა, რომელიც ერთ დროს პირუტყვის წყლის გობად გამოიყენებოდა. აქვეა თუთიის მასალით მოპირკეთებული ულამაზესი ვინტაჟური კედლის დეკორი. რაც შეეხება მეორე სანიტარულ კვანძს, აქ გამოყენებული თეთრი ფილები არტისტ Sophie Loncq-ის მიერ არის მოხატული.